ნატალია ჯვარიძე
16.09.2026

ბოლო კვირების განმავლობაში რუსები ორჯერ უმიზნებდნენ მოლდოვაში ჩემს თვითმფრინავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS News-სთან ინტერვიუში განაცხადა. "მოლდოვაში იყო ჩემი საპრეზიდენტო თვითმფრინავი, და ამიტომ დაესხნენ თავს მოლდოვას. როდესაც სახლში ვბრუნდებოდით, ისევ კიშინიოვით, იგივე გააკეთეს," - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ნორვეგიიდან უკრაინაში მისი დაბრუნების დროს მოლდოვის საჰაერო სივრცეში ერთი ან ორი დრონი შეიჭრა, რომლებზეც აქამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა. მან აღნიშნა, რომ ეს მისი და სხვა უცხოელი მაღალჩინოსნების დაშინების რუსეთის სტრატეგიის ნაწილია.

მან ასევე, აღნიშნა, რომ 13 სექტემბერს რუსული დრონი მოხვდა სამოქალაქო მატარებელს უკრაინისა და პოლონეთის საზღვარზე. მაშინ, სხვა მატარებელში, რომელიც სწორედ ამ თავდასხმის დროს იაგოდინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა, იყვნენ CIA-ის ყოფილი დირექტორი, დევიდ პეტრეუსი და ევროპელი მაღალჩინოსნები.

"შეიძლება მათ არ იცოდნენ, რომ ზოგიერთი ამერიკელი იყო იქ ან, შესაძლოა, პირიქით, იცოდნენ, რადგან მე მათ არ ვენდობი. ვფიქრობ, რომ მათ იცოდნენ. ევროპელები, ამერიკელები - დიდი დელეგაცია იყო ამ მატარებელში და ისინი თავს დაესხნენ," - განაცხადა ზელენსკიმ.

ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ინციდენტები რუსეთის მხრიდან ფსიქოლოგიური ომის ახალი ეტაპია, რომლის მთავარი მიზანი დასავლელი ლიდერებისა და მაღალჩინოსნების დაშინებაა. სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მოსკოვს სურს გააჩინოს განცდა, რომ უკრაინაში ან მის მომიჯნავე რეგიონებში ჩასვლა უსაფრთხო აღარაა არცერთი დიპლომატისთვის.

მოლდოვის საჰაერო სივრცის გამოყენება და პოლონეთის საზღვართან მდებარე ლოგისტიკურ კვანძებზე დარტყმა ასევე ფასდება როგორც ნატო-ს საზღვრებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემატური ტესტირება.

ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ, მოლდოვას სუსტი საჰაერო თავდაცვა რუსეთს საშუალებას აძლევს, მისი ტერიტორია მანიპულირებისა და დივერსიული მარშრუტებისთვის გამოიყენოს. რაც შეეხება მატარებელზე თავდასხმას, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ რუსულ დაზვერვას ჰქონოდა ინფორმაცია დელეგაციის (მათ შორის CIA-ის ყოფილი დირექტორის) გადაადგილების შესახებ, თუმცა პარალელურად ეს ჯდება უკრაინის დასავლური ლოგისტიკის პარალიზების საერთო სტრატეგიაშიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×