ნატალია ჯვარიძე
18.09.2026

თბილისის ბაგა-ბაღებში მასობრივი ინტოქსიკაციის სავარაუდო ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოძიება დაიწყეს. შემთხვევის გამო რამდენიმე ბაღი დაიხურა, ჰოსპიტალიზებულთა მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. სპეციალისტები კი ინფიცირების ჯაჭვის შესაჩერებლად საკვები ნიმუშების სასწრაფო ექსპერტიზასა და მიზეზების დროულ დადგენას ითხოვენ.

ინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება, მათ სამედიცინო დახმარება 6 კლინიკაში გაეწიათ. გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.

„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება. გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც.

  • ანი ქავთარაძე: „ამ ეტაპზე საბოლოო მიზეზი ცნობილი არ არის, მაგრამ ერთი რამ უკვე ცხადია - როდესაც საქმე ბავშვების კვებას ეხება, სისტემაში შეცდომის ფასი შეიძლება ძალიან მაღალი იყოს"

იაშვილის საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის, სოფიო ცერცვაძის თქმით, ჰოსპიტალში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

„გუშინ საღამოდან ჰოსპიტალს 11-მა პაციენტმა მომართა. აღენიშნებოდათ გულისრევა და მუცლის ტკივილი. ყველა პაციენტს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება. 4 პაციენტი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე, 7 პაციენტი კი ამ ეტაპზე სტაციონარში რჩება", - თქვა ცერცვაძემ.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო ამ ეტაპზე დაკეტილია 7 ბაღი - 49-ე 22-ე, 109-ე, 124-ე, მე-10, 31-ე და 59-ე.

სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააღმზრდელო პროცესს ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს 184 საბავშვო ბაგა-ბაღი.

ამასთან, უწყების ცნობით, დღის განმავლობაში არ დაფიქსირებულა კლინიკებში საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მიმართვიანობის მაჩვენებლის მატება.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საბავშვო ბაღებში პროდუქტების შეტანის, დასაწყობების, მომზადებისა და მიწოდების წესები მკაცრ ყოველდღიურ კონტროლს გადის, რათა აღსაზრდელებამდე მივიდეს უსაფრთხო და სტანდარტით გათვალისწინებული საკვები. ასევე ზედმიწევნით არის დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და მოთხოვნები",- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

გამოხმაურებები

პრემიერი ირაკლი კობახიძეი ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით ბაგა-ბაღების შესაბამის მომსახურებას კონკრეტული კომპანიაა უზრუნველყოფს.

„ზოგადად, კონტროლი ხდება. არის კონკრეტული კომპანია, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოფს კვებას, შესაბამის მომსახურებას. როგორც ჩანს, კონკრეტული პრობლემა იყო, თუმცა მოვლენებს მე წინ ვერ გავუსწრებ. მთავარია, შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ მიზეზი, იყო თუ არა კონკრეტული კომპანიის, ან კომპანიების ბრალეულობა. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობაც დადგება. თუმცა, ნუ გავუსწრებთ წინ გამოძიებას, უნდა იყოს გამოკვლეული ეს საკითხი და შემდეგ შეგვეძლება გავაკეთოთ კომენტარი", - აღნიშნა პრემიერმა.

აცხადებს, რომ სკოლებსა და ბაღებში იყო პრობლემები და გამოწვევები, რის დასაძლევადაც კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა.

„რაც შეეხება ბაღებსა და სკოლებს, ჩვენი თვითმიზანი არ არის, ვინმეს, რამე გადავაბრალოთ. მე განვაცხადე, რომ იყო პრობლემები და გამოწვევები. ამ გამოწვევებისა და პრობლემების დასაძლევად, ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. საბოლოოდ, მომავალში კორუფციის, პრობლემების გარეშე სწრაფი ტემპით უზრუნველყოფილი იქნება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება", - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, ხომ არ არის მოსალოდნელი ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ირაკლი ქარსელაძის დაკავება, ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „ ნუ მეკითხებით ნურავის დაჭერაზე, მით უმეტეს, რომ ჩემი საქმე არავის დაჭერა არ არის".

  • მაია ბუწაშვილი: „რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ნარჩენი საკვების ნიმუშების ამოღება როგორც თვითონ საბავშვო ბაღებიდან, ასევე ცენტრალური მიმწოდებლის სამზარეულოებიდან, რომ არ მოასწრონ ნარჩენების განადგურება და ჰიგიენური მახასიათებლების მოწესრიგება"

პოლიტიკურ გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი წევრის, ანი ქავთარაძის განცხადებით, საბავშვო ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაცია „ქართული ოცნების" სრულიად უპასუხისმგებლო, გულგრილი, კორუფციითა და უცოდინარობით სავსე პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ის წლების განმავლობაში ატარებდა და ატარებს".

როგორც ქავთარაძემ, რომელიც პროფესიით ექიმია, ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნების" შვილები კერძო ბაღებში დადიან, მათ ეს საკითხი არ აღელვებთ და არც პასუხისმგებლობას იღებენ.

„ეს მხოლოდ პოლიტიკური საკითხი არ არის, ჩემთვის, როგორც ექიმისთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ბავშვების უსაფრთხოების საკითხია. ამ ეტაპზე საბოლოო მიზეზი ცნობილი არ არის, მაგრამ ერთი რამ უკვე ცხადია - როდესაც საქმე ბავშვების კვებას ეხება, სისტემაში შეცდომის ფასი შეიძლება ძალიან მაღალი იყოს. აქ ჩნდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა - კონტროლისა და შესაძლო კორუფციის საკითხი. წარსული მაგალითები გვაძლევს შესაძლებლობას ვივარაუდოთ, რომ ეს ფაქტი, ისევე როგორც არაერთი სხვა, შედეგია „ქართული ოცნების" სრულიად უპასუხისმგებლო, გულგრილი, კორუფციითა და უცოდინარობით სავსე პოლიტიკის, რომელსაც ის წლების განმავლობაში ატარებდა და ატარებს. პოლიტიკის, რომლისთვისაც ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, განურჩევლად ასაკისა, აბსოლუტურად არაღირებულია. პოლიტიკის, რომლის შედეგადაც მთელი საქართველოს მასშტაბით არაერთი წლის მანძილზე საქართველოს ბაღებსა და სკოლებში ბავშვები ფეკალიებით დაბინძურებულ წყალს მოიხმარენ. პოლიტიკის, რომლის შედეგადაც გაურკვეველი წარმოშობის ცხენის ხორცით კვებავენ ამ ქვეყნის მომავალს. აქვე შეგახსენებთ ბაღების სააგენტოს უფროს გვანცელაძეს, რომელიცმ გავრცელებული ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ატკატს" იღებდა, სწორედ ბავშვებისთვის განკუთვნილი კვებიდან და ამ სქემაში სხვა თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. გვანცელაძე ქვეყნიდან გაიქცა, ხოლო მის ხელმძღვანელ კალაძეს, არც ამ კონკრეტულ ფაქტზე აუღია პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ამ ყველაფრის პარალელურად, „ოცნების" შვილები კერძო ბაღებში დადიან", - განაცხადა ანი ქავთარაძემ.

ამასთან, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს, რომ სწრაფად უნდა მოხდეს ნარჩენი საკვების ნიმუშების ამოღება როგორც საბავშვო ბაღებიდან, ასევე ცენტრალური მიმწოდებლის სამზარეულოებიდან, რათა არ მოასწრონ ნარჩენების განადგურება და ჰიგიენური მახასიათებლების მოწესრიგება.

„ბევრი კითხვაა საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე. ზეპირად იმის თქმა, რამ გამოიწვია ეს ეპიდაფეთქება, ცხადია, შეუძლებელია. ამ ტიპის აფეთქება შეიძლება გამოიწვიოს საკვებისმიერმა ტოქსინმა - თუ ღებინება იწყება საკვების მიღებიდან მალევე, რამდენიმე საათში. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ნარჩენი საკვების ნიმუშების ამოღება როგორც თვითონ საბავშვო ბაღებიდან, ასევე ცენტრალური მიმწოდებლის სამზარეულოებიდან, რომ არ მოასწრონ ნარჩენების განადგურება და ჰიგიენური მახასიათებლების მოწესრიგება, რასაც ასეთი ეპიდაფეთქებების დროს, როგორც წესი, საკვები ობიექტები მაშინვე შეუდგებიან ხოლმე და შემდგომში ძალიან ძნელდება წყაროს მიგნება. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ შეწყდეს ინფიცირების ჯაჭვი. ანუ ის საკვები, რომელმაც ეპიდაფეთქება გამოიწვია, სწრაფად იქნას იდენტიფიცირებული და არ მიმდინარეობდეს ადამიანების ინფიცირების პროცესი ამჟამადაც",- წერს ინფექციონისტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×