ნატალია ჯვარიძე
18.09.2026

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, სადაც კრემლის ფავორიტად დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი მოიაზრება. კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის პროგნოზით, მოსკოვის კანდიდატი პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რაც რეგიონის რუსეთის ფედერაციაში დე ფაქტო ინტეგრაციასა და მოსკოვის პოლიტიკის უპირობო გაგრძელებას ისახავს მიზნად.

18 სექტემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე იხურება. ფავორიტი მარატ კამბოლოვია, მოქმედი „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი", რომელიც სრულად აკონტროლებს ადგილობრივ ადმინისტრაციულ აპარატს.

დანარჩენი 3 კანდიდატი რუსულ წყაროებში ძირითადად „ტექნიკურ" ფიგურებად მოიხსენიება, რომლებიც პროცესს კონკურენტულ იერსახეს სძენენ.

  • „კამბოლოვი პირველივე ტურში მოიგებს, რათა დამაჯერებლობა იყოს ყველასთვის თვალსაჩინო, რომ უშუალოდ მოსკოვის კანდიდატმა უპირობოდ გაიმარჯვა"

დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, კამბოლოვის გარდა როგორც ვახსენეთ, 3 კანდიდატია დარეგისტრირებული - ზურაბ კოკოევი, დე ფაქტო პოლიტიკური პარტია „ერთიანობის" ლიდერი და ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერი; მურატ ვალიევი, პარტია „ალანიის პატრიოტების" წარმომადგენელი და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თანამშრომელი; და ბოლოს, კაზბეკ კოდოევი დამოუკიდებელი კანდიდატი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი და უშიშროების ყოფილი თანამშრომელი.

რუსული წყაროების ცნობით, რეგიონის ტერიტორიაზე გახსნილია 70 საარჩევნო უბანი, კიდევ 4 უბანი ჩრდილოეთ ოსეთში, ხოლო 1 - მოსკოვში.

დე ფაქტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაბეჭდილია 40 ათასი ბიულეტენი.

რუსული პრესა აღნიშნავს, რომ ადგილობრივი „ძალოვანი სტრუქტურები" გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ და კენჭისყრა სიმშვიდის ფონზე მიმდინარეობს.

რიგგარეშე არჩევნების მიზეზი და სავარაუდო შედეგი

რუსული მედია ხაზს უსვამს, რომ არჩევნები ვადამდელია. ეს მოჰყვა ალან გაგლოევის მიერ ივნისში თანამდებობის დატოვებას, როდესაც მან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი დაიკავა.

რუსული საინფორმაციო საშუალებები არჩევნებს ახასიათებენ როგორც „სტაბილურობისა და რუსეთთან ინტეგრაციის გაგრძელების პროცესს". კრემლის პროპაგანდისტული მედია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა კანდიდატის საგარეო კურსი ერთმნიშვნელოვნად მოსკოვთან მჭიდრო კავშირსა და „სტრატეგიულ პარტნიორობას" ეფუძნება.

საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო საზოგადოება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ნებისმიერ ე.წ. „არჩევნებს" უკანონოდ და ბათილად ცნობენ.

ყოფილ სახელმწიფო მინისტრსა და კონფლიქტოლოგს, პაატა ზაქარეიშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ მარატ კამბოლოვი გაიმარჯვებს, რომელიც გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც რუსეთს აქვს გეგმაში.

„აშკარად ჩანს, რომ კამბოლოვი გაიმარჯვებს - ორი აზრი არ არსებობს, თანაც დამაჯერებლად, პირველივე ტურში. მოგეხსენებათ, როცა ასეთი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება (მნიშვნელობა არ აქვს, ოკუპირებულ თუ არაოკუპირებულ ტერიტორიებზე), ყოველთვის იგულისხმება მეორე ტურიც და დასაშვებია მისი ჩატარება. აქ კი, პრაქტიკულად, უაღრესად მაღალი იქნება კამბოლოვის ციფრები და პირველივე ტურში გაიმარჯვებს, რათა დამაჯერებლობა იყოს ყველასთვის თვალსაჩინო, რომ უშუალოდ მოსკოვის კანდიდატმა უპირობოდ გაიმარჯვა.

ეს იმას შეცვლის, რაც უკვე დაიწყო. მოსკოვმა შეცვალა თავისი პოლიტიკა და სამხრეთ ოსეთს აღარ აღიქვამს როგორც სხვა, დამოუკიდებელ ქვეყანას (მის მიერვე აღიარებულს), არამედ რუსეთის ფედერაციის ნაწილად. ანუ, დე ფაქტო ხდება რუსეთის ფედერაციის ნაწილად, მაგრამ არა დე იურე. ეს არ სჭირდებათ, რადგან ამან შესაძლოა პრობლემები გამოიწვიოს საქართველოსთან. ამიტომ, მაქსიმალურად ცდილობს აითვისოს სამხრეთ ოსეთი, როგორც რუსეთის რეგიონი, ჩადოს ის რესურსები, რასაც დებს რუსეთის სხვა რეგიონებში და აქციოს ეს მხარე რუსეთის ნაწილად. აი, ეს იქნება მთავარი ამოცანა კამბოლოვისთვის",- ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×