რეზონანსი
20.09.2026

ექსპერტი ნინო ფოჩხუა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ გიორგი გველესიანის მიერ კარიერის დასრულების შემდეგ მიცემული ინტერვიუს ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, გიორგი გველესიანმა ინტერვიუში საკუთარი სამშობლოს მოწყობის შესახებ აზრი გამოხატა, რითაც ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი გამოავლინა, თუმცა მას თავს ისევ ის ადამიანები დაესხნენ, რომელთაც სამშობლოს უანგარო სიყვარული ვერ წარმოუდგენიათ.

„გიორგი გველესიანმა დაასრულა საფეხბურთო კარიერა და პირველი სრული ინტერვიუ მისცა, სადაც გამოხატა საკუთარი აზრი საკუთარი სამშობლოს მოწყობის შესახებ, რითაც მან სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი გამოავლინა. ვინც ნახა, თუ ვინ დაესხა მას თავს, არც გაჰკვირვებია, იგივე უსამშობლო ადამიანთა კასტა, რომელთაც ვერ წარმოუდგენიათ სამშობლოს უანგარო სიყვარული, ხან დეპუტატობა უნდა იძახეს, ხან წყალობას ელოდება და ა.შ.

ამ თავდასხმებით არა თუ გიორგი გველესიანს, არამედ ვერავის მიაყენებენ ზიანს, ვისაც ქვეყანა უყვარს და სწორ მხარეს დგას", - წერს ფოჩხუა.

გიორგი გველესიანმა „ჯეო თიმთან" ინტერვიუში 2024 წლის მოვლენების შესახებ განაცხადა: „საქართველო იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. არჩევანი იყო „ქართულ ოცნებასა" და კოლექტიურ ქვეყნის მოღალატეებს შორის - ყველა პოზასა და ყველა სიტუაციაში გამოჭერილი, გაფუჭებული მოღალატეები სანამ არ მოშორდებიან ქართულ პოლიტიკურ ველს, მანამდე ძალიან რთულია რაიმე სიკეთეზე საუბარი". მან ასევე აღნიშნა: „ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა - „ჩვენი გზა არის ევროპაში". მე შეკითხვა დავსვი, ვიცით, რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×