თამთა ჩაჩანიძე
18.09.2026

ოპოზიციონერ გია ჯაფარიძის განცხადებას, რომ საქართველო ევროკავშირის „მენიუში" აღარ არის, „ქართული ოცნების" მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველო „არასდროს იქნება რომელიმე მენიუს ნაწილი" და ჯაფარიძის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია საკუთარი ქვეყნის მიმართ ოპოზიციური ძალების დამოკიდებულებას აჩვენებს.

გია ჯაფარიძის განცხადებას, რომ საქართველო ევროკავშირის „მენიუში" აღარ არის, „კერძთან შედარებად" არ მიიჩნევს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე, მისი შეფასებით, ჯაფარიძის განცხადების ასე წარმოჩენა „ქართული ოცნების" მხრიდან უფრო „აგიტაცია-პროპაგანდის" ნაწილია. ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სიაში კვლავ არის, თუმცა ამ ეტაპზე ევროკავშირთან შემდგომ ინტეგრაციაზე მოლაპარაკებების განახლების მზადყოფნა საქართველოს მიმართ არ ფიქსირდება.

  • ნიკა ჩიტაძე: „ბუნებრივია კერძს არ ადარებს. „ოცნებისგან" ეს ისევ უფრო აგიტაცია-პროპაგანდის, საინფორმაციო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. აქ საუბარია ქვეყნების სიაზე"

„ბუნებრივია კერძს არ ადარებს. „ოცნებისგან" ეს ისევ უფრო აგიტაცია-პროპაგანდის, საინფორმაციო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. აქ საუბარია ქვეყნების სიაზე, რომლებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატები არიან, მათ შორისაა საქართველო,მოლდოვა, უკრაინა, ბალკანეთის რამდენიმე სახელმწიფო, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკები.

„ევროკავშირში ჩვენი საკითხი იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ საქართველოში დემოკრატიული პროცესები წარიმართა. ახლა სამწუხაროდ, მართლა ამ სიაში არა ვართ, ვისთანაც ევროკავშირი გამოხატავს მზადყოფნას, რომ ევროპულ სტრუქტურებში შემდგომ ინტეგრაციაზე მოლაპარაკება განახლდეს",- უთხრა ჩიტაძემ „რეზონანსს".

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ჯაფარიძის მხრიდან საქართველოს „საჭმელთან" ან „გადასაყლაპ ობიექტთან" შედარება შემთხვევითი არ არის. მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირის გეგმებში ყოფნა იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ევროკავშირი, მისი შეფასებით, „ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს" დაუბრუნდება.

„მხოლოდ ჯაფარიძეს და მის მაგვარ სუბიექტებს წარმოუდგენიათ საქართველო შესახრამუნებლად, მათგან ვინც მათ აფინანსებს და ვისგანაც ისინი საკვებს იღებენ. ასეთივე საკვები ჰგონიათ საქართველო. მე, მაგალითად, არ მიმაჩნია ეს შემთხვევითობად, რომ მან საქართველო გადასაყლაპ საჭმელს შეადარა. ასეთად წარმოუდგენიათ ჩვენი ქვეყანა იმისთვის, რომ გარეთან ფულები მიიღონ.

  • ედიშერ გვენეტაძე : „მხოლოდ ჯაფარიძეს და მის მაგვარ სუბიექტებს წარმოუდგენიათ საქართველო შესახრამუნებლად, მათგან ვინც მათ აფინანსებს და ვისგანაც ისინი საკვებს იღებენ"

„ევროკავშირის გეგმებში ვიქნებით მაშინ, როდესაც ევროკავშირი დაუბრუნდება იმ მთავარ ღირებულებებს, რომელსაც ჰქვია არა ევროპული, არამედ ზოგადსაკაცობრიო და ადამიანური ღირებულებები. ეხლა რომ იყოს ევროკავშირი მზად ჩვენთვის, ჩვენ არ ვართ მზად იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები და მათ აქვთ ჯოჯოხეთური ღირებულებები აქვთ - როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდებით ერთმანეთისაგან",- განაცხადა გვენეტაძემ.

„ოცნების" შეფასება და ჯაფარიძის განცხადება

„ჩვენი ქვეყანა არასდროს არ იქნება რომელიმე მენიუს ნაწილი",- ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, დიპლომატ, გია ჯაფარიძის განცხადებას. კობახიძის თქმით, „ამ ტერმინოლოგიიდანაც ჩანს აგენტურის დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ"

„ამ ტერმინოლოგიიდანაც ჩანს აგენტურის დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ. როდესაც შენ საკუთარ ქვეყანას, თუნდაც სიმბოლურად და გადატანითი მნიშვნელობით, ადარებ კერძს, რომელიც შესაძლოა ვიღაცის მენიუში იყოს წარმოდგენილი, ეს მეტყველებს მათ ბუნებასა და განწყობაზე. ჩვენი ქვეყანა არასდროს არ იქნება რომელიმე მენიუს ნაწილი, თავის დროზე სწორედ აქეთკენ მიჰყავდათ მათ ქვეყანა.

ვიძლევით გარანტიას, რომ არცერთ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა არ იქნება არცერთი მენიუს ნაწილი, როგორც ეს გია ჯაფარიძეს წარმოუდგენია",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, დიპლომატმა, გია ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „თავისუფალი სტუდია" განაცხადა, რომ „ჩვენ „ქართული ოცნების" მიზანმიმართული ქმედებებით ძალიან დიდი ხანია, აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში", თუმცა ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ვიყოთ არა „მენიუში", არამედ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვისხდეთ მაგიდასთან".

„ჩვენ ვისაც საქართველო გვინდა მშვიდობის, ღირსებისა და კეთილდღეობის სივრცეში - ევროპის კავშირში, ჩვენი სურვილი იყო, რომ ჩვენ „მენიუში" კი არ, არამედ მაგიდის გარშემო ვყოფილიყავით, სადაც სხვა სახელმწიფოებიც სხედან და სხვა ქვეყნები ყოფილიყვნენ „მენიუში" და [პარტნიორებთან ერთად] სხვა ქვეყნის ბედი გადაგვეწყვიტა. რა ჯობია, იყო „საჭმლის მენიუში" თუ იყო იმ ქვეყნების რიგში, რომლებიც საჭმელს უკვეთავენ? ჩვენს შემთხვევაში კი „მენიუშიც" აღარ ვართ, არა თუ მაგიდასთან. ეს კი ლოგიკური გაგრძელებაა იმის, რასაც აკეთებდა „ქართული ოცნება",- განაცხადა ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×