რეზონანსი
19.09.2026

„როდესაც ქვეყანაში უცხოური კაპიტალი შემოდის, იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, შენდება, ვითარდება ეკონომიკა და იზრდება ქვეყნის შესაძლებლობები. სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება სწორედ ინვესტიციების მოზიდვა და ქვეყნის აღმშენებლობაა“, - ამბობს ექსპერტი დავით ჩიხელიძე და ქვეყანაში ინვესტიციების მიმართ საზოგადოებაში წარმოქმნილ შიშზე წერს.

მისი თქმით, სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც.

„დღევანდელ აკაცუკებს დავით აღმაშენებლის დროს რომ ეცხოვრათ, ყივჩაღთა ჩამოსახლებას აქციებით შეხვდებოდნენ და „ყივჩაღიზაციას“ გააპროტესტებდნენ. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არ სურს ტრამპ თაუერის მშენებლობა, ნაწილს კი არაბული ინვესტიციით დაგეგმილი ორი ახალი დასახლების მშენებლობა. თითქოს საქართველოში ინვესტიციის შემოსვლა ავტომატურად რაღაც საფრთხეს ნიშნავს.

უნდა გვესმოდეს მარტივი რამ, ეს არის ინვესტიცია და არა „არაბული“, „ამერიკული“ თუ „გერმანული“ დასახლებები. როდესაც ქვეყანაში უცხოური კაპიტალი შემოდის, იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, შენდება, ვითარდება ეკონომიკა და იზრდება ქვეყნის შესაძლებლობები. სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება სწორედ ინვესტიციების მოზიდვა და ქვეყნის აღმშენებლობაა.

თუ ჩვენს წარსულს გადავხედავთ, დავით აღმაშენებლის დროს, საქართველოში ყივჩაღთა დიდი ჯგუფი ჩამოასახლეს. ჩვენთვის ცნობილი და ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით, ლაპარაკია 40 000 ყივჩაღურ ოჯახზე, რაც ოჯახების საშუალო შემადგენლობის მიხედვით, დაახლოებით, 160-200 ათას ადამიანს ნიშნავს, თუნდაც 100 000 ათასი იყოს, ეს იმ დროისთვის საკმაოდ დიდი რიცხვია, რადგან საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონს არ აჭარბებდა (ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის).

წარმოიდგინეთ, დღევანდელი აკაცუკი როგორი აღშფოთებით და გაბრაზებული შეხვდებოდა დავით აღმაშენებლის ამ სტრატეგიულ ნაბიჯს, ალბათ, აქციაზე იდგებოდა, ბუკის და ნაღარის პარალელურად, ხმის იოგების დაწყვეტამდე იყვირებდა: „გადადგეს მეფე“, „უცხო ტომელებს არ შემოვუშვებთ“, „არა ყივჩაღიზაციას“, „ყივჩაღებო, ქვეყანას არ დაგითმობთ“ და ა.შ. ბოლოს იმ ერთ მთავარ აქციას გაუწევდნენ ორგანიზებას, რომლის სლოგანიც იქნებოდა - „საქართველო დავითისა და ყივჩაღების გარეშე“. რეალურად კი ყივჩაღთა ჩამოსახლება დავითის სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

ასიათასობით ადამიანის ჩამოსახლებასა და რამდენიმე მილიარდის ინვესტიციას ერთმანეთს ვერც კი შევადარებთ. მაგრამ მაგალითი ერთ რამეს კარგად აჩვენებს. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც. ნუ ვეძებთ კატას ბნელ ოთახში, განსაკუთრებით მაშინ, როცა კატა იქ საერთოდ არ არის.

პ.ს. დავით აღმაშენებელი დღეს სად არის, ყველამ ვიცით, აღმაშენებელი არის წმინდანი და საქართველოს ისტორიაში უდიადესი მეფე! აკაცუკები კი, სამწუხაროდ, ნეხვში არიან“, - წერს ჩიხელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×