
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგა კირკიტაძე, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო ქალაქ ლიენიუნკანგში გამართულ გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ყოველწლიურ ფორუმში (GPSCFL).
საერთაშორისო ღონისძიების პარალელურად, გაგა კირკიტაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ნურბეკ აბდიევთან. მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ეფექტიანი საპოლიციო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა მიმდინარე წლის აგვისტოში ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის, ულან ნიაზბეკოვის საქართველოში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობა. მან განაცხადა, რომ მსგავსი მაღალი დონის დიალოგი არსებითად უწყობს ხელს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და ინსტიტუციურ დაახლოებას. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზაობა ოპერატიული გამოცდილებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების გაგრძელების თაობაზე.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გაგა კირკიტაძე ასევე შეხვდა ბელარუსის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ანატოლი ვასილიევს. მხარეებმა იმსჯელეს სამართალდაცვით სფეროში არსებულ ორმხრივ თანამშრომლობასა და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმებზე.