
რეგიონებში შეშა მკვეთრად გაძვირდა. მოსახლეობა ფასით და ზოგადად, შეშაზე დაწესებული შეზღუდვებით უკმაყოფილოა. ხალხი ამბობს, რომ ლიმიტით განსაზღვრული რაოდენობა არასაკმარისია და შეშას რეალურად ვერ მოიპოვებენ, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის. სათბობის გაძვირება და ზოგადად ამ სფეროში არსებული პრობლემები ყოველწლიურად ერთ-ერთ ყველაზე მწვავე სოციალურ თემად რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ ტყეში ადგილზე მოსაპოვებელი რესურსი (სოციალური ჭრის ფარგლებში) შედარებით იაფია, მკვეთრად არის გაზრდილი საწვავის, სპეცტექნიკის მომსახურებისა და მუშახელის ხარჯი. ეს ყველაფერი საბოლოოდ აძვირებს მზა შეშას, რომელსაც მოსახლეობა კომერციული ბაზრიდან ყიდულობს.
ამ დროისთვის 1 მანქანა (დაახლოებით 8 კუბ/მ) სათბობი შეშის ღირებულება 1000 ლარიდან 2500 ლარამდეა. ფასი დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შორსაა დასახლებული პუნქტი ტყის მასივიდან. მაღალმთიან რეგიონებსა და იმ სოფლებში, სადაც გაზიფიცირება არ არის, მოთხოვნა მუდმივად მაღალია, რაც ადგილობრივ ბაზარზე ფასების მატებას უწყობს ხელს.
მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულში მცხოვრებმა თემურ ნიჟარაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს“ განუცხადა, რომ გამოზამთრების კუთხით დიდი რისკია, რადგან მოსახლეობა, ფაქტობრივად, შეშის გარეშეა დარჩენილი, რაც მთიანი რეგიონისთვის უმძიმესი გამოწვევაა.
,,სათბობი შეშა ხალხისთვის ძნელად ხელმისაწვდომია, პრობლემა სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციების გამო კიდევ უფრო გამწვავდა. ერთი შეხედვით, მთავრობა საკითხის დარეგულირებას ცდილობს და ზომებს ამკაცრებს, მაგრამ რა ლიმიტიც დაწესდა, ოჯახისთვის საკმარისი არ არის. ერთადერთი ალტერნატივა ელექტროენერგიაა, მაგრამ გათბობის მიზნით ამ საშუალებას რეალურად ვერ ვიყენებთ. გარდა იმისა, რომ დაბალი ძაბვით მოგვეწოდება ელექტროენერგია, ხშირად ითიშება. ამ მხრივ უკვე იგრძნობა კიდეც პრობლემები, აცივდა და მოსახლეობა გათბობის ფარეშე რჩება.
სხვა გამოსავალი არ არის, უნდა შეიცვალოს მიდგომა და სათბობი შეშა ხელმისაწვდომი გახადონ. სოფელს თვითმმართველობა არ ჰყავს და არავინ იცავს ხალხის ინტერესებს, წარმოუდგენლად რთული სიტუაციაა და ეს ყველა მიმართულებით იგრძნობა. წლები გადის და ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიწიეთ უკეთესობისკენ, პირიქით, უარესდება მდგომარეობა. ჩვენთვის შეშა სასიცოცხლოდ აუცილებელია და ყოველწიულად რთულდება მისი მომარაგება“, - აღნიშნა თემურ ნიჟარაძემ ჩვენთან საუბრისას.
სამეგრელოს რეგიონში მოსახლეობის დიდი ნაწილი ზამთრის მოსამზადებლად სწორედ სოციალური ჭრის კვოტით სარგებლობს, რადგან რეგიონის ბევრ სოფელში (განსაკუთრებით მთის და მთისწინეთის ზონებში) გაზიფიცირება სრულად არ არის დასრულებული.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ პალურში მოსახლეობა გათბობისა და ყოველდღიური საჭიროებისთვის, ძირითადად, შეშას ან ელექტროენერგიას იყენებს. ადგილობრივების ინფორმაციით, 1 მანქანა სათბობის ფასმა უკვე 2000 ლარს გადააჭარბა.
,,წელს ნაადრევად აცივდა და თითქმის ყველა ოჯახი გათბობის პრობლემის წინ დადგა. საკმარისი შეშა ახლა არავის აქვს, ყიდვის შესაძლებლოვაც არ არის, ძალიან ძვირია. ვისაც საშუალება არ აქვს, იძულებულია საკარმიდამო ნაკვეთებში მოგროვილი ფიჩხით გათბეს ან შემორჩენილი შეშით. დეფიციტი არ არის, არიან ადამაინები, რომლებიც შეშით ვაჭრობენ, მაგრამ სიძვირის გამო ხალხი ვერ ყიდულობს. შარშანაც ძვირი ღირდა, ყოველწლიურად ეს პრობლემაა. გამოზამთრება ყველას უჭირს როგორც საკვების, ასევე გათბობის საშუალებების მხრივაც", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" პალურის მკვიდრმა მარინა კონჯარიამ.
ანალოგიური მდგომარეობაა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. აქაც, ისევე როგორც ქვეყნის მრავალ სხვა რეგიონში, სათბობი შეშის თემა სეზონურად ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ საკითხად რჩება. მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნუგზარ შაქარაშვილის თქმით, შეშა ჯერჯერობით გათბობის ყველაზე ხელსაყრელი საშუალებაა, რაზეც მეტი წვდომა უნდა ჰქონდეს ხალხს და ლიმიტი გადაიხედოს.
„ზამთარი მოახლოვდა და მთავარი პრობლემა ისევ შეშის შოვნაა. ტყე აქვე გვაქვს, მაგრამ კანონით დაწესებული ლიმიტი მთელ სეზონზე ფიზიკურად არ ყოფნის ერთ ოჯახს. ჩვენთან, მკაცრი ზამთარია, მთელი 6 თვე გრძელდება სეზონი და შეშაზე მოთხოვნაც დიდია.
კარგი იქნება, თუ ეს ლიმიტი გადაიხედება და რეგიონის თავისებურებებიდან გამომდინარე, რაოდენობას გაზრდიან. უკვე დამზადებული შეშის ფასიც ისეთია, ყოველდღიური ხარჯების ფონზე ძალიან მძიმე ტვირთია ოჯახისთვის. ვცდილობთ, წინასწარ მოვასწროთ ყველაფერი, მაგრამ ტრანსპორტირება და მუშახელიც იმდენი ჯდება, რომ ფასთან გამკლავება უმეტესობას გვიჭირს“, - უთხრა ნუგზარ შაქარაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს“ .
საქართველოში მოსახლეობისთვის სოციალური შეშის (საშეშე მერქნის) ლიმიტი სტანდარტულად შეადგენს 7 კუბურ მეტრს ერთ ოჯახზე წლის განმავლობაში. თუმცა, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ოჯახებისთვის ეს ლიმიტი გაზრდილია 15 კუბურ მეტრამდე
მიუხედავად იმისა, რომ „ტყის ახალი კოდექსით“ ე.წ. სოციალური ჭრის (მოსახლეობის მიერ სათბობი შეშის დამოუკიდებლად მოპოვების) ძველი პრაქტიკა ეტაპობრივად უნდა შეცვლილიყო, საკანონმდებლო ცვლილებებით ვადამ გადაიწია. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, მოსახლეობას სათბობი შეშის ტყიდან მოპოვება/შეძენა არსებული წესით 2027 წლის პირველ იანვრამდე კიდევ შეუნარჩუნდა.