
"მართლმსაჯულების სახლის" დამფუძნებლის, ეკა ბესელიას განცხადებით, სკოლამდელი დაწესებულებების უსაფრთხოებისა და კვების საკითხებში პასუხისმგებლობა სხვადასხვა უწყებაზეა გადანაწილებული, თუმცა პროცესში პარლამენტს განსაკუთრებული როლი აქვს.
კერძოდ, როგორც ბესელიამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, სკოლამდელი დაწესებულებების შესახებ 2016 წელს მიღებული კანონით პასუხისმგებლობის საკითხი განსაზღვრულია და შესაბამისი ფუნქციები სხვადასხვა უწყებაზეა გადანაწილებული. პასუხისმგებლობის სფეროები მოიცავს უსაფრთხოებას, ჯანდაცვას, კვებასა და მატერიალურ-ტექნიკურ საკითხებს. ბესელიას განცხადებით, საკვები პროდუქტების კონტროლის პირველადი პასუხისმგებლობა თავად ბაღს ეკისრება, შემდეგ კი მუნიციპალიტეტსა და მერს.
"პასუხისმგებლობა იწყება ბაღით, რადგან ის არის იმ საკვები პროდუქტების შემომტანი და მას პირდაპირი შეხება აქვს ბავშვებთან. შემოტანილ პროდუქციას შესაბამისი ფილტრი უნდა ჰქონდეს. პირველი პასუხისმგებლობა არის ბაღის, შემდეგ გადადის მუნიციპალიტეტზე, მერზე და ამის შემდეგ უნდა ერთვებოდეს პარლამენტი. ხვალვე უნდა მოეწვიათ საკომიტეტო მოსმენა, უნდა დაუძახონ პასუხისმგებელ პირებს",- განაცხადა ბესელიამ.
მან ასევე ისაუბრა ახალციხეში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტზე, სადაც 2025 წელს კერძო ბაგა-ბაღში ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ეძინა, როდესაც აღმზრდელმა დახედა და გარდაცვლილი დახვდა.
"ერთ-ერთი საქმე გვაქვს იურისტების ჯგუფს - ახალციხის ერთ-ერთ ბაღში 2 წლის დაჩი გარდაიცვალა ძალიან ტრაგიკულად. ბავშვი, რომელიც ბაღში საღ-სალამათი მიიყვანეს, უცბად გარდაიცვალა. ახლა გამოძიება განახლდა. რა გვაჩვენა ამ ისტორიამ? - რეგიონებში კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაა: არანაირი სტანდარტი, არანაირი სამედიცინო გარანტიები და არანაირი უსაფრთხოების გარანტიები.
მომხდარიდან დაახლოებით ერთი წელია გასული. გამოძიება შეწყვიტეს და დედამ დაიწყო ბრძოლა. მან საოცარი სიმტკიცე გამოიჩინა, რომელიც დაგვიკავშირდა.
გაჩერებული გამოძიების მასალებს რომ გადავხედე, ძალიან ბევრი საეჭვო გარემოება აღმოჩნდა იქ - ერთნაირი ჩვენებები, გაურკვეველი ექსპერტიზის დასკვნა, ბევრი ბუნდოვანი კითხვა. დედა არ ეთანხმება დასკვნას.
გამოძიების ვერსიით, თითქოს ბავშვს ფილტვების ანთება ჰქონდა და ამის გამო გარდაიცვალა. საქმე ამით დაიხურა. აქ არ არის საუბარი განზრახ დანაშაულზე - საუბარია იმაზე, იყო თუ არა შესაბამისი სტანდარტები ბაღში, შესაბამისი სამედიცინო უზრუნველყოფა და დროულად მოხდა თუ არა ჩარევა.
პროკურატურამ გაიზიარა დედის პოზიცია, რომ გამოძიება განახლებულიყო" - განაცხადა ეკა ბესელიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე