ნატალია ჯვარიძე
14.09.2026

სარემონტო სამუშაოების გამო, რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეჩერდება, ინფორმაციას სომხური მედია კომპანია „გაზპრომ სომხეთზე" დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის ტერიტორიაზე მაგისტრალურ გაზსადენ „ჩრდილოეთ კავკასია - სამხრეთ კავკასიაზე" დაგეგმილი კომპლექსური პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების გამო, აღნიშნული გაზსადენით სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით, 15-დან 25 სექტემბრამდე შეჩერდება", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანია „გაზპრომ სომხეთის" პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ აღნიშნულ პერიოდში სომხეთის მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება „უწყვეტად, შეზღუდვების გარეშე, შიდა რეზერვებითა და ირანიდან მიწოდებული ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობებით" მოხდება.

ანალიტიკოსების უმრავლესობისთვის ეს პირდაპირ პოლიტიკური ზეწოლაა. მათი აზრით, ტექნიკურ მიზეზებს (სარემონტო სამუშაოებს) ექსპერტები უბრალოდ „ოფიციალურ გამართლებად" მიიჩნევენ.

რუსეთი წლებია ასე შვრება - როცა რომელიმე მეზობელ ქვეყანასთან პოლიტიკური ურთიერთობა ეჭიმება, ზუსტად იმ დროს „ფუჭდება" მილსადენები, ან იწყება „გეგმური რემონტი". ახლაც, რადგან სომხეთმა დასავლეთთან დაიწყო დაახლოება, მოსკოვმა ეს „სარემონტო პაუზა" გამოიყენა, როგორც მარტივი შეხსენება: „არ დაგავიწყდეთ, გაზის ონკანი ვის ხელშია".

ასე რომ, ანალიტიკოსების თქმით, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური შანტაჟია, რომელიც სარემონტო სამუშაოების საბაბით არის შეფუთული. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს შემთხვევა სომხეთისთვის სერიოზული განგაშის ზარია, რადგან ქვეყნის მთელი ენერგეტიკული სისტემა რუსული „გაზპრომის" ხელშია.

მთავარი, რასაც ექსპერტები უსვამენ ხაზს, არის ის, რომ მოსკოვი ამ პაუზით ერევნის გამძლეობას ტესტავს. კრემლს აინტერესებს, როგორ გაართმევს თავს სომხეთის მთავრობა სიტუაციას და გამოიწვევს თუ არა ეს უკმაყოფილებას ხალხში.

ამავდროულად, ეს შემთხვევა სომხეთს კიდევ ერთხელ აიძულებს, თვალი გაუსწოროს რეალობას და ირანთან გაზის იმპორტი სასწრაფოდ გაზარდოს, რადგან რუსეთზე ასეთი დამოკიდებულება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნის. გარდა ამისა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ასეთი „ტექნიკური პაუზების" შემდეგ რუსეთი ხშირად იწყებს შანტაჟს გაზის ფასის მომატებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×