თამთა ჩაჩანიძე
11.09.2026

ოპოზიციაში დაპირისპირებამ იმდენად მწვავე ხასიათი მიიღო, რომ ამომრჩეველთა ნაწილისთვის ეს უკვე ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ თემად იქცა. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" ინტერვიუში ამ პროცესს ასე აფასებს: „ქართველ ამომრჩეველს ისღა დარჩენია, რომ პოპკორნი მოიმარაგოს, დაჯდეს და უყუროს მაგათ წეწვა-გლეჯას". მისი შეფასებით, დაპირისპირების მიზეზი განსხვავებული პოლიტიკური ხედვები კი არა მატერიალური ინტერესებია.

გვენეტაძე ასევე საუბრობს საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების" სარჩელზე და ამბობს, რომ სასამართლოს მიერ მისი დაკმაყოფილება მოსალოდნელია. მისი შეფასებით, ამ პროცესს საფუძვლად დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არსებული მტკიცებულებები და ამომრჩევლის დაკვეთა უდევს. პარალელურად, ანალიტიკოსი ირაკლი კობახიძის საფრანგეთში ვიზიტს ოპოზიციისთვის „კოვზის ნაცარში ჩავარდნად" აფასებს და მიიჩნევს, რომ დასავლეთში საქართველოს ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება იცვლება. გვენეტაძე მწვავედ აკრიტიკებს ევროკავშირის პოლიტიკასაც და აცხადებს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიული ელიტა სერიოზული პოლიტიკური კრიზისის წინაშეა.

„რეზონანსი": „ახალის" ლიდერის ნიკა გვარამიასა და ენმ-ს წევრის ანი წითლიძეს შორის საკმაოდ მწვავე დაპირისპირებაა. როგორ შეაფსებთ ოპოზიციაში ამ და დროგამოშვებით გამწვავებულ კონფლიქტებს?

ედიშერ გვენეტაძე: ეს ოპოზიცია არაა, ათასჯერ მიქვამს, რომ ესაა მეხუთე კოლონა. ეტყობა, მეხუთე კოლონა ვეღარ იღებს იმ დაფინანსებას, რომელსაც ამ წლების განმავლობაში იღებდა, ამიტომაც ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მხოლოდ და მხოლოდ მატერიალური ინტერესების გამო. ქართველ ამომრჩეველს ისღა დარჩენია, რომ პოპკორნი მოიმარაგოს, დაჯდეს და უყუროს მაგათ ერთმანეთის წეწვა-გლეჯას. ეს ობიექტური პროცესია, ეს ასე უნდა მომხდარიყო, ვინაიდან როდესაც იდეა არ არის და არის მხოლოდ მატერიალური ინტერესი, ყოველთვის ასეთი რამ ხდება.

„რ": პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს „ოცნების" სარჩელის ვადა იანვარში ეწურება და დარწმუნებულია, რომ სასამართლო მათ სარჩელს დააკმაყოფილებს. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?

ე.გ: არის მტკიცებულებები, რომლებიც დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაშია და ამის საფუძველზე იქნება პროცესები. მე იურისტი არა ვარ, მაგრამ სავსებით მოსალოდნელია და უპირველეს ყოვლისა, ქართველი ამომრჩევლის, 1 200 000 კაცის დაკვეთა იყო და არის, რომელსაც დაპირდა მმართველი ძალა, რომ აკრძალავდა იმ უსაშინლეს ძალას, რომელსაც ჰქვია „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა". ის პარტიები, რომლებიც სიაშია, ამ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის" წევრია. ფაქტობრივად ერთნი არიან.

  • გვენეტაძე: „ახლა რომ ოპოზიცია იყოს ხელისუფლებაში და პრემიერი იყოს სააკაშვილი, თვითმფრინავშივე გამოსახავდნენ მას კოსმონავტის სკაფანდრში და დაიწყებდნენ, რომ უკვე მიფრინავს ჩვენი მიშა კოსმოსშიო "

კომუნისტების დროს რომ იყო გამოთქმა: „ვამბობთ პარტიას, ვგულისხმობთ ლენინს, ვამბობთ ლენინს და ვგულისხმობთ პარტიას". აი, ანალოგიური სიტუაციაა მათთან მიმართებაშიც: ამბობენ მიშას, გულისხმობენ „ნაციონალურ მოძრაობას" და ამბობენ „ნაციონალურ მოძრაობას", გულისხმობენ მიშას, გვარამიას და ყველა დანარჩენს. „რ": პრემიერი ირაკლი კობახიძე იყო საფრანგეთში, კოსმოსის საკითხებზე სამიტს დაესწრო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოწვევით. ოპოზიცია ამბობს,  ეს არის საერთაშორისო პროტოკოლით გათვალისწინებული ჩვეულებრივი სამუშაო მოწვევა და არა განსაკუთრებული პოლიტიკური მხარდაჭერის ნიშანი. თქვენ რას ფიქრობთ ამ ვიზიტზე?

ე.გ: აი, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ახლა, ოპოზიცია რას ლაპარაკობს - ახლა რომ ოპოზიცია იყოს ხელისუფლებაში და პრემიერ-მინისტრი იყოს მიხეილ სააკაშვილი, თვითმფრინავშივე გამოსახავდნენ მას კოსმონავტის სკაფანდრში და დაიწყებდნენ, რომ უკვე მიფრინავს ჩვენი მიშა კოსმოსშიო. აი, ამაზე ის შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და ნაცარი აქვთ თვალებში შეყრილი, აბსოლუტურად დაბრმავებულები არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლეთმაც და ევროკავშირმაც ჩაიქნია ხელი მეხუთე კოლონაზე. ​

„რ": ევროკომისარი მარტა კოსი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოძრაობა მაგა-სთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტონ.

ე.გ: ეს იმის გამოძახილია და ნაღდია, რომ ევრობიუროკრატია მიდის დასასრულისაკენ. ევრობიუროკრატიას ვერ წარმოუდგენია რა ძალაა ამერიკის შეერთებული შტატები. ეს იმას ნიშნავს, რომ მარტა კოსები, კუბილიუსები, ფონ დერ ლაიენები და სხვები სულ ახლო მომავალში, და ყველა ჩვენთაგანი ამას მოვესწრებით, სასამართლოს წინაშე წარსდგებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის ევროპის ხალხების წინააღმდეგ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×