რეზონანსი
18.09.2026

სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი უკრაინაში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ვუჩიჩის განცხადებით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს „კარპატების ინტეგრაციის ინიციატივის“ შეხვედრაში.

„ეს არის მნიშვნელოვან პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს კარპატების რეგიონის ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული კავშირის უზრუნველყოფას. ამ ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ გავაგრძელო სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენი მოქალაქეებისთვის და სერბეთისთვის“, - აღნიშნა ვუჩიჩმა.

მისივე მტკიცებით, სერბეთს ბევრი რამ აქვს შესათავაზებელი სატრანსპორტო კავშირების თვალსაზრისით.

„გვჯერა, რომ სატრანსპორტო კავშირების სფეროში, კერძოდ რუმინეთთან და უნგრეთთან, ასევე უკრაინასთან და პოლონეთთან, ბევრი რამ გვაქვს შესათავაზებელი - რკინიგზის ხაზებიდან და გზატკეცილებიდან დაწყებული უფრო ღია საზღვრებითა და სოფლის მეურნეობაში და ყველა სხვა სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობით დამთავრებული“, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

უკრაინული მედიის ცნობით, ღონისძიებას, რომელიც ივანო-ფრანკოვსკის ოლქში გაიმართება, რუმინეთის პრეზიდენტი, ნიკუსორ დანიც დაესწრება. ინიციატივის მიზანია ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, პოლონეთის, რუმინეთის, სერბეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის და უკრაინის - იმ ქვეყნების, რომელთა ტერიტორიაზეც კარპატების მთათა სისტემა ვრცელდება - წარმომადგენლების, ასევე რეგიონულ თანამშრომლობაში მნიშვნელოვანი როლის მქონე სხვა მონაწილეების შეკრება. 

მაღალი დონის შეხვედრის მიზანია კარპატების რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის რეალიზაციის კოორდინირებული ძალისხმევა, ინვესტიციების მიმზიდველობის გაზრდა, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია და კარპატების რეგიონში ერთიანობის გაძლიერება. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში ჩასვლას გეგმავენ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×