"ეს არის დამატებით შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ კიდევ უფრო თამამად მოიზიდოს ახალი ინვესტიციები"
ქეთო გოგოხია
16.09.2026

თბილისის ცენტრში დაგეგმილი მასშტაბური კომპლექსი „თბილისი დაუნთაუნი“ საქართველოსტვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული და ეკონომიკური პროექტი ხდება. პროექტი მიზნად ისახავს, თბილისი წარმოაჩინოს, როგორც რეგიონული ბიზნესცენტრი და კარიბჭე საერთაშორისო ინვესტიციებისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში. თავისი მოცულობითა და საერთაშორისო დატვირთვით, ის არა მხოლოდ მსხვილ ფინანსურ რესურსებს მოიზიდავს, არამედ მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას და ხელს შეუწყობს ახალი გლობალური პარტნიორების დაინტერესებას.

პროექტის საერთო ინვესტიცია დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს შეადგენს. „ტრამპთაუერ თბილისი“ 70-სართულიანი იქნება და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება. იგი დედაქალაქის ცენტრში აშენდება და დაახლოებით 600 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. ის გააერთიანებს ბიზნესცენტრს, სასტუმროს, სავაჭრო და გასართობ ობიექტებს. პროექტს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი არქიტექტურული კომპანია Gensler-ი ახორციელებს.

„დეველოპერული გუნდის თქმით, პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს დედაქალაქი წარმოაჩინოს, როგორც მნიშვნელოვანი ბიზნესცენტრი და კარიბჭე საერთაშორისო ბიზნესისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში“, – წერს გამოცემა "ნიუსვიკი".

ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ისეთი მსოფლიო დონის ბრენდის შემოსვლა, როგორიც Trump Organization-ია და არქიტექტორული გიგანტის Gensler-ის ჩართვა, ზრდის ქვეყნის საინვესტიციო ცნობადობას საერთაშორისო დონეზე და აჩვენებს გლობალურ ინვესტორებს საქართველოს ბაზრის პოტენციალს. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,რეზონანსთან“ ეკონომისტმა დავით ჩიხელიძემ ისაუბრა.

„ტრამპ თაუერის“ მშენებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მოვლენაა ქვეყნისთვის. ლოგიკურია, რომ მსგავსი გლობალური ბრენდი არ შევა ისეთ სახელმწიფოში, რომელიც ეკონომიკურად არასტაბილურ მდგომარეობაშია. შესაბამისად, ასეთი დონის ინვესტიციის შემოსვლა მკაფიო სიგნალია სხვა საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც, რომ საქართველო ეკონომიკურად მზარდი და მიმზიდველი ქვეყანაა.

ამერიკულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევაზეც: პრემიერ-მინისტრმა და ეკონომიკურმა გუნდმა, არსებული გლობალური გამოწვევების მიუხედავად, შეძლებეს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება და მუდმივი, მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. ეს ფაქტი მიგვანიშნებს, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა და ეკონომიკური გუნდი სრულად ადაპტირებულნი არიან არსებულ გამოწვევებთან.

ფაქტობრივად, გლობალური დაძაბულობისა და რთული ფონდის მიუხედავად, საქართველო სტაბილური ეკონომიკური განვითარების ტემპს ინარჩუნებს, უზრუნველყოფს მშვიდობას და მისი როლი საერთაშორისო ასპარეზზე უფრო თვალსაჩინო ხდება. აქედან გამომდინარე, „ტრამპ თაუერის“ პროექტი წარმოადგენს დამატებით შესაძლებლობას, რომ ქვეყანამ კიდევ უფრო თამამად მოიზიდოს ახალი ინვესტიციები და მომავალშიც გააძლიეროს თავისი საინვესტიციო პოტენციალი“, - განაცხადა ჩიხელიძემ "რეზონანსთან" საუბრისას.

მაკროეკონომიკური სარგებელისა და ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალის მიუხედავად,  პროექტის ფიზიკური და სივრცითი განვითარება სრულიად სხვა ტიპის გამოწვევებს აჩენს. ცნობილი ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე მიანიშნებს, რომ მიუხედავად მაღლივი შენობების კლასტერის შექმნის დადებითი მხარისა, ქალაქდაგეგმარების კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი.

,,უდავოდ დადებითია ის ფაქტი, რომ ქალაქში გაფანტული შენობების ნაცვლად, მაღლივი მშენებლობების ერთიანი კლასტერი იქმნება და „მანჰეტენიზაციას“ აქვს ადგილი, რაც ერთი მართვის სისტემის ქვეშ უნდა მოექცეს. თუმცა, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ  გაურკვეველია ტრანსპორტისა და ავტოსადგომების საკითხი, რესურსების განაწილება, ასევე ის, თუ რამდენად შეუწყობს ხელს პროექტი ქალაქის განიავებას. მსგავს კომპლექსებთან აუცილებელია მეტროსადგურის სიახლოვე, ხოლო თავად შენობების ზუსტი ფუნქციური პროფილი – სასტუმროს, ოფისებისა თუ მაღალი დონის საცხოვრისის პროპორციები ჯერჯერობით არ ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ მე ასეთი კომპლექსების მომხრე ვარ, საერთო ჯამში, როგორც სპეციალისტს, ქალაქდაგეგმარების ინფორმაცია მაკლია“, – აღნიშნა ვარდოსანიძემ ,,რეზონანსთან“ საუბრისას.

თბილისური  პროექტი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოჯახური კომპანიის გლობალური გაფართოების ნაწილია. ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სულ მცირე, 24 პროექტს ახორციელებს. საქართველოს დედაქალაქში კი „ტრამპთაუერ თბილისის“ მშენებლობას ადგილობრივ პარტნიორებთან  - კომპანიები „ბლოქსი “, „არქი“ და „ბიოგრაფთან“ ერთად გეგმავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×