რეზონანსი
16.09.2026

ჰააგის სპეციალურმა სასამართლომ კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი ჰაშიმ თაჩი 1998-1999 წლებში სერბეთთან ომის დროს ჩადენილ ომის დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

სასამართლოს განცხადებით, თაჩი, ერთობლივი დანაშაულებრივი გეგმის ფარგლებში, 385 ადამიანის თვითნებურ დაკავებაზე, 49 ადამიანის მიმართ სასტიკ მოპყრობაზე, 303 ადამიანის წამებასა და 96 ადამიანის მკვლელობაზე იყო პასუხისმგებელი.

განაჩენმა კოსოვოსა და ალბანეთის ლიდერების აღშფოთება გამოიწვია, ჰააგის სასამართლოს შენობის გარეთ შეკრებილ თაჩის მხარდამჭერებსა და ნიდერლანდების პოლიციას შორის დაპირისპირებაც მოხდა, წერს გამოცემა.

თაჩი, რომელიც კოსოვოს გამათავისუფლებელი არმიის ყოფილი პოლიტიკური ლიდერია, სასამართლოს წინაშე იაკუპ კრასნიჩის, რეჯეპ სელიმისა და კადრი ვესელისთან ერთად წარდგა. ოთხივე მათგანს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ექვსი და ომის დანაშაულების ოთხი ეპიზოდი ედებოდა ბრალად.

კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებული ბრალდებები გაუქმდა, ხოლო სხვა დანაშაულებისთვის კრასნიჩის 25 წლით, სელიმის 13 წლით, ვესელის კი 18 წლით პატიმრობა მიესაჯა.

განაჩენის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი და სისტემატური თავდასხმების არსებობა, რაც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ელემენტია.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ თაჩის ძმამ განი თაჩიმ მედიასთან განაცხადა, რომ ოჯახი მის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და გასაჩივრებას ელოდებიიან.

ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ სასამართლოს გადაწყვეტილებას „სირცხვილი“ უწოდა.

თაჩის ბრალი 2020 წლის ნოემბერში წაუყენეს. იმავე თვეში მან პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. მას შემდეგ ის ჰააგაში პატიმრობაში იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×