თამთა ჩაჩანიძე
19.09.2026

რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები მიმდინარეობს, თუმცა, კენჭისყრის პარალელურად, სულ უფრო აქტიურად ვრცელდება ცნობები შესაძლო ახალი მობილიზაციის შესახებ, რომელიც არჩევნების დასრულების შემდეგ მალევე გამოცხადდება. კრემლი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა მედიაში სულ უფრო ხშირად ჩნდება ცნობები, რომელიც პირდაპირ ან ირიბად მიანიშნებს მოსალოდნელ მობილიზაციაზე. ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას ინფორმაციით კი, კრემლი ამჯერად შეეცდება გასაწვევი ასაკის მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლა აღკვეთოს და ამ მიზნით საქართველოს საზღვარზე კადიროველთა დანაყოფების განლაგება იგეგმება.

2022 წლის შემოდგომაზე, სწორედ მოსალოდნელი მობილიზაციის გამო, გასაწვევი ასაკის რუსეთის მოქალაქეთა მნიშნელოვანმა ნაწილმა დატოვა ქვეყანა. განსაკუთრებით დიდი ნაკადი მიაწყდა საქართველოსა და ყაზახეთს.

წელს ყაზახეთში უკვე დაიწყეს მზადება რუსეთიდან ლტოლვილთა ახალი ნაკადისათვის.

რაც შეეხება საქართველოს, აგვისტოში სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობის მკვეთრი ზრდის შესახებ, თუმცა ეს ნაწილობრივ ტურისტულ სეზონს დაუკავშირეს. ვრცელდებოდა ცნობები, რომ ერთ დღეში (24 საათიანი მონაცემებით) საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. შსს-მ ეს მონაცემები არ დაადასტურა. ამასვე ამბობდა „ლელოს" ლიდერი გრიგოლ გეგელია, რომ „ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს, მათ შორის, შესაძლო მობილიზაციის გამო". 

რუსეთში არჩევნები რამდენიმე დღეზეა გადანაწილებული და 18-20 სექტემბერს ტარდება. ანალიტიკოსთა შეფასებით, რუსეთი უკრაინასთან ომში ცოცხალი ძალის მწვავე დეფიციტს განიცდის, თუმცა მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ ჯარში მასობრივი გაწვევა მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდეგ დაიწყოს.

  • ვახტანგ მაისაია: „არ ვიცი ახლა რამხელა ნაკადს უნდა ველოდოთ, ალბათ, როგორიც პირველი მობილიზაციის პერიოდში იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსები თავად შეეცდებიან ჩაკეტონ საზღვრები. როგორც ვიცი, კადიროვის დაჯგუფება უკვე ემზადება სასაზღვრო პუნქტებში თავისი ქვედანაყოფების განსათავსებლად".

ცნობები ამის შესახებ უკვე რამდენიმე თვეა ვრცელდება. გამოცემა „მოსქოუ თაიმსის" ცნობით, ზაფხულიდან მოყოლებული რუსმა ოფიციალურმა პირებმა 18-ჯერ უარყვეს არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესაძლო გამოცხადება, თუმცა, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, რუსეთის მოქალაქეებისათვის ეს უარყოფები ბოლომდე დამაჯერებელი არაა.

შეზღუდვები ყაზახეთში

ყაზახეთმა მოსალოდნელი შესაძლო მობილიზაციის ფონზე,იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელთანაც უვისო მიმოსვლა აქვს, ფასიანი შესვლის ელექტრონული ნებართვები შემოიღო, ეს რუსეთის მოქალაქეებსაც ეხება. სისტემა სატესტო რეჟიმში 25 აგვისტოს ამოქმედდა. უსაფრთხოების პირველი ფაზა1-ლ ნოემბრამდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც უცხოელებს ყაზახეთში თავისუფლად შეუშვებენ, თუმცა გააფრთხილებენ, რომ შემდეგი მოგზაურობისთვის ელექტრონული დოკუმენტი დასჭირდებათ.

1-ლი ნოემბრიდან ნებართვები სავალდებულო გახდება საჰაერო გზით შესული მოქალაქეებისთვისაც, 15 ნოემბრიდან ამ ნებართვების აღება უკვე საჭირო იქნება ჩინეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის საზღვრებზე არსებულ საგზაო გამშვებ პუნქტებზე. 30 ნოემბრიდან - რუსეთთან და ყირგიზეთთან არსებულ საზღვრებზე. 15 დეკემბრიდან ახალი წესები ასევე გავრცელდება რკინიგზისასა და საზღვაო საზღვრის გადაკვეთაზე.

ნებართვის მისაღებად მოქალაქემ განაცხადი უნდა შეიტანოს მოგზაურობამდე სულ მცირე 72 საათით ადრე. ის მოქმედებს 180 კალენდარული დღის განმავლობაში და ამ პერიოდში ყაზახეთში რამდენჯერმე ვიზიტის საშუალებას იძლევა. ნებართვის ღირებულება წინასწარი განაცხადის შემთხვევაში დაახლოებით 3 900 ტენგეა (730 რუბლი - დაახლოებით 8 დოლარი) და სასაზღვრო პუნქტზე გაცემის შემთხვევაში დაახლოებით 7 800 ტენგე (1,500 რუბლი / 16 დოლარი). ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ შეზღუდვების შესახებ აგვისტოს დასაწყისში გამოაცხადა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინ ზატულინმა ყაზახეთის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს გავლენას ახდენს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში თავისუფალი მგზავრობის პრინციპზე. მან ახტანას მოსთხოვა გადაწყვეტილება ახსნას და რუსეთის მოქალაქეები ამ შეზღუდვისგან გაათავისუფლოს.

„მოსკოვ თაიმსი" წერს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, 2022 წელს მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ყაზახეთი პოპულარული ადგილი გახდა რუსებისთვის. ქვეყნის შრომის სამინისტროს მონაცემებით, 400 000-ზე მეტი რუსი ჩავიდა, დაახლოებით 100 000 კი დარჩა. რუსეთის მოქალაქეებს ყაზახეთში დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ დარჩენა. უფრო ხანგრძლივი ყოფნისთვის საჭიროა დროებითი ბინადრობის ნებართვა.

მობილიზაციის ინდიკაციები და კრემლის პოზიცია

18 სექტემბერს „ბლუმბერგმა" მის ხელთ არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით დაწერა, რომ სახელწმიფო სათათბიროს არჩევნების შემდგომ შესაძლო მობილიზაციის გამოცხადების საფრთხის გამო, რუს ჩინოვნიკებს აქტივები უცხოურ ბანკებში გადააქვთ, მეგობრებსა და ნათესავებს კი არწმუნებენ, რომ რუსეთი დატოვონ.

ამავე ინფორმაციის თანახმად, რუსი მაღალჩინოსნები და სამხედრო კომისარიატების თანამშრომლები იზიარებენ რუსეთის სხვა მოქალაქეების შეშფოთებას, რომ სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ შესაძლოა მობილიზაცია გამოცხადდეს.

აქვე აღსანიშნავია რომ 2026 წელს რუსეთში კადრების მასშტაბური შემცირებები მიმდინარეობს, სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, რუსული კომპანიების დაახლოებით 25% გეგმავს, ან უკვე ახორციელებს შტატების ოპტიმიზაციას წლის ბოლომდე.

„ბლუმბერგის" ინფორმაციით კი, რუსი ჩინოვნიკები „შიშობენ, რომ საჯარო სამსახურის გათავისუფლებული თანამშრომლები შესაძლოა ფრონტზე გაგზავნონ".

შესაძლო მბილიზაციის შესახებ ცნობების ფონზე, გავრცელდა ინფირმაცია მეზობელ ქვეყნებში რუსების ნაკადის ზრდის შესახებ.

კიდევ ერთი ინდიკაცია ისაა, რომ აგვისტოში კრემლმა სომხეთის ხელისუფლება პროვოკაციული განცხადებების გაკეთებაში მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც ერევანმა მზადყოფნა გამოთქვა მიეღო რუსები, რომლებიც თავს აარიდებენ სამხედრო სამსახურს.

მიუხედავად ამ ნიშნებისა, რუსეთის ხელისუფლება გადაჭრით უარყოფს მბილიზაციის გამოცხადებას. 3 სექტემბერს ვლადივასტოკში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ისევ განაცხადა, რომ „არ არსებობს სცენარი, რომელიც მობილიზაციას მოითხოვს". მან მობილიზაციის შესახებ ინფორმაციებს უწოდა „სახელმწიფო დუმის არჩევნების წინ მტრის საინფორმაციო შეტევა შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობის მიზნით".

ერთი დღით ადრე, ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემდეგ, პუტინმა მობილიზაციასთან დაკავშირებულ შეშფოთებებს „სრული სისულელე" უწოდა.

ამის პარალელურად, რუსები იუწყებიან გამოძახებების, სამხედრო საწვრთნელი ბანაკების და უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის გაწვევის გაზრდის შესახებ. რუსმა სამხედრო მიმომხილველებმა და „ტელეგრამ" არხებმა ივლისში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ იძულებითი გაწვევა შესაძლოა 1.2 მილიონი რუსს ეხებოდეს, რასაც შესაძლოა თან ახლდეს რუსეთის მეზობელ ქვეყნებთან ფარული შეთანხმებები, რომ ხელი შეუშალოს გაწვევის ასაკის მამაკაცებს გადასვლას მეზობელ სახელმწიფოებში ლტოლვილის სტატუსით.

ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" აგვისტოს მონაცემებით, რუსი ჯარისკაცების საერთო დანაკარგებმა ზედიზედ მეორე თვეა 40 000-ს გადააჭარბა.

როგორც „ფაინენშელ თაიმსი" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, კრემლმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის რეგიონებს დაავალა, რომ 2026 წლის ბოლომდე ომისთვის 409 000 კონტრაქტორი ჯარისკაცი გამოიძახონ. ამ გეგმის შესასრულებლად კი ხელისუფლება ადგილობრივ ჩინოვნიკებზე ზეწოლას აძლიერებს.

„რუსეთს 300 000 ჯარისკაცის მობილიზების გეგმა არ აქვს არჩევნების შემდეგ და 2026 წლის ბოლომდე",- აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ „რაშა თუდეისთან".

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა სექტემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების საჭიროებებს სრულად აკმაყოფილებენ კონტრაქტორი ჯარისკაცები და მობილიზაციის შესახებ ცნობები „პროვოკაციაა". მისი თქმით, გაწვევის მაჩვენებელი „ზუსტად საჭირო ფარგლებშია და კიდევ უფრო მაღალიცაა".

2022 წლის 21 სექტემბერს რუსეთმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რის შედეგადაც 300 000 რეზერვისტი დაექვემდებარა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას. ცოტა ხნის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების შესახებ განაცხადა, თუმცა, მოგვიანებით დასძინა, რომ შესაბამის ბრძალებულებაზე ხელი მოწერილი არაა და საკითხი ღიად რჩება.

იქნება თუ არა მობილიზაცია

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მობილიზაცია ყველა ვარიანტში გამოცხადდება და რუსეთის ხელისუფლება თავადვე შეეცდება, არ გაუშვან სამობილიზაციო ხალხი ქვეყნიდან.

„ყველა ვარიანტში გამოცხადდება, ეჭვი არ მეპარება. უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, რუსებს შეექმნათ სერიოზული პრობლემა. შეიძლება ლიმანის მიმართულებით დაახლოებით 20 000-კაციანი რუსული დაჯგუფება ალყაში აღმოჩნდნეს. პუტინს სინამდვილეს არ დაუჯერებენ და ეს განცხადებები სარწმუნო არაა.

„საქართველოში უკვე შედარებით გაიზარდა რუსი მოქალაქეების წილი. არ ვიცი ახლა რამხელა ნაკადს უნდა ველოდოთ, ალბათ, როგორიც პირველი მობილიზაციის პერიოდში იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსები თავად შეეცდებიან ჩაკეტონ საზღვრები. როგორც ვიცი, კადიროვის დაჯგუფება უკვე ემზადება სასაზღვრო პუნქტებში თავისი ქვედანაყოფების განსათავსებლად.

„ყაზახეთ-რუსეთის საზღვარი ძალიან დიდია, მისი გაკონტროლება ფაქტიურად შეუძლებელია. ყაზახეთში უფრო მეტი რუსი ჩავა, ვიდრე საქართველოსა და სომხეთში. აზერბაიჯანი ძალიან მაგრად გადაკეტავს დაღესტანთან საზღვარს. არაა გამორიცხული ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალშიც შემოვიდნენ.

„რას იზამს საქართველოს ხელისუფლება, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა, მე მივიღებდი ზომებს. რუსებმა ახალი ტექნოლოგია შემოიღეს, ისინი ელექტრონულად ახორციელებენ ბაზების მიხედვით გაფილტვრას, ანუ აეროპორტებიდან, რკინიგზიდან და ავტომობილებიდანაც კი ხდება სამობილიზაციო ხალხის მოხსნა. ისინი შეეცდებიან თავადვე არ გამოუშვან ეს ხალხი. მობილიზაციის პირველ და მეორე ეტაპზე 200-200 ათასს გაიწვევენ", - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×