
„ოცნებას ელოდება ძალიან მძიმე ისტორიულ-პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება“ - ასე ეცმაურება გახარიას პარტია ოცნების მიერ დაანონსებულ საკონსტისტუციო სარჩელს. როგორც „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ თქვა, მათი გუნდისთვის ივანიშვილის პარტიის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.
„ეს პროცესი ღიად და დაუფარავად გამოხატავს იმ აგრესიულ, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ პოლიტიკას, რასაც ოცნება ბოლო წლებია საკუთარი ხალხის და საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ ატარებს და განსხვავებული აზრის განადგურებას ისახავს მიზნად. ოცნებას ელოდება ძალიან მძიმე ისტორიულ-პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამაჩაბლოში მიმდინარეობს ძირძველი ქართული მიწების ანექსიური პროცესები“, - აცხადებს პოლიტიკოსი.
სიჭინავა ამბობს, რომ ვერანაირი სარჩელი ვერ შეცვლის მათ პოლიტიკური დამოუკიდებლობის გზას და ვერ შეაჩერებს მათ ბრძოლას საქართველოსთვის. ექს-პრემიერის გუნდში ამბობენ, რომ გააგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას საქართველოს პარლამენტში, საკრებულოებში და ყველა პლატფორმაზე მათი მანდატების ფარგლებში.
როგორც ცნობილია, 2025 წლის 31 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი და მოითხოვა შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“ აკრძალვა.
მიმდინარე წლის აპრილში, „ოცნებამ“ სიას „ფედრალისტები“ დაამატა. სიაში ახალი პარტიის ჩამატება ტექნიკურად ახალ სარჩელად ითვლება და ამ ცხრათვიანი ვადის ათვლა თავიდან იწყება. გახარიას პარტიის დამატების შემთხვევაში, სასამართლოს სამსჯელოდ მიეცემა კიდევ დამატებით 9+2 თვე.