
დმანისის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ განახლებაში ხვალიდან ცხოველების აცრა მასიურად დაიწყება, რადგან სოფელში ცოფის სამი შემთხვევა გამოვლინდა. ცოფის არსებობაზე ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტომ გაავრცელა. უწყების ცნობით, გატარდება დაავადების სალიკვიდაციო ღონისძიებები.
ამ საკითხთან დაკავშირებით "ამბები" ესაუბრა მერის წარმომადგენელს სოფელ განახლებაში. ომარ გოგოჭურის თქმით, სოფელში მასობრივად დაიწყება ცხოველების აცრა.
“ჩვენს სოფელში მოხდა ეს ფაქტი. მოსახლეობამ შეამჩნია საქონლის დავარდნა, მიხვდნენ, რომ ცოფი იყო, თვითონ განაცხადეს ეს ამბავი, დარეკეს 112-ში, მოვიდნენ შესაბამისი სამსახურები და საქონელი წაიღეს კვლევებზე, სინჯებით დადგინდა, რომ ცოფია. ხვალიდან დაიწყება აცრები. დღეს დაკეტილი არის სოფელში ყველაფერი, საქონელი არ გამოდის გარეთ, არ გამოვა ხვალაც და ხვალ მოვლენ და აცრიან", - ამბობს მერის წარმომადგენელი. მისი თქმით, ერთდროულად სამი შემთხვევა იყო, სამივე სხვადასხვა ოჯახში, მეზობლების საქონელს დაუდასტურდა.
"სამ ოჯახში აღმოჩნდა ეგ ყველაფერი, სამივე ოჯახი მეცხოველეობას მისდევს. სამივესთან თითო სული საქონელი დავარდა. სად და როგორ დაინფიცირდნენ, ეს არ ვიცით. ვისიც არის ეს საქონელი მათი ოჯახის წევრებმა აცრები ჩაიტარეს უკვე დაზღვევის მიზნით. ფაქტობრივად, ერთდროულად დაეცა სამივე საქონელი. ჯერ რამის თქმა არ შეგვიძლია, სურსათის უვნებლობა ჩართულია, საქმეში. მიმდინარეობს კვლევები. ამ ოჯახებს სხვა საქონელიც ჰყავთ, მაგრამ სხვაზე ჯერჯერობით არაფერი გამოვლენილა.
როგორ მოხდა დაინფიცირება, ესეც უცნობია. ნებისმიერი რამე შეიძლება იყოს დაინფიცირების წყარო, გარეული ცხოველი. სოფელია, ყველგან გადიან ძროხები საძოვარზე. სოფლის საძოვარი არის მიმდებარე ტერიტორიაზე სოფლის გარშემო, ახლა სოფელში კარანტინია გამოცხადებული და როგორც გითხარით ხვალიდან უნდა აიცრას მთლიანად სოფელში არსებული პირუტყვი, ასევე ძაღლები და კატებიც. ყველანაირი ცხოველი აიცრება. სურსათის უვნებლობის წარმომადგენელმა დღეს დამირეკა და ხვალისთვის ვემზადებით. მაინც სიფრთხილეა საჭირო და აუცილებლად დავიცავთ ყველა წესს. მსგავსი რამე ბოლო წლებში ჩვენთან არ დაფიქსირებულა. უბრალოდ, რომ დაეცა საქონელი, სიმპტომებით მიხვდნენ, რომ ეს ცოფი იყო”, - განაცხადა გოგოჭურმა.
ambebi.ge