მთავრობამ გრანტების მართვის სააგენტოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, უწყება, რომელიც წელიწადნახევრის წინ დიდი ზარზეიმით შეიქმნა, წლის ბოლომდე დაიხურება, რადგან, როგორც პრემიერი ამბობჰს, „ენჯეოები" უცხოური ინტერვენციის ინსტრუმენტია". ექსპერტები კი სააგენტოს გაუქმებას მის უფუნქციობასა და დაბალ ეფექტიანობას უკავშირებენ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „სააგენტო მილევად რეჟიმშია და ის წლის ბოლომდე დაიხურება".
„ენჯეო" არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც არის მოგონილი ხელოვნურად, უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის. როდესაც ჩვენ შესაბამისი სააგენტო შევქმენით, გამოჩნდა, რომ ეს ასეა. „ენჯეოს" ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს ერთი სახელმწიფოს ინტერვენცია მეორე სახელმწიფოში. ამისთვის მოიგონეს „ენჯეოები" თავის დროზე. ერთი საუკუნის წინ „ენჯეოები" არ არსებობდნენ. შემდეგ მოიგონეს და „ენჯეოებს" იყენებდნენ, როგორც უცხოური ინტერვენციის მთავარ ინსტრუმენტს. ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ მოვიგონოთ „ენჯეოები" და ასეთი რამ დავაფინანსოთ, ასეთი რამ არასწორია, შესაბამისად, ამის გამო მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება", - განაცხადა პრემიერმა.
გრანტების მართვის სააგენტო დაახლოებით წელიწადნახევრის წინ შეიქმნა. კერძოდ, 2025 წლის 16 აპრილს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტების მიღებას კრძალავს. ამავე თვეში „ქართული ოცნების" ინიციატივით „სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად" გრანტების მართვის სააგენტო იქმნება, რომლის თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა დანიშნეს.
სააგენტოს მიზნად საქართველოს ბიუჯეტით საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა გაცხადდა, „რომელთა საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან". ამასთან, სახელმწიფო სააგენტოს არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემის უფლებამოსილება მიენიჭა.
- ნიკა ჩიტაძე: „ეტყობა, ამ შემთხვევაში არ გამოჩნდა მაინცდამაინც ბევრი ასეთი ორგანიზაცია, ან პირი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნისა და პროექტის განხორციელების ინტელექტი გააჩნია, თუნდაც მთავრობის დაფინანსებით"
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ სააგენოტოს შედეგი შესაძლოა „მოკრძალებული" ყოფილიყო.
„მე ვფიქრობ, რომ ამ სააგენტომ უბრალოდ თავი ამოწურა. რთულია შედეგებზე საუბარი, რადგან ჩვენ არ ვიცით, რა გააკეთეს იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც ამ სააგენტოს მეშვეობით დაფინანსდნენ. ამიტომაც მე ვფიქრობ, სწორედ იმის გამო, რომ შედეგი შესაძლოა ყოფილიყო მოკრძალებული, მთავრობამ გადაწყვიტა ამ სააგენტოს დახურვა", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ სააგენტოს გაუქმების მიზეზი შეიძლება რამდენიმე ყოფილიყო, მათ შორის უფუნქციობა.
„მთავრობას ჰქონდა მიზანი, რაღაც იმიტაცია შეექმნა, რომ სთავაზობს არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსების ალტერნატიულ ვარიანტს, რადგან თითქოს არ მომხდარიყო უცხოეთიდან დაფინანსება. პირველი იყო ის ე.წ. „რუსული კანონი". ამ შემთხვევაში დაფინანსება შეეზღუდათ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
„ალბათ იმედი ჰქონდათ, რომ გარკვეული, ასე ვთქვათ, მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილი პირები შექმნიდნენ რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციას და მიიღებდნენ დაფინანსებას- ანუ ხელისუფლების მართული „ენჯეოები", რომლებიც შემდეგ აგიტაცია-პროპაგანდას გასწევდნენ ხელისუფლების სასარგებლოდ.
„მაგრამ, ეტყობა, ამ შემთხვევაში არ გამოჩნდა მაინცდამაინც ბევრი ასეთი ორგანიზაცია, ან პირი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნისა და პროექტის განხორციელების ინტელექტი გააჩნია, თუნდაც მთავრობის დაფინანსებით. ფაქტობრივად, შეიძლება ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ასეთი ეს გრანტების სააგენტო არის უფუნქციო და, აქედან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი, ამ სააგენტომ გააგრძელოს საქმიანობა.
„გრანტების სააგენტოს მიზანი რა არის? განიხილოს კონკრეტული საპროექტო განაცხადი მოცემული ორგანიზაციის მიერ. ასეთი ორგანიზაციები თუ არ შეიქმნა, ბუნებრივია, სააგენტო ფუნქციას კარგავს", - თქვა ჩიტაძემ „რეზონანსთან".