ნატალია ჯვარიძე
14.09.2026

ევროკავშირთან უნიკალური ალიანსის ჩამოყალიბების შესახებ მოლაპარაკებებს დავიწყებთ, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა. მარკ კარნის განცხადებით, კანადის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი არ განიხილება.

„ჩვენ ევროკავშირის წევრობისკენ არ ვისწრაფვით. რასაც ვგეგმავთ და რის შესახებაც მოლაპარაკებებს დავიწყებთ, ეს ევროკავშირთან უნიკალური ალიანსია. ჩვენ საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ და საერთო პრიორიტეტები გვაქვს", - განაცხადა კარნიმ.

მანამდე, გამოცემა Wall Street Journal-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მარკ კარნი კანადასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაღრმავებას ცდილობს. ანალიტიკოსებისა და საერთაშორისო მედიის, მათ შორის Wall Street Journal-ის შეფასებით, კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის მიერ დასახელებული „უნიკალური ალიანსი" გულისხმობს სტრატეგიულ ასოცირებულ პარტნიორობას, რაც ევროკავშირთან ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ ინტეგრაციას ითვალისწინებს ევროკავშირში გაწევრიანების გარეშე.

ექსპერტთა შეფასებით, ეს ინიციატივა გამოწვეულია აშშ-ზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებისა და გეოპოლიტიკური რისკების დაზღვევის სურვილით.

ალიანსის ფარგლებში იგეგმება თანამშრომლობა კრიტიკულ წიაღისეულზე, ხელოვნურ ინტელექტზე, ენერგეტიკასა და თავდაცვაზე. გარდა ამისა, საუბარია სტრატეგიულ სექტორებში მოქმედი კომპანიებისა და სპეციალისტებისთვის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე შეღავათიან წვდომაზე, ატლანტიკურ, ციფრულ და ენერგო-ინფრასტრუქტურაზე, ასევე კანადელებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლისა და მუშაობის გამარტივებულ უფლებაზე.

  • „ევროკავშირს კრიტიკულად სჭირდება კანადის წიაღისეული, ენერგორესურსები და თავდაცვითი პარტნიორობა, კანადას კი ევროპის გიგანტურ ბაზარზე შეღავათიანი წვდომა"

ექსპერტების თქმით, ეს იქნება შვეიცარიის ან ნორვეგიის მოდელის მსგავსი ღრმა ეკონომიკური პარტნიორობა, სადაც კანადა შეინარჩუნებს სრულ პოლიტიკურ სუვერენიტეტს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ასეთი ალიანსის ამოქმედება სრულიად რეალურია, თუმცა, პროცესი ხანგრძლივი და იურიდიულად რთული იქნება: ერთის მხრივ, პროექტის წარმატებას ხელს უწყობს ძლიერი პოლიტიკური ნება როგორც ოტავაში, ისე ბრიუსელში.

აშშ-ის სატარიფო პოლიტიკისა და გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ორივე მხარე დაინტერესებულია ეკონომიკური დაზღვევით - ევროკავშირს კრიტიკულად სჭირდება კანადის წიაღისეული, ენერგორესურსები და თავდაცვითი პარტნიორობა, კანადას კი ევროპის გიგანტურ ბაზარზე შეღავათიანი წვდომა.

გარდა ამისა, მხარეებს შორის ღირებულებრივი და დემოკრატიული სტანდარტების სრული თანხვედრაა. ანალიტიკოსების აზრით, მეორეს მხრივ, მთავარი დაბრკოლება ევროკავშირის რთული ბიუროკრატიაა. მსგავსი მასშტაბის ხელშეკრულებას ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის პარლამენტის რატიფიკაცია დასჭირდება.

ექსპერტებს მაგალითად მოჰყავთ CETA-ს მოქმედი სავაჭრო შეთანხმება, რომლის სრულფასოვანი დამტკიცებაც ზოგიერთი ქვეყნის წინააღმდეგობის გამო წლებია გაჭიანურებულია.

გარდა ამისა, ევროკავშირის სამართალში არ არსებობს მზა იურიდიული ჩარჩო არაწევრი ქვეყნის ასეთ სიღრმისეულ „ასოცირებულ ინტეგრაციაზე". ამიტომ, ანალიტიკოსების პროგნოზით, ყველაზე სავარაუდო სცენარი ნაბიჯ-ნაბიჯ ინტეგრაციაა - მხარეები პირველ ეტაპზე სწრაფად მიაღწევენ შეთანხმებას თავდაცვის, ენერგეტიკისა და კრიტიკული წიაღისეულის სექტორებში, ხოლო მუშახელის თავისუფალი გადაადგილებისა და ვიზების საკითხებზე მოლაპარაკებები უფრო ხანგრძლივ პერიოდზე გაწელება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×