თამთა ჩაჩანიძე
18.09.2026

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღევანდელ ბრიფინგზე ქვეყანაში მიმდინარე კვირის მთავარ პოლიტიკურ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას. განცხადებები შეეხებოდა როგორც ექსპრემიერ ღარიბაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესსა და ოპოზიციური პარტიების შესაძლო გაერთიანებას, ისე საკონსტიტუციო სასამართლოში „გახარია საქართველოსთვის" საკითხის დამატებას, ნამახვანჰესის საქმეს, ოკუპირებულ ცხინვალში დაგეგმილ ე.წ. არჩევნებსა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებს.

პაპუაშვილმა ასევე შეაფასა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური ჯგუფის განცხადებები, უკრაინის ომთან დაკავშირებული ევროპული პოზიციები და თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის საქმიანობა და დაფინანსება.

ამასთან, პაპუაშვილმა ოპოზიციის მხარდამჭერებს მოუწოდა, „ნუ იქნებიან ბრიუსელის და მათი მარიონეტი პარტიების იმედად". მისი თქმით, „ასე მიატოვეს სააკაშვილიც". 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კი აღნიშნა, დღეს უკვე აღარავინ ამბობს, რომ დაკავებულთაგან ვინმე უდანაშაულოდ არის დაპატიმრებული. პაპუაშვილის განცხადებით, ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ 45-მა ადამიანმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა.

ნამახვანჰესის კონტექსტში პაპუაშვილი ამბობს, რომ პროექტის მოწინააღმდეგე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრიუსელიდან ფინანსდებოდნენ და სწორედ მათი საქმიანობის შედეგად პროექტი ჩაიშალა.

ღარიბაშვილის წერილები

პარლამენტის თავმჯდომარის შესაფებით, ირაკლი ღარიბაშვილის გადასაწყვეტია, რა კომუნიკაცია შეიძლება ჰქონდეს გარეთ - მედიასთან თუ საზოგადოებასთან, რა სიხშირით და რა შინაარსით.

„ეს სამართლებრივი პროცესია და თუ რაიმე კითხვები არსებობს, არსებობს სამართლებრივი კითხვები და თუ რამე კითხვას პასუხი სჭირდება, სჭირდება სამართლებრივი პასუხები. ვფიქრობ, არ არის სწორი სამართლებრივი პროცესის გადაყვანა პოლიტიკურ ჭრილში და ამაში შესვლა უკვე გულისხმობს ამ პროცესის მხარდაჭერას.

ნებისმიერი შეყოლა პოლიტიკური კომენტარებით, ვფიქრობ, ქმნის ნიადაგს, რომ სამართლებრივი პროცესი გადავიდეს პოლიტიკურ განხილვაში. მე არ მინდა, რომ შევიდე ამაში. მიზანი არის სწორედ ის, რომ გადავიდეს პოლიტიკურ ჭრილში."

საკონსტიტუციო სარჩელი

შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სარჩელში გახარიას პარტიის დამატებაზე ამბობს, რომ „გვარამიას პარტია, სააკაშვილის პარტია, ხაზარაძის პარტია და გახარიას პარტია. რომ ეს ოთხი არის ერთი და იგივე".

  • პაპუაშვილი: „ერთი წელი მათ(„გახარია საქართველოსთვის") საკუთარი მანდატი არ გამოიყენეს. შემოვიდნენ მხოლოდ 4 ოქტომბრის არშემდგარი ხელისუფლების დამხობის შემდეგ"

„ერთი წელი მათ(„გახარია საქართყველოსთვის") საკუთარი მანდატი არ გამოიყენეს. შემოვიდნენ მხოლოდ 4 ოქტომბრის არშემდგარი ხელისუფლების დამხობის შემდეგ. ეს განაცხადეს კიდევაც მათ, რომ შედიან იმიტომ, რომ ჩაიშალა 4 ოქტომბერი. შემოვიდნენ პარლამენტში და ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ მივცემთ შანსს, რომ აღიარონ კონსტიტუციური წყობა მაგრამ ერთი წელი გავიდა და ვხედავთ, რომ ისინი არც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებენ, არც ხელისუფლებას და კანონებს აღიარებენ. ასე, რომ ჩვენ აქედან გამომდინარე დავამატეთ იმ პარტიათა ჩამონათვალს, რომლითაც ისინი ბუნებრივად დაუბრუნდნენ თავის წიაღს - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას". დანარჩენზე უკვე საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს."

ნამახვანჰესი

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უცხოეთიდნ დაფინანსებულმა აგენტურამ ჩაშალა პროექტი.

„ამ დღეებში შეგვახსენეს ნამახვანჰესის თემა, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები და არის რისკი, რომ 400 მლნ დოლარი დაეკისროს საქართველოს კომპანიის სასარგებლოდ, რომელიც ფაქტობრივად აქედან გააგდო უცხოეთიდან დაფინანსებულმა აგენტურამ. გარდა იმისა, რომ საქართველომ მიიღო ზიანი, რომ ეს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი არ განხორციელდა, დამატებით საქართველოს ბიუჯეტიდან შეიძლება მიგვიწიოს ანაზღაურება იმ ზიანისა, რომელიც მიაყენეს მათ უცხოურმა დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა.

„ამ კამპანიას მაშინ კურირებდა სამი არასამთავრობო ორგანიზაცია - მწვანე ალტერნატივა, სოციალური სამართლიანობის ცენტრი და საია, სამივე დაფინანსებული ბრიუსელიდან და რამდენიმე სხვა წყაროდან. დღეს ყველამ იცის, რომ იყო აბსოლუტური ფარსი რაც მოაწყვეს მაშინ, რათა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი ჩაშლილიყო. ასე რომ, ნამახვანჰესის ისტორია არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, რაც კი შეიძლება მიიღო პარლამენტმა ბოლო წლების განმავლობაში, ვინაიდან ქართულ ინტერესებს ემსახურება. რაც ჩაიდინეს ბრიუსელიდან დაფინანსებულმა ხალხმა და ჩაშალეს ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი, ასეთი მავნებლობა ვეღარ მოხდება."

„არჩევნები" ოკუპირებულ ცხინვალში

კითხვაზე, რატომ არ აფიქსირებს საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურ პოზიციას ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 18 სექტემბერს ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ არანაირი არჩევნები არ არსებობს, რადგან არ არსებობს ე.წ. სამხრეთ ოსეთი.

  • პარლამენტის თავმჯდომარე: „არანაირი არჩევნები არანაირ ოკიპირებულ სამხრეთ ოსეთში არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს არანაირი სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელი აფხაზეთი და ა.შ."

„არანაირი არჩევნები არანაირ ოკიპირებულ სამხრეთ ოსეთში არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს არანაირი სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელი აფხაზეთი და ა.შ. „ქართულმა ოცნებამ" სტრასბურგის სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ რუსეთი ორივე ამ ტერიტორიაზე ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, რაც გულისხმობს იმას, რომ რუსეთს აქვს ეს ორივე ტერიტორია ოკუპირებული. შესაბამისად, ორივე ამ ტერიტორიაზე ხელისუფლებას ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. სხვა დანარჩენს აქ შინაარსი და დატვირთვა არ აქვს. ასე რომ, ნებისმიერი შესვლა საკითხებში, რომ ახლა იქ არჩევნები არის, თუ არ არის, ნიშნავს, რომ უნდა განვიხილოთ ლეგიტიმურია, თუ არალეგიტიმური. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ოკუპაცია დასრულდეს. ჩვენი მთავარი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით არის ის, რომ რუსეთმა აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის მათ შორის მთავარი ბარიერი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობაში. აღიარება იქნება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და ყველა ეს ბარიერი მოიხსნება."

„ცივსისხლიანი საგარეო პოლიტიკა"

„უკრაინას უყურებენ, როგორც თავის თავდაცვის ხაზს", - თქვა პაპუაშვილმა გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის განცხადების შეფასებისას, რომელმაც აღნიშნა, რომ „უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ხარჯეფექტიანი გზაა". შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად ცივსისხლიანია საერთაშორისო პოლიტიკა.

„ეს არაერთხელ უთქვამთ, რომ უკრაინა არის წინა ხაზი ევროკავშირის თუ ევროპის ქვეყნების თავდაცვისთვის. ის, რომ ხარჯთეფექტური არის, კი, ხარჯთეფექტურია იმიტომ, რომ თავად არ უწევთ ბრძოლა. არ იღვრება გერმანელების, ფრანგების და ლიტველების სისხლი. იღვრება უკრაინელების სისხლი იმისთვის, რომ თავდაცვა იყოს უზრუნველყოფილი ევროკავშირის. ეს აჩვენებს თუ რა ცივსისხლიანია საერთაშორისო პოლიტიკა და რა ადვილია ზოგიერთისთვის, რომ ასეთი ტონით, ასე პირდაპირ, ასე უტიფრად ისაუბრონ, რომ უკრაინა არის გამოყენებული დღეს იმისთვის, რომ ევროკავშირი, რაც შეიძლება იაფად დაიცვან.

ყველამ უნდა გაიაზროს თუ რა ბედი ელოდა საქართველოს აქ, რომ ყოფილიყვნენ - პარლამენტში, ხელისუფლებაში ის ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც დღესაც კი სხვა ქვეყნების დროშებს აფრიალებენ. პირველი, რასაც იზამდნენ გაუხარდებოდათ, რომ წინა ხაზზე ყოფილიყვნენ",- დასძენს პაპუაშვილი.

PACE-ს ჯგუფის განცხადებაზე

ის ასევე გამოეხმაურა ევროპის საბჭოს „სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების" პოლიტიკური ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით ძალისხმევები გააძლიერა. პაპუაშვილის თქმით, ეს ფაქტი, რომ თითქოს, აღნიშნული ჯგუფი რუსეთთან დაკავშირებით საქართველოს ინტერესებზე ზრუნავს, ფარისევლობაა.

„ერთ-ერთ კონფერენციაზე, არ მინდა შემეშალოს, ან კომისარი კოსი იყო, ან რომელიღაც კომისარი, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში მთავარი საკითხი არის რუსეთი. ამ განცხადების მთავარი მოტივატორი საკუთარი ანგარიშია, რომელიც მათ რუსეთთან აქვთ, ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ. როდესაც ერთი მხრივ, ჩვენ ვნახეთ PACE-ს ამ ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც ქართველი ხალხის არჩევანს არ აღიარებენ და ამით ლახავენ საქართველოს სუვერენიტეტს, ახლა ვითომ, რუსეთთან დაკავშირებით ჩვენს ინტერესებზე ზრუნავენ, ეს არის სწორედ ფარისევლობა. მათ ჩვენ კი არ ვაინტერესებთ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გამო კი არ ზრუნავენ, ისინი ჩვენს თემას იმისთვის იყენებენ, რომ საკუთარი ანგარიშები გაასწორონ რუსეთთან, ისევე როგორც უკრაინას იყენებენ იმისთვის, რომ საკუთარი ანგარიშები გაასწორონ რუსეთთან", - განაცხადა პაპუაშვილმა.

პოლიტიკური სწავლების სკოლა

პარლამენტის თავმჯდომარემ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლასთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება, რომელსაც არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს და რომლის ღონისძიებები ევროსაბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პაპუაშვილმა თქვა ისიც, რომ წლების წინ, კერძოდ კი, 2007 წელს თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ორგანიზებულ სემინარში თავადაც იღებდა მონაწილეობას, თუმცა აქვე დასძინა, რომ „19 წლის წინ სხვა მდგომარეობა და სხვა გარემოება იყო და ეს გარემოება შეცვლილია".

პაპუაშვილმა რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული პროექტის დაფინანსებას მთავრობის თანხმობა სჭირდება და ამ საკითხზე ევროსაბჭოს პასუხი აქვს გასაცემი. მისი თქმით, „არსებობს ეჭვი, რომ პოლიტიკური პროექტი ქართველი ხალხის და მისი კანონების გვერდის ავლით ფინანსდება".

„ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური შინაარსის მქონე პროექტი და სემინარი. სხვათა შორის, წლების წინ ასეთ სემინარებზე მეც გახლდით და რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური პროექტი. რაკი ეს პოლიტიკური პროექტია, ისმის კითხვა, ვინ აფინანსებს? აფინანსებს ევროსაბჭო - არ ვიცი, მარტო თუ სხვებთან ერთად და თუ აფინანსებს, მაშინ მთავრობის თანხმობა უნდა ჰქონდეს. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური პროექტი, რომელსაც არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" სიით შემოვიდა - არის რადიკალი პოლიტიკოსი და აფინანსებენ რადიკალი პოლიტიკოსის პოლიტიკურ პროექტს იმისთვის, რომ შემდეგ ადამიანებს თავიანთი იდეოლოგიურ-პოლიტიკური მოსაზრებებით ტვინი გამოურეცხონ",-განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, თუ ასეთი ცუდი იყო თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის პროექტი, რატომ იღებდა მაშინ მონაწილეობას, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "იქ მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ და არსებობდა შესაძლებლობა, გეთქვა ის, რისი შელამაზებაც ზოგიერთებს სურდა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×