
ომის დასრულების ვადებსა და მშვიდობის დამყარების პირობებზე დონალდ ტრამპმა ენდრიუსის ავიაბაზაზე ისაუბრა. შტატების პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მას შემდეგ, რაც მისი წარმომადგენლები კიევსა და მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ვაშინგტონში დაბრუნდნენ, თეთრმა სახლმა კრემლს დაურეკა.
ამ დრომდე უცნობია, განახლდება თუ არა მხარეებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების ფორმატი. საერთაშორისო მედია წერს, რომ პროცესში ჩართულმა მხარეებმა ვაშინგტონის ინიციატივის საპასუხოდ კონკრეტული მოთხოვნები წამოაყენეს. წითელი ხაზები კი კვლავ უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიული საკითხებია.
ვაშინგტონის სამშვიდობო ძალისხმევას პასუხობს ოფიციალური მოსკოვი. კრემლში არ გამორიცხავენ, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა უახლოეს პერიოდში განახლდეს. მოსკოვი ითხოვს, შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა შეწყვიტოს.
პარტნიორებს მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიპლომატიურ მხარდაჭერასთან ერთად მოკავშირეებს კიდევ ერთხელ სამხედრო დახმარება სთხოვა.
სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინაში საომარი მოქმედებები არ წყდება. ღამით რუსეთის სამიზნე სუმის ოლქი გახდა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სავაჭრო ცენტრი, ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა ორი ადამიანი, დაშავდა 20 ზე მეტი, მათ შორის სამი ბავშვი. საპასუხო იერიშები განახორციელა უკრაინამაც. აფეთქებებია კრასნოდარის მხარეში, ბელგოროდის ოლქში და მოსკოვის რეგიონში.