
არც ისე დიდი ხნის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიების შედეგად, მესტიაში, ექვსი სხვადასხვა ადგილიდან, 212 მაინერი ამოიღეს. ამის მიუხედავად, „ჰოტელ მაუნთინ მესტიას“ მფლობელი აცხადებს, რომ მაინერებთან ბრძოლას შედეგი არ მოჰყოლია, რადგან ზემო სვანეთს დენი კვლავ შეფერხებებით მიეწოდება. „რეზონანსმა“ ეს ინფორმაცია მესტიის მუნიციპალიტეტსა და სხვა სასტუმროების მფლობელებთანაც გადაამოწმა და ურთიერთასწინააღმდეგო სურათიც დაიხატა.
„ჰოტელ მაუნთინ მესტიას“ მფლობელის, ნათია ნაცარაშვილის განცხადებით, მესტიაში, უბნების მიხედვით, დენი დღის განმავლობაში, საშუალოდ, სამი საათით ითიშება. შესაბამისად, მაინერებთან ბრძოლას არანაირი შედეგი არ გამოუღია, რადგან ახლა ზაფხულია და დენის მიწოდების მხრივ, მაინც პრობლემაა.
„ვფიქრობ, ხელოვნურად იქმნება ეს ვითარება, რომ მერე გამრიცხველიანება წავიდეს სვანეთში. ასევე გვაქვს გზის პრობლემაც. ახლა კი კეთდება, მაგრამ არ ვიცი, რამდენად მოაწესრიგებენ და მოასწრებენ“, - განაცხადა ნაცარაშვილმა.
„რეზონანსი“ დაინტერესდა, რეალურად რა მდგომარეობაა მესტიაში, რადგან ორიოდე თვის წინ, სამართალდამცავების კოორდინირებული სპეცოპერაციის შედეგად, მუნიციპალიტეტიდან ჯამში 200-ზე მეტი ამოღეს. შესაბამისად, ვითარება სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც უნდა შეცვლილიყო.
სასტუმრო „გისტოლას“ დამფუძნებელი, ირაკლი გურჩიანი მის კოლეგას, ნათია ნაცარაშვილს ეთანხმება და „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მესტიაში დენი ხშირად ქრება.
„ელექტროენერგია ხშირად მიდი-მოდის. გრაფიკით არ არის, რადგან როდის ჩაქრება და როდის მოვა, არ ვიცით. ეს პრობლემა იმის ბრალია, რომ 60-იან წლებში გაყვანილი ელექტროხაზები და ძველი ტრანსფორმატორები გვაქვს, რომლებიც შესაცვლელია. დღეში რამდენჯერმე ითიშება დენი, ხან 15-20 წუთით, ხან - ნახევარი საათით“, - განუცხადა „რეზონანსს“ ირაკლი გურჩიანმა.
ამ ინფორმაციას კატეგორიულად არ ეთანხმება მესტიაში არსებული სასტუმრო „ბანგურიანი მესტიაში“ დირექტორი ნოდარ ჯაფარიძე, რომელმაც „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მესტიაში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა ნამდვილად არ არის.
„ადრე რამდენჯერმე გაითიშა დენი, მაგრამ მაშინ მთელ საქართველოს შეუწყდა და ცხადია, მესტიაშიც გაითიშა. ახლა მდგომარეობა გამოსწორებულია და დენის მიწოდების მხრივ, არავითარი პრობლემა არ გვაქვს. ამ ბოლო დროს, ელექტროენერგია შეფერხებების გარეშე მოგვეწოდება“, - აღნიშნა ნოდარ ჯაფარიძემ.
ბიზნესმენებისგან მოპოვებული ინფორმაცია „რეზონანსმა“ მესტიის მუნიციპალიტეტშიც გადაამოწმა. მესტიის მერმა კახა ჟორჟოლიანმა კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, თითქოს მუნიციპალიტეტში დენი, დღის განმავლობაში 3 საათით ითიშება. ჟორჟოლიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მესტიას დენი ჩვეულებრივად, შეფერხებების გარეშე მიეწოდება.
„რამდენიმე ხნის წინ, ერთ-ერთ სოფელში სამჯერ გადაიწვა ტრანსფორმატორი და დენი ამის გამო გაითიშა, მაგრამ ახლა ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია. კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ გამოცვალა ტრანსფორმატორი და მდგომარეობაც გამოსწორდა. ამჟამად მესტიაში, ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ, არავითარი პრობლემა არ არის, ზამთარში რა მდგომარეობა იქნება, წინასწარ არ ვიცი.
რაც შეეხება მაინერებს, ძალოვანმა უწყებებმა ძალიან ბევრი მათგანი ამოიღეს და პრობლემაც აღარ არის. ამიტომ, არავითარი გრაფიკი არ გვაქვს, ელექტროენერგია ჩვეულებრივად მოგვეწოდება“, - განუცხადა „რეზონანსს“ კახა ჟორჟოლიანმა.