"შეიძლება, ეს მყისიერად არ მოხდეს, მაგრამ ეტაპობრივად მაინც გაძვირდება“
თამარ ვეფხვაძე
16.09.2026

საქართველოში მოკლე დროში ბენზინი 10 თეთრამდე, ხოლო დიზელი - 16 თეთრამდე გაძვირდა. არასახარბიელო მდგომარეობაა საერთაშორისო ბაზარზეც, სადაც ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა და საერთაშორისო სააგენტოების ინფორმაციით, ეს ვითარება მომავალშიც გაგრძელდება. როგორც იმპორტიორები და მწარმოებლები აცხადებენ, მყისიერად არა, მაგრამ ეტაპობრივად, სხვადასხვა სახის პროდუქციის გაძვირება გარდაუვალი იქნება. 

ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე არასახარბიელო მდგომარეობაა, რადგან საწვავზე პლატსის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზე - 1400 დოლარი ერთ ტონა ბენზინის შემთხვევაში. დიზელის ფასი ბევრად უფრო სწრაფად იზრდება და დღესდღეობით 1550 დოლარის ფარგლებშია.

ცხადია, ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე არსებული არასახარბიელო მდგომარეობა ნეგატიურად აისახება საქართველოს ბაზარზეც. ეს უარყოფითი გავლენა უკვე გამოიხატა დიზელისა და ბენზინის გაძვირებაში, მაგრამ ახალი პრობლემა ის არის, რომ საწვავის გაძვირებას სხვა სამომხმარებლო პროდუქტის ფასის ზრდაც მოჰყვება. 

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ლაშა რიჟამაძის განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში, საწვავის ღირებულების ცვლილება ზეგავლენას ახდენს პროდუქციის ფასის ფორმულირებაზე. 

„დავიწყოთ იქიდან, რომ პროდუქცია ჯერ მწარმოებელ ქვეყანაში ძვირდება, შემდეგ საერთაშორისო გადაზიდვის ფასი იცვლება და ბოლოს უკვე შიდა ბაზარზე, შიდა ლოგისტიკური მომსახურების ფასიც იზრდება. მთლიანი ეს ჯაჭვი თავის ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ფასზე, უბრალოდ, მაქსიმალურად ცდილობენ კომპანიები ფასების შენარჩუნებას და ეს უკავშირდება დროის ფაქტორს, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება არ იყოს, ვინაიდან მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობიდან გამომდინარე, პირდაპირ "ურტყამს " რეალიზაციას. 

ნებისმიერი ცვლილება ნავთობზე, საერთაშორისო ფასები იქნება, თუ ადგილობრივ ბაზარზე, რა თქმა უნდა, მთლიან ჯაჭვში უარყოფითად მოქმედებს ფასებზე. შეიძლება, ეს მყისიერად არ აისახოს, მაგრამ ეტაპობრივად მაინც გაძვირდება“, - განუცხადა „რეზონანსს“ ლაშა რიჟამაძემ. 

პროდუქციის ფასის ზრდა, რაც გარდაუვალია საწვავის გაძვირების ფონზე, კითხვის ნიშნის ქვეშ ხომ არ დააყენებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივას სურსათის ფასის გაიაფებასთან დაკავშირებით? ლაშა რიჟამაძემ დარწმუნებულია, რომ სურსათის ფასთან მიმართებით, მნიშვნელოვანი კომპონენტია სამართლიანი სავაჭრო პირობების არსებობა ადგილობრივ ბაზარზე.

„წლების განმავლობაში, სწორედ ამას ითხოვს სადისტრიბუციო სექტორიც და ადგილობრივი მწარმოებელიც. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც შეიძლება არსებობდეს ფასის ფორმულირების კუთხით, მაგრამ ბაზრის სწორად განვითარებისა და შედარებით უფრო სტაბილური ფასის არსებობისთვის პროდუქციაზე, მისი რეგულირების საერთაშორისო პრაქტიკის შემოღება ერთმნიშვნელოვნად კარგია. კომისიამ პირდაპირ მიუთითა, რომ ძალთა დისბალანსი არსებობს ურთიერთობაში, ხოლო სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ უკვე დაარეგისტრირა და პარლამენტს წარუდგინა ამ რეგულირების აქტი. 

ყველა მიმწოდებლისთვის მთავარია, სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს ურთიერთობა, რათა ჯერ საკუთარი თავი დაიცვან და საბოლოოდ, მომხმარებლებიც. ეს იმიტომ, რომ მიმწოდებელი, რომლის უფლებებიც ილახება, საბოლოოდ, ყველა ფინანსურ ზარალს ასახავს პროდუქციის ღირებულებაში, რის გამოც ზარალდება მომხმარებელი“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ ლაშა რიჟამაძემ.  

ბენზინისა და დიზელის საწვავის გაძვირების გამო, სურსათისა და სხვა ტიპიის პროდუქციის გაძვირებას არ გამორიცხავს კომპანია „ჩირინას“ მმართველი პარტნიორი და დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე. 

„როგორც იცით, ძირითადად, ქათმის ხორცის წარმოებით ვარ დაკავებული, სადაც ლოგისტიკა ერთ-ერთი განმსაზღვრელია. ბენზინისა და დიზელის საწვავის გაძვირების გარდა, ტრანსპორტირების გადასახადიც იზრდება. მაგალითად, თურქეთიდან ტრანსპორტირების საშუალო ფასი იყო 2 300 დოლარი, ახლა კი 4 500 დოლარი გახდა, ხოლო უკრაინიდან - 7 000 დოლარი. რუსეთიდან ტრანსპორტირებაც პრობლემურია, რადგან იქ საწვავი თითქმის აღარ არის. ცხადია, ეს ყველაფერი პროდუქციის ფასში ფორმირდება და, რა თქმა უნდა, გაძვირდება. 

ახლაც მნიშვნელოვნად გაზრდილია ფასი და მომავალშიც კიდევ უფრო მოიმატებს. პრობლემა ის არის, ხალხი როგორ შეიძენს გაძვირებულ პროდუქციას, რადგან მომხმარებლების უმრავლესობა დაბალშემოსავლიანია“, - განუცხადა „რეზონანსს“ რევაზ ვაშაკიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×