რეზონანსი
14.09.2026

ყველასათვის საყვარელი მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ მან საზოგადოების ყურადღების მიღმა ყოფნა არჩია. ის ჟურნალისტებს ყოველთვის უარს ეუბნებოდა ინტერვიუებზე. არადა, საზოგადოებაში ყოველთვის იყო დიდი ინტერესი იმის შესახებ, როგორ ცხოვრობდა, რას საქმიანობდა და რატომ თქვა უარი ულამაზესმა, წარმატებულმა მსახიობმა სამსახიობო კარიერის გაგრძელებაზე.

დღემდე საზოგადოებაში გავრცელებული იყო აზრი, რომ თითქოს კინოზე უარი მან მისი მეუღლის, ცნობილი ფეხბურთელის, დავით გოგიას თხოვნით თქვა, თუმცა ამას ჭორებს უწოდებს ცნობილი მეკარე, დავით გოგია. მისი მონათხრობიდან ჩანს, რომ თავად ქალბატონი ხათუნასთვის არ აღმოჩნდა ეკრანი მიმზიდველი. ცნობილი ფეხბურთელის ქალიშვილი ხათუნა კოტრიკაძე 17 წლის ასაკში სიყვარულით გათხოვდა ფეხბურთელ დავით გოგიაზე და მას შემდეგ ოჯახთან ერთად სოფელ დიღომში ცხოვრობდა. მსახიობი 2024 წლის 15 თებერვალს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თბილისის "დინამოს" ყოფილი მეკარე, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, თასის მფლობელი, დავით გოგია ამ დღეებში სტუმრობდა "სარბიელის" პოდკასტს. მან თავის განვლილ გზაზე ისაუბრა და განსაკუთრებული სიყვარულით გაიხსენა მეუღლე, მისი გაცნობის ისტორია.დავით გოგია აცხადებს, რომ არასდროს აუკრძალავს მეუღლისთვის სამსახიობო კარიერა...

"ბევრი ლაპარაკობს, რომ მე ვიყავი წინააღმდეგი მისი სამსახიობო კარიერის, ეს არ არის სიმართლე. ხათუნა ჰოროსკოპით იყო ლომი, თან გურული ქალი, არასოდეს არავის გავლენის ქვეშ არ მოექცეოდა...

საჯაროობა არ უყვარდა. რომ მოდიოდნენ ჟურნალისტები, უარს ამბობდა. "მხიარული რომანი" რომ გადაიღეს, სანამ გამოვიდოდა ეკრანზე, ფილმის სანახავად წავედით დედამისი, ხათუნა და მე. იმის შემდეგ ხათუნას ის ფილმი არც ეკრანზე უნახავს და არც ტელევიზორში...

ვერ ინატრებს ადამიანი, იმდენი დადებითი თვისებები ჰქონდა ხათუნას, ვერ ჩამოთვლი. თვითონ სულ იძახდა, ჩემი ერთადერთი ნაკლი არის ის, რომ ვარ ჯიუტიო. ის დაბადებული იყო ოჯახისთვის, იმისთვის, რომ შვილს, შვილიშვილებს მოფერებოდა, მოევლო, ყველას ყველაფერს გაუკეთებდა. სერგო კოტრიკაძის ძმისშვილი იყო. სერგო, ალიოშა (ალიოშა კოტრიკაძე - ხათუნა კოტრიკაძის მამა - ავტ.) და ხათუნა ძალიან გვანან ერთმანეთს...

ვიცნობდი 1967 წლიდან. როცა გორში წავედი სათამაშოდ, იქ მწვრთნელს, ალიოშას დაჰყავდა ბავშვები არდადეგებზე ბანაკში. ხათუნას ძმა ორი წლით უმცროსია მასზე. ეს ბიჭი სულ ჩემთან მორბოდა და თავისუფალი დრო რომ მქონდა, ვყიდულობდი მისთვის ნაყინს... მერე გავიცანი პატარა გოგო. მერე მოხდა ისე, რომ თბილისში გადმომიყვანეს ქუთაისიდან, ვითამაშე 1972 წელს, მთელი წელი, 1973 წელს ალიოშა მოიყვანეს მთავარ მწვრთნელად, მაშინ ხათუნას ფილმი "მხიარული რომანი" გადაღებული იყო და ერთად ვნახეთ კინოსტუდიაში. მაშინ ახალი გამოყვანილი მყავდა მანქანა, ჟიგული 02, ხათუნამ მითხრა, მანქანის ტარებას ვერ მასწავლიო? ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ორთაჭალაში ცხოვრობდნენ, მივდიოდი იქ და ვასწავლიდი მანქანის ტარებას. არასდროს მომსვლია აზრად, რომ ამ ბავშვისთვის სხვანაირად შემეხედა. თან ჩემი მთავარი მწვრთნელის გოგოსთვის შემეხედა სხვა თვალით. მაგრამ მოხდა ისე, რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი და 1973 წელს მოვიყვანე ცოლად.

ხათუნას ფეხბურთი მაინცდამაინც არ უყვარდა. ერთი ფოტო მაქვს, სადაც მე არ ვთამაშობდი, ფეხი მტკიოდა და ტრიბუნაზე ვარ მეუღლესთან და შვილთან ერთად. ერთხელ იყო, მეტად არ ყოფილა სტადიონზე", - განაცხადა დავით გოგიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×