
ბოლო დღეებში კვლავ გააქტიურდა საუბარი მმართველი პარტიის საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც 4 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითვალისწინებს. ოპოზიცია აცხადებს, რომ მოსამართლეები ზეწოლის ქვეშ არიან და მათ შორის ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. გარდა ამისა, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ოპოზიციაშიც გამოუჩნდნენ მომხრეები.
პირველი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართულმა ოცნებამ" 2025 წლის 31 ოქტომბერს შეიტანა და 3 პარტიის აკრძალვა მოითხოვა - ენმ, „ახალი" და „ლელო".
2026 წლის 20 აპრილს მმართველმა პარტიამ ძველი სარჩელი უკან გამოითხოვა და მეორე დღეს სასამართლოში ახალი შეიტანა, სადაც იმავე სამ პარტიას „ფედერალისტები" დაემატა.
ანალიტიკოსები განიხილავენ რამდენიმე შესაძლო სცენარს, მათ შორის, პარტიების შესაძლო აკრძალვას, სასამართლოს უარს სარჩელის დაკმაყოფილებაზე და საქმის განხილვის პროცესის ხელახლა გახანგრძლივებას.
ოპოზიციურ სპექტრში უკვე გაჩნდა განსხვავებული პოზიციაც. „თავისუფალი ხალხის პარტიის" ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ საარჩევნო ბიულეტენში მხოლოდ სამი რეალური პოლიტიკური ძალა უნდა დარჩეს და დანარჩენი პარტიები, მათ შორის ნიკა გვარამიას პარტია „ახალი", სააღცევნო ბიულეტენიდან უნდა ამოიღონ.
რას ამბობენ ხელისუფლებასა და ოპოზიციაში
11 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სარცელის განხილვის დრო იანვრის ბოლომდე აქვს. პაპუაშვილს მიაჩნია, რომ სარჩელში "ოცნებას" მყარი არგუმენტები აქვს იმისთვის, რომ პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომ.
„გასაგებია, რომ სასამართლოს თავისი დრო სჭირდება იმისთვის, რომ სარჩელს გაეცნოს, მაომზადოს ამ ყველაფრისთვის, მთავარია, რომ ამ ვადებში იყოს და ეს ვადები არ არის გრძელი, დათქმულია, 9 თვეა კანონმდებლობით განსაზღვრული. ასე რომ, არ არის ისეთი ვადა, რომელიც ძალიან შორეულ მომავალში იქნება.
„რაც შეეხება შინაარსს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან დასაბუთებულია ჩვენი სარჩელი. ის პარტიები, რომლებიც ჩვენ აღწერილი გვყავს, არიან ანტიკონსტიტუციურები და ამისთვის გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტი", - განაცხდა პაპუშვილმა.
- ირაკლი კუპრაძე: „დარწმუნებით ვიცი, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში იყო არაერთი ძალიან დაძაბული შეხვედრა და საუბარი მოსამართლეებს შორის."
12 სექტემბერს „ლელო - ძლიერი საქართველოს" მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ ამ საკონსტიტუციო სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა შორის შორის აზრთა სხვადასხვაობაა.
„დარწმუნებით ვიცი, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში იყო არაერთი ძალიან დაძაბული შეხვედრა და საუბარი მოსამართლეებს შორის. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ეშინიათ მსჯელობის დაწყების, იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად იციან, მათზე არის აშკარად წნეხი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, რომ იარსებებს. ამ მოსამართლეების სრული უმრავლესობა „ქართული ოცნების" დანიშნულია, რომლებზეც, სავარაუდოდ, კონტროლი აქვთ დამყარებული. სავარაუდოდ ზეწოლასაც ახდენენ და იარსებებს უამრავი შესაძლო მუქარის, ძალადობის თუ მოსყიდვის მცდელობები, ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ", - განაცხადა კუპრაძემ.
- იაგო ხვიჩია: „მე მინდა, რომ ეს ტროლ პარტიები, ნამუსგარეცხილი ხალხის ერთობლიობა, რომელმაც უკვე ბევრჯერ უღალატეს ვიღაცეებს, ბიულეტენში არ იყვნენ. არსებობს სამი პარტია - „ქართული ოცნება" - ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილი და „თავისუფალი ხალხის პარტია".
როგორც „თავისუფალი ხალხის პარტიის" ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, მისი სურვილია, რომ საარჩევნო ბიულეტენში იყოს სამი პარტია და დანარჩენი „ტროლ პარტიები" ამოიღონ, მას აქცენტი ნიკა გვარამიასა და მის პარტიაზე აქვს.
„მე მინდა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი საარჩევნო ბიულეტენში ჩამოყალიბდეს ისეთად, როგორიც ის რეალურად არის და ეს ტროლ პარტიები, ნამუსგარეცხილი ხალხის ერთობლიობა, რომელმაც უკვე ბევრჯერ უღალატეს ვიღაცეებს, ეგ ხალხი ბიულეტენში არ იყვნენ. არსებობს სამი პარტია - „ქართული ოცნება" - ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილი და „თავისუფალი ხალხის პარტია", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ „პოსტ ტივისთან".
აკრძალავენ თუ არა პარტიებს
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ეეჭვება, რომ საბოლოოდ „ქართული ოცნება" პარტიების აკრძალვაზე წავიდეს.
„არ მგონია, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლო კი არა, „ქართული ოცნება" პარტიების გაუქმებაზე წავიდეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ იანვრის პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება სხვა გადაწყვეტილება მიიღოს. ამ ეტაპზე არ მგონია, რომ „ოცნებამ" რომელიმე პოლიტიკური ძალის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღოს", - განაცხადა ძაბირაძემ.
- ზაალ ანჯაფარიძე: „არც იმას გამოვრიცხავ, რომ თუ პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება მაინც მიიღეს, კოლეგიის ის შემადგენლობა, ვინც ამ გადაწყვეტილებას გამოიტანს, საერთაშორისო სანქციების სამიზნე გახდნენ. შესაძლოა მოსამართლეები ამასაც ითვალისწინებენ".
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სასამართლო, დიდი ალბათობით, აკვირდება შიდა და გარე პოლიტიკურ ვითარებას და ისიც გათვალიწინებული ექნებათ, რომ თუ პარტიების აკრძალვისკენ წავიდნენ, შესაძლოა კონკრეტული მოსამართლეები საერთაშორისო სანქციების სამიზნე გახდნენ.
„თავად სასამართლო მოქცეულია გარკვეული პოლიტიკური კონიუქტურის ქვეშ. ის უყურებს, თუ რა სიტუაცია ვითარდება ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, რა დამოკიდებულება ექნებათ, ან ექნებოდათ ასეთი გადაწყვეტილების მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობას. არც იმას გამოვრიცხავ, რომ თუ პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება მაინც მიიღეს, კოლეგიის ის შემადგენლობა, ვინც ამ გადაწყვეტილებას გამოიტანს, საერთაშორისო სანქციების სამიზნე გახდნენ. შესაძლოა მოსამართლეები ამასაც ითვალისწინებენ, სანქციები არავის არ უნდა.
„თუმცაღა, გააჩნია თითოეულ მოსამართლეს რა პრინციპები აქვს და რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს. შანსები 50/50-ზეა. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ თავს ვიზღვევ როგორც ანალიტიკოსი. საერთაშორისო ფაქტორი მაინც მოქმედებს. გარდა ამისა, საზოგადოებაშიც არის გარკვეული განწყობები, განსაკუთრებით ოპიზიციურ ელექტორატში, რომ ერთბაშად ამდენი პარტიის აკრძალვამ შეიძლება ვნებათაღელვა გამოიწვიოს და ეს მოსამართლეები გარკვეული ბულინგის თუ ზემოქმედების მსხვერპლი გახდნენ, როგრც ეს ადრე ყოფილა", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
რამდენად მოსალოდნელია უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე
ვახტანგ ძაბირაძის აზრით, სასამართლო ხელაღებით ვერ იტყვის უარს მმართველი პარტიის სარჩელის დაკმაყოფილებაზე და შეეცდება „არც მწვადი დაწვას და არც შამფური".
„ვფიქრობ, რომ უფრო შუალედურ ვარიანტს მოძებნის. ის, რომ გააუქმოს, ან არ გააუქმოს და ამაში „ქართული ოცნება" დაადანაშაულოს, ეგ ვარიანტი არაა ლოგიკური. ამას არ იზამს, რაიმე შუალედურ ვარიანს მოსძებნის, შეეცდება, რომ არც მწვადი დაწვას და არც შამფური, არც გააუქმოს და არგაუქმებაშიც „ქართული ოცნებაც" არ დაადანაშაულოს", - განაცხადა ძაბირაძემ.
- ვახტანგ ძაბირაძე: „ქართულმა ოცნება" შეიძლება არ გამოითხოვოს სარჩელი, მაგრამ შეიძლება საკონსტუტუციო სასამართლომ მოითხოვოს დამატებითი არგუმენტები, ან რაღაც ასეთი".
ზაალ ანჯაფარიძე იმ ვარიანტსაც უშვებს, რომ მოსამართლეებში მართლაც იყოს აზრთა სხვადასხვაობა.
„ეს სცენარიც მოსალოდნელია, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოს, მაგრამ არ ვამბობ, რომ ეს მაინცდამაინც რეალური სცენარია... საიდან შეიძლება იცოდეს ირაკლი კუპრაძემ მოსამართლეებს შორის რა ვერსიებია?! მემგონი კუპრაძემ ეს განცხადება გააკეთა სცენარის დაშვების საფუძველზე.
„მეც ვუშვებ ასეთ სცენარს, რომ აზრთა სხვადასხვაობა მართლაც იყოს. ასეთ სენსიტიურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა, რა თქმა უნდა, იქნება, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ვისი მოსაზრებები გადასწონის - უმრავლესობაში რამდენი მოსამართლეა და რამდენი უმცირესობაში - ამის ზუსტი პროგნოზირება რთულია", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
მესამე სცენარი
ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ შესაძლოა სასამართლომ დამატებითი არგუმენტები მოითხოვოს:
„ქართულმა ოცნება" შეიძლება არ გამოითხოვოს სარჩელი, მაგრამ შეიძლება საკონსტუტუციო სასამართლომ მოითხოვოს დამატებითი არგუმენტები, ან რაღაც ასეთი".
კითხვაზე, რამდენად შეიძლება „ოცნებამ" სასამართლოდან მეორე სარჩელი უკან გამოითხოვოს, კორექტირება შეიტანოს, თუნდაც პარტიათა სია გაზარდოს და ისევ შეაბრუნის სასამართლოში, ზაალ ანჯაფარიძემ გვითხრა, რომ ეს უკვე პინგ-პონგის თამაშს დაემსგავსება.
„ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდოდ მეჩვენება. ეს „ქართულმა ოცნებამ" უკვე გააკეთა და თუ კიდევ გაიმეორა, ეს უკვე საოზგადოებაში მმართველი პარტიისთვის ძალიან უხერხულ კითხვებს გააჩენს, თუ სადამდე შეიძლება პინგ-პონგის თამაში გაგრძელდეს - გამოითხოვოს, მერე ისევ შეიტანოს... ეს არასერიოზულია. კი, ბატონო, ერთხელ გასაგებია, ეს კონკრეტულ მიზნებს უკავშირდებიდა, მაგრამ ასე სისტემატურად სარჩელის გამოთხოვა, იქ კორექტივების შეტანა და მერე ისევ საკონსტიტუციო სასმართლოში შებრუნება, ცოტა არ იყოს არასერიოზულია", - განაცხადა ანჯაფარიძემ.