
კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში ევროკავშირის მისიის შენობაზე დემონსტრანტებმა შტურმი მას შემდეგ სცადეს, რაც ჰააგის ტრიბუნალმა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ჰაშიმ ტაჩის 1998-1999 წლების ომის დანაშაულებისთვის 25-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, ნახევრადაღიარებული ქვეყნის პრემიერმა კი განაჩენს „მართლმსაჯულების დაცინვა" უწოდა.
ათასობით მოქალაქე პრიშტინას ცენტრალურ, სკენდერბეგის მოედანზე შეიკრიბა, სადაც ჰააგის სასამართლოს სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია დიდი ეკრანებით გადაიცემოდა. განაჩენის გამოცხადებას ხალხის მხრიდან შოკი, ცრემლები, სტვენა და შეძახილები - „კოსოვოს განმათავისუფლებელი არმია" - მოჰყვა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის მისიის შენობას სპეცრაზმის დიდი კონტინგენტი იცავდა. ნიღბიანმა და აგრესიულად განწყობილმა ჯგუფებმა შენობის მიმართულებით ქვები, ბოთლები და პიროტექნიკა ისროლეს, რამაც ფანჯრების ჩამსხვრევა და ფასადის დაზიანება გამოიწვია.
რამდენიმე დემონსტრანტმა შენობის გარშემო მავთულხლართებზე გადაძრომა სცადა, თუმცა სპეცრაზმმა ისინი უკან გააბრუნა.
- კოსოვოს ექსპრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩის ბრალი 1998-1999 წლების ომის დანაშაულებთან დაკავშირებულ ოთხ საქმეზე ჰქონდა წაყენებული - 96 ადამიანის მკვლელობა, 303 პირის წამება, 50 ადამიანის მიმართ სასტიკი მოპყრობა და 385 პირის უკანონო პატიმრობაში ყოლა
მომიტინგეებს ხელში ალბანეთისა და კოსოვის შავი დროშები ეკავათ სლოგანით - „თავისუფლებას სახელი აქვს".
შენობასთან გამართული აქციის დროს პოლიციამ 1 პირი დააკავა.
პარალელურად, ჰააგაში (ნიდერლანდები), სადაც დემონსტრანტები უშუალოდ სასამართლოს შენობასთან იყვნენ შეკრებილები და პოლიციასთან მცირე შეტაკება მოუვიდათ, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა 2 პირი დააკავეს.
კოსოვოს ექსპრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩის ბრალი 1998-1999 წლების ომის დანაშაულებთან დაკავშირებულ ოთხ საქმეზე ჰქონდა წაყენებული - 96 ადამიანის მკვლელობა, 303 პირის წამება, 50 ადამიანის მიმართ სასტიკი მოპყრობა და 385 პირის უკანონო პატიმრობაში ყოლა.
სასამართლოს დასკვნის მიხედვით, მსხვერპლნი იყვნენ პოლიტიკური ოპონენტები (ეთნიკური ალბანელები, რომლებიც ტაჩის პოლიტიკურ ჯგუფს ეწინააღმდეგებოდნენ) და სერბულ ძალებთან სავარაუდო კოლაბორაციონიზმში ეჭვმიტანილი პირები.
თავმჯდომარე მოსამართლე ჩარლზ სმიტმა აღნიშნა, რომ ბრალდებები იმის შესახებ, თითქოს ეს ადამიანები „ჯაშუშები" ან „მოღალატეები" იყვნენ, უმეტესად დაუდასტურებელ ჭორებს ეფუძნებოდა - ზოგ შემთხვევაში ადამიანებს აკავებდნენ და აწამებდნენ უბრალოდ იმის გამო, რომ სერბულ კომპანიებში მუშაობდნენ ან სერბი მეგობრები ჰყავდათ. აქედან გამომდინარე, მოსამართლემ განაცხადა, რომ ტაჩიმ თავისი პოზიცია, ლიდერობა, ავტორიტეტი და სტატუსი დანაშაულის ჩასადენად გამოიყენა.
კოსოვოელთა დიდ ნაწილს ჰაშიმ ტაჩი და „კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის" სხვა ლიდერები ეროვნულ გმირებად მიაჩნია, რომლებმაც ქვეყანა სერბეთისგან დაიცვეს. განაჩენის გამოცხადების შემდეგ პრიშტინაში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა.
კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა განაჩენს „მართლმსაჯულების დაცინვა" უწოდა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა გლაუკ კონჯუფცამ განაცხადა, რომ ეს არის „საშინელი და უსამართლო გადაწყვეტილება კოსოვოს განმათავისუფლებელი ომისთვის".