თამთა ჩაჩანიძე
14.09.2026

საქართველოს მთავრობაში ცვლილებებია - პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გეკა გელაძის ნაცვლად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. გელაძე კი შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრუნდება და ამჯერად მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს.

ცვლილებების შესახებ ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობის დატოვების შესახებ საზოგადოებას "ფეისბუქით" აცნობა.

პრემიერის გადაწყვეტილებით, სუს-ის ახალი ხელმძღვანელის პოსტზე თამაზ ბორაშვილი წარდგენილია, რომელიც ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება.

"ეს არის ის ძირითადი ცვლილებები, რაც განხორციელდა და ახლო მომავალში სხვა არსებით სიახლეებს არ ველოდებით - დასანიშნია კულტურის მინისტრი, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაციას უახლოეს მომავალში გაგიზიარებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

  • პრემიერი: "პირველ რიგში, ველოდებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მე მგონი, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ყველა ერთად დავისვენებთ"

ამის პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ვიცე-პრემიერსა და სუს-ის ყოფილ უფროსს მამუკა მდინარაძეს, სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 8 სექტემბერს მიიღო, თუმცა მთავრობის განკარგულება ვებგვერდზე 14 სექტემბერს, გამოქვეყნდა. გადაწყვეტილება იმავე დღეს გახდა ცნობილი, როდესაც სამთავრობო ცვლილებების შესახებაც გამოცხადდა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველ პარტიაში კადრების დეფიციტია. "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა სუს-ის ხელმძღვანელის გელა გელაძის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გრძელდება კლანური დაპირისპირება და „შავი ღრუბლების კამარა შეიკრა მამუკა მდინარაძის და მისი კლანის თავზე".

"კრიზისი არის ისტერიული, კრიზისი არ არის უბრალოდ პოლიტიკური და კონცენტრირებული, კრიზისი არის ისტერიული, ტოტალური და ყოვლისმომცველი და ამას აჩვენებს, ეს რაღაც „დაღლილი" ხალხის სახლში გასტუმრება, ისე, რომ თითქოს გუშინ აბსოლუტურად სრულ ჯანზე თანამდებობაზე არ იყვნენ, ერთ დღეში "იღლებიან" და მერე მიდიან",- განაცხადა დათუნაშვილმა.

სამთავრობო ცვლილებები

გეკა კელაძის ნაცვლად, კობახიძემ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინა, ის ამ დრომდე ამავე სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა. კობახიძის შეფასებით, ბორაშვილი 20 წელზე მეტია სამართალდამცავ სისტემაში მსახურობს.

თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. პრემიერის თქმით, მთავრობა ბპორაშვილის კანდიდატურას პარლამენტს ორშაბათსვე წარუდგენს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში მან მუშაობა ყველაზე დაბალი პოზიციიდან დაიწყო და კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გაიარა თანმიმდევრული კარიერული წინსვლა სხვადასხვა საფეხურზე. 2017 -2022 წლებში თამაზ ბორაშვილი საქართველოს შს სამინისტროში იკავებდა გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილისა და გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობებს. 2022 წელს ის კვლავ დაბრუნდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სადაც იკავებდა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობებს.

  • კობახიძე: "ეს არის ის ძირითადი ცვლილებები, რაც განხორციელდა და ახლო მომავალში სხვა არსებით სიახლეებს არ ველოდებით"

"წელს კი დაინიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში თამაზ ბორაშვილი იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის პირველი კარიერული წარმომადგენელი, რომელიც დაიკავებს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელის თანამდებობას, რაც ვფიქრობთ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სისტემის ინსტიტუციურ გაძლიერებაში.

"დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს თამაზ ბორაშვილს. თამაზ ბორაშვილს წარმატებებს ვუსურვებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე", - განაცხადა  კობახიძემ.

თავის მხრივ თამაზ ბორაშვილმა პრემიერს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ მისი არჩევის შემთხვევაში, შეეცდება ორმაგი ენერგიით შეუდგეს ქვეყნის ინტერესების დაცვას.

სუს-ის აწ უკვე ყოფილი უფროსი გეკა გელაძე კი შს მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს.

„დღეს სუს-ის უფროსმა გეკა გელაძემ დატოვა დაკავებული თანამდებობა. პირველ რიგში, გეკა გელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. გეკა გელაძე არის გამორჩეულად კეთილსინდისიერი ადამიანი და გამორჩეული პროფესიონალი. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მათ შორის ორგანიზებული ნარკოტიკული და კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

"გეკა გელაძე დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას. თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს. კიდევ ერთხელ ვუხდი გეკა გელაძეს მადლობას გაწეული საქმიანობისთვის წარმატებებს ვუსურვებ", - განაცხადა კობახიძემ.

სუს-ში გადასვლამდე გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. გელაძემ პოსტის დატოვების შესახებ 14 სექტემბერს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ამცნო საზოგადოებას.

პრემიერი ბარამიძის განცხადებაზე

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადება იყო "აბსოლუტურად ამაზრზენი განცხადება და ამ ყველაფრის უკან დგას შესაბამისი დაკვეთა".

"ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით მე თავიდანვე გავაკეთე ჩემი პოლიტიკური შეფასება - ეს არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური შეფასება. ეს იყო აბსოლუტურად ამაზრზენი განცხადება და ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის უკან დგას შესაბამისი დაკვეთა. ამას უკავშირდებოდა ასევე სხვა კამპანიებიც, რაც მიმართული იყო აფხაზეთში საწვავის შეტანის წინააღმდეგ და ა.შ. იყო მიზანმიმართული კამპანია და ამ კამპანიის შემადგენელი ნაწილი იყო ბარამიძის არამარტო ყოვლად გაუმართლებელი, არამედ ამაზრზენი და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება.

"ეს არის პოლიტიკური შეფასება. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ასეთ საკითხებზე სამართლებრივ შეფასებას არ, ვერ აკეთებს და არ უნდა აკეთებდეს პოლიტიკური თანამდებობის პირი. შესაბამისად, ეს საკითხი დავტოვოთ იმ ორგანოების კომპეტენციის ქვეშ, რომლებიც სამართლებრივად არიან პასუხისმგებლები მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტიების აკრძალვა

"პირველ რიგში, ველოდებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მე მგონი, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ყველა ერთად დავისვენებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

„მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციაში და მძიმე პროცესები ვითარდება და ეს ყველაფერი არის სისუსტის გამოძახილი. როდესაც სუსტდება რაიმე ორგანიზმი, შემდეგ ამას აქვს თავისი გამოვლინება და ამ შემთხვევაში ერთმანეთთან დაპირისპირება, ლანძღვა არის ამის გამოხატულება", - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, მას თუ აქვს რაიმე ინფორმაცია გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შორის დაპირისპირებაა იმის გამო, რომ დიდ ნაწილს არ სურს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის წარმოებაში მიღება, პრემიერმა აღნიშნა, რომ თუ აზრთა სხვადასხვაობაა, ეს ჯანსაღი პროცესია.

„რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში არსებულ მდგომარეობას, ეს ჩვენი საქმე არ არის. რა თქმა უნდა, თუ არის აზრთა სხვადასხვაობა, ეს ჯანსაღი პროცესია, ნებისმიერ სასამართლოში შეიძლება იყოს განსხვავებული მოსაზრებები მოსამართლეებს შორის ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ეს არის თავიდან ბოლომდე სასამართლოს საქმე, მე ვერ გეტყვით იქ რა მდგომარეობაა. რაც შეეხება ჩვენს სარჩელს, თუ რაიმე ცვლილება იქნება ამასთან დაკავშირებით, აუცილებლად შეგატყობინებთ", - განაცხადა პრემიერმა.

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმე

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის საპროცესო გარიგებას შეეხებოდა, კობახიძემ განაცხადა, რომ თანამშრომლობა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საპროცესო გარიგების დადება არის საფუძველი სასჯელის შემსუბუქებისთვის, არა ბრალის გაქარწყლებისთვის, ან განეიტრალებისთვის რაიმე ფორმით.

მთავრობის მეთაურის თქმით, საპროცესო გარიგება არ ნიშნავს ბრალის შემცირებას.

"საპროცესო გარიგების ბუნება ასეთია - როდესაც იდება საპროცესო გარიგება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრალი მცირდება. ბრალი არის ბრალი. უბრალოდ თანამშრომლობა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საპროცესო გარიგების დადება არის საფუძველი სასჯელის შემსუბუქებისთვის, არა ბრალის გაქარწყლებისთვის, ან განეიტრალებისთვის რაიმე ფორმით, არამედ სასჯელის შემცირებისთვის და ეს არის ზუსტად საპროცესო გარიგების ბუნება. რაც შეეხება სამოქალაქო დავას, ამასთან დაკავშირებითაც გვექნება კოორდინაცია და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. რაც არის სწორი სამართლებრივად, იმას გავაკეთებთ", - აღნიშნა პრემიერმა.

ირანის ელჩის განცხადებაზე

აშშ-მ 27 ირანული ავიაკომპანიის დასანქცირების გადაწყვეტილება მიიღო, რომელთაგანაც ნაწილი საქართველოსა და ირანს შორისაც დაფრინავს. მოგვიანებით, აშშ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს ავიაციის სააგენტო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული მხარე როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც იმოქმედებს საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით".

ამასთან დაკავშირებით საქართველოში ირანის ელჩმა აღნიშნა, რომ პატივს სცემენ საქართველოს გადაწყვეტილებას, მაგრამ "თუმცა სხვების არჩევანის პატივისცემა არ ნიშნავს საკუთარი არჩევანის უფლების უგულებელყოფას".

„ზოგადად ასეთ თემებზე საჯარო განცხადების გაკეთება არასწორია. თუ ჩვენ რაიმე გვექნება სათქმელი ელჩთან, ელჩთან ვისაუბრებთ ამ თემასთან დაკავშირებით. ზოგადად ჩვენს პოლიტიკას რაც შეეხება, თქვენ იცით, როგორია ჩვენი მიდგომა - თუ მოქმედებს საერთაშორისო სანქციები, ჩვენ ასეთი სანქციების რეჟიმს ყოველთვის ვუერთდებით ხოლმე.

 

ჩვენ არ ვუშვებთ სანქციების გვერდის ავლას და ვუერთდებით სასანქციო რეჟიმს. ეს არის ჩვენი ზოგადი პოლიტიკა, რასაც ყველა გეგებით უნდა მოეკიდოს. დანარჩენი თუ რამე სასაუბრო გვექნება ამა თუ იმ დიპლომატთან, რა თქმა უნდა, ორმხრივ რეჟიმში მათთან ვისაუბრებთ", - განაცხადა კობახიძემ ირანის ელჩის განცხადების შეფასებისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×