რეზონანსი
19.09.2026

აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას საქართველოს შესახებ დღეს ვიღებთ საქართველოში, თუმცა, ამისთვის ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ და ბევრი პოლიტიკური დარტყმაც მივიღეთ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, საქართველომ 1991 წელს დამოუკიდებლობა აღიდგინა, თუმცა, მაშინ სუვერენიტეტი არ დაუბრუნებია.

„იყო სააკაშვილის ხელისუფლება, როდესაც გარე ძალები მართავდნენ იმ ხელისუფლების ხელით ჩვენს ქვეყანას და ატარებდნენ თავიანთ ინტერესებს. თუ დამოუკიდებლობასთან ერთად სუვერენიტეტი არ გაქვს, მაშინ ეს დამოუკიდებლობა მოჩვენებითია. როდესაც ჩვენ ეს ქვეყანა გადმოვიბარეთ, ჩვენს ქვეყანაში უცხო ძალების ჭარბი გავლენები იყო. შესაბამისად, ჩვენ უნდა გადაგვედგა ნაბიჯები, რომ დაგვებრუნებინა ქვეყნისთვის სუვერენიტეტი და დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მმართველობის 14 წლის თავზე საქართველო არის იმდენად დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან. აბსულუტურად ყველა გადაწყვეტილებას საქართველოს შესახებ დღეს ვიღებთ საქართველოშივე, თუმცა, ამისათვის ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ და ბევრი პოლიტიკური დარტყმაც მივიღეთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მმართველი პარტიის დეპუტატის განცხადებით, სუვერენიტეტზე საუბრის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესების დაცვა და გატარებაა.

„შენ, რა თქმა უნდა, პარტნიორის, მეგობრის ინტერესი უნდა გაითვალისწინო, მაგრამ არასდროს არ უნდა გაითვალისწინო, თუ ის კონფლიქტში მოდის შენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესთან“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×