თამთა ჩაჩანიძე
11.09.2026

ოპოზიციაში ყოფილ თანამებრძოლებს შორის დაპირისპირება მწვავე ფაზაში გადადის - ენმ-სა და „ახალს" შორის პოლიტიკური უთანხმოება უკვე ღია ვერბალურ ომად გადაიქცა. ნიკა გვარამიასა და ანა წითლიძის ბოლო განცხადებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ორ პოლიტიკურ ძალას შორის დიდი ბზარია გაჩენილი. დაპირისპირება ერთმანეთის პოლიტიკური რეპუტაციის შელახვამდეც მივიდა.

კონფლიქტის მორიგი გამწვავების მიზეზი ანა წითლიძის მიერ ნიკა გვარამიას შესახებ გაკეთებული განცხადება გახდა. „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობითი საბჭოს წევრმა გვარამიას ამბიციური პოლიტიკური გათვლები მიაწერა და განაცხადა, რომ მას მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციურ ველში უკან გადაწევა და მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერობა ჰქონდა განზრახული.

გვარამიას პასუხი კი გაცილებით მწვავე აღმოჩნდა. მან წითლიძეს ნამუსგარეცხილი ურეპუტაციო ქაჯი უწოდა და განცხადება უკვე არა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკოსის პირად პოზიციად, არამედ „ნაციონალური მოძრაობის" პასუხისმგებლობად შეაფასა და პირდაპირ მიმართა პარტიაში დარჩენილ მის მხარდამჭერებსაც.

გვარამიას განცხადებას ენმ-ს მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი გამოეხმაურა, თქვა, რომ ანა წითლიძეს აქვს კონკრეტული და საქმიანი კითხვები, რომლებზეც პასუხის ნაცვლად გვარამიას მხრიდან ცილისწამება და ჭორები ისმის. მისი შეფასებით, ყველაზე მარტივი გზა ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად დებატებში დაჯდომაა.

ოპოზიციაში დაპირისპირებას მმართველ პარტიაში ეხმიანებიან. მათი შეფასებით, ოპოზიცია სრულ ფრუსტრაციაშია.

„ფრუსტრაციის შედეგია ის, როცა ისინი უკვე თავის ჭეშმარიტ ზნეს ავლენენ. რასაც ახალა უყურებთ, ქართველო ხალხო, შეხედეთ, აი, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც თავს „პროევროპულს" ეძახის. მათი წარმოდგენით ეს არის ევროპა, რასაც ახლა აკვირდებით. ეს სიბინძურე არის ის ევროპა, რომელსაც ეს ხალხი გვთავაზობს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

გვარამია-წითლიძის დაპირისპირება

„ახალის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ ფეისბუქზე გამოაქვეყნა ანა წითლიძის ინტერვიუს ე.წ. სქრინი და დასძინა, რომ ეს უკვე „ნაცმოძრაობის პოზიციაცაა.

„ჩემს „ნაციონალ" მეგობრებთან ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ახლა ეს ენმ-ს პოზიციაა უკვე და თქვენიც, მათ შორის. და კარგი, ეს ნამუსგარეცხილი ურეპუტაციო ქაჯია, მარა თქვენ სად ხართ ამ დროს და რას შვრებით?"

  • ნიკა გვარამია: „ჩემს „ნაციონალ" მეგობრებთან ძალიან დიდი ბოდიში... ეს ნამუსგარეცხილი ურეპუტაციო ქაჯია, მარა თქვენ სად ხართ ამ დროს და რას შვრებით?"

რაც შეეხება წითლიძის ინტერვიუს, მან „პალიტრანიუსთან" განაცხადა, რომ სანამ გვარამია ციხეში შევიდა, საააშვილის მზეს ფიცულობდა და რომ გამოვიდა, სააკაშვილის მაგინებელი და მტერი გახდა.

„ამიტომ კითხვები არსებობს. მელია ამ საკითხში შეიძლება ბევრად უფრო პირდაპირ გამოიყურებოდეს, ვიდრე გვარამია იმიტომ, რომ გვარამიამ იცის, ვერ აგინებს ღიად და გახსნილად და ამდენი ჭკუა ეყო, მაგრამ საქმით რაც გააკეთა, ეს არის ღალატის ყველაზე მძიმე ფორმა. მიშა რომ არ ყოფილიყო, ვინ იყო საერთოდ გვარამია? მიშამ შექმნა თავიდან ბოლომდე. მე შემიძლია ბევრი დეტალის მოყოლა და პოლიტიკურად ისე დავმარხო გვარამია, რომ ვეღარასდროს თავი ვერ წამოყოს.

„ახლა გილაურზე, ჯერ ერთი, ამ კაცს პრემიერად გვტენიდა მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. ყველას ეუბნებოდა, რომ ეს კაცი ბიძინასთან შეთანხმებულია და ბიძინა მას უპრობლემოდ გადააბარებს ხელისუფლებას, ოქროს გასაღებიაო. ყველას ხვდებოდა არაფორმალურად და ეუბნებოდა, რომ გილაური იქნებოდა ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე მისაღები პრემიერობის კანდიდატი, შესაბამისად, ყველა უნდა დათანხმებოდა მის პრემიერობის კანდიდატობას. ეს არის გვარამიას სიტყვები.

„გვარამია გვამადლის, რომ აქ თურმე ვიღაცები მისი წონის არ ვყოფილვართ. უკაცრავად, მიხეილ სააკაშვილი რომ გამეძარცვა, გვარამიაზე უფრო მეტი წონა მექნებოდა. [გაძარცვაში ვგულისხმობ] ყველაფერს აბსოლუტურად, მის მორალურ რესურსსაც, „ნაციონალური მოძრაობის" ფინანსურ რესურსსაც და ყველაფერს. 20 ათასი დოლარი „მთავარში" მაგას ჰქონდა ხელფასი, თორემ ჩვენ ხშირ შემთხვევაში საწვავის ფული არ გვქონდა, ისე ვატარებდით საარჩევნო კამპანიას. „რუსთავი 2"-ში კიდევ 85 ათასი ლარი ჰქონდა ხელფასი. ასე რომ გამეძარცვა ის ადამიანი, ვინც ყველაზე მეტი გამიკეთა ცხოვრებაში, შეიძლება გვარამიაზე მეტი წონა მქონოდა", - განაცხადა ანა წითლიძემ.

რა უპასუხეს გვარამიას მიმართვას ენმ-ში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, საქმიან შეკითხვებისთვის პასუხის გაცემის მაგივრად შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმის.

„როდესაც „ოცნება" ცდილობს აჩვენოს, თუ როგორი დაპირისპირებაა ოპოზიციის შიგნით, გაიხსენონ, თავად როგორ წერენ ერთმანეთის წინააღმდეგ ჩვენებებს, როგორ იჭერენ ერთმანეთს და იმეტებენ მოსაკლავად.

  • ანა წითლიძე: „[გვარამია გილაურს] პრემიერად გვტენიდა მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. ყველას ეუბნებოდა, რომ ეს კაცი ბიძინასთან შეთანხმებულია და ბიძინა მას უპრობლემოდ გადააბარებს ხელისუფლებას, ოქროს გასაღებიაო"

„ანა წითლიძეს აქვს კონკრეტული შეკითხვები. როდესაც ის დებატებს ითხოვს, თუ ვინმეს აქვს საპირისპირო აზრი, დაუჯდეს დებატებში. არ უნდა მიაყენონ შეურაცხყოფა არც მას და არც „ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრებს და არც მუდმივად შეურაცხმყოფელი განცხადებებით არ უნდა იყვნენ წარმოდგენილნი იმის გარდა, რომ შეკითხვებს პასუხები გასცენ.

„ადამიანებს ერთმანეთთან აქვთ საქმიანი კითხვები, მათ აქვთ პოლიტიკური განცხადების გაკეთების უფლება. იმის მაგივრად, რომ პრაქტიკულ პასუხებს ვისმენდეთ და დებატებში გვისხდებოდნენ, შეურაცხმყოფელ განცხადებებს არ უნდა ვისმენდეთ. სწორედ ეს აჩვენებს, ვისკენ არის სიმართლე, იმის მაგივრად, რომ ადამიანს გასცე საქმიანი პასუხი და დებატებში დაუჯდე, მას და „ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრებს შეურაცხყოფას აყენებენ. საზოგადოებისთვისაც კარგად და გასაგებად ჩნდება, ვის მხარესაა სიმართლე.

„ჩვენ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას ვაგრძელებთ. შესაძლოა საქმიანი შენიშვნები არსებობდეს, მაგრამ ამაზე ივანიშვილის პროპაგანდა როცა საუბრობს, სადაც ადამიანები ერთმანეთს მოსაკლავად იმეტებენ და მკვლელობებს აბრალებენ უბრალოდ ტრაგიკომიკურია.

„მაშინ, როდესაც „ოცნების" მაღალჩინოსნებს ერთმანეთის წინააღმდეგ „პასტები" შემოელიათ, ეს ხალხი სხვებზე რომ საუბრობს, მართლა ტრაგიკომიკურია. ჩვენ გვაქვს საქმიანი, პრაქტიკული კითხვები, რაზეც პასუხების მაგივრად ცილისწამებასა და ჭორებს ვისმენთ. ამის მარტივი გამოსავალია, დაუჯდე ანა წითლიძეს დებატებში, მაგრამ როცა არ უჯდები, სრულიად გასაგებია, რატომაც არ უჯდები", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×