
მომავალ კვირაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა. იგეგმება მაღალი დონის შეხვედრები, მათ შორის გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან. ანალიტიკოსების ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ კობახიძე თუნდაც სპონტანურად შეხვდეს დასავლეთის სხვა ლიდერებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გენერალური ასამბლეის სესიის გენერალურ დებატებზე საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა.
„ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი ასევე მონაწილეობას მიიღებს „მრავალმხრივი პარტნიორობის" სამიტში და ფინეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომელიც მშვიდობის თემაზე იმართება. ასევე დაგეგმილია ირაკლი კობახიძის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან", - ნათქვამია ინფორმაციაში.
- გია აბაშიძე: „უდიდესი ალბათობით, იქნება ის შეხვედრები, რომელიც მედიისა და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი და ასევე ტრადიციულად, იქნება ისეთი შეხვედრებიც, რომელთა მონაწილეებსაც არ სურთ ამის აფიშირება, მაგრამ საქმეზე არიან ორიენტირებული."
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს გაეროს გენერალურის ასამბლეის მე-80 სესიაზე საქართველოსგან პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იმყოფებოდა და სიტყვითაც ის გამოვიდა. როგორც მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, შარშან ნიუ იორკში პრემიერი კობახიძე იმიტომ ვერ გაემგზავრა, რომ ქვეყანაში ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდა და ის მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო.
ასამბლეის დეტალები
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულზე (22-28 სექტემბერი) ნიუ-იორკში მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერი მოიყრის თავს. სულ მოსალოდნელია 70-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაურისა და 40-ზე მეტი მთავრობის ხელმძღვანელის მონაწილეობა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლას 23 სექტემბერს გეგმავს. გარდა ამისა, იგი მონაწილეობას მიიღებს გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალურ სხდომაში, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებას ეხება და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.
გარდა ამისა, ნიუ იორკში იქნებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, რომელიც გაეროს ასამბლეას 24 სექტემბერს ევროკავშირის სახელით მიმართავს; ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი.
სესიაში მონაწილეობენ ფინეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთისა და ევროპის სხვა წამყვანი ქვეყნების ლიდერები თუ საგარეო საქმეთა მინისტრები.
მასპინძელი ქვეყნის ტრადიციისამებრ, ასამბლეაზე სიტყვით გამოდის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.
ანტონიო გუტიერეში გახსნის მაღალი დონის სეგმენტს და გამართავს სერიულ შეხვედრებს ლიდერებთან.
რუსეთის დელეგაციას კი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს. წინასწარი ინფორმაციით ასამბლეას დაესწრება აშშ-ის სახელმწიფგო მდივანი მარკო რუბიო, რომელიც შესაძლოა იქ შეხვდეს სერგეი ლავროვს. ეს თავად ლავროვმაც დაადასტურა.
შეხვედრის ძირითადი განხილვის საგანი უკრაინაში მიმდინარე ომი, შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკების პირობები და ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები იქნება. ლავროვის თქმით, მხარეები განიხილავენ აშშ-ის პოზიციას კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით.
ამ ეტაპზე ამერიკულ მხარეს შეხვედრის ზუსტი თარიღი ან დეტალები ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა დიპლომატიურ კულუარებში შეხვედრა ასამბლეის კვირეულის ფარგლებში მოსალოდნელად ითვლება.
თუ შეხვედრა შედგა, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის პირდაპირი დიპლომატიური კონტაქტი აშშ-სა და რუსეთს შორის გენერალური ასამბლეის ფარგლებში.
რაზე მიანიშნებს შეცვლილი გადაწყვეტილება
ანალიტიკოსის არჩილ გამზარდიას აზრით, კობახიძემ ყაველაშვილი იმიტომ ჩაანაცვლა, რომ ის ბევრად კვალიფიციურია და შესაძლოა, „ოცნებაში" საერთაშორისო ურთიერთობების გააქტიურება უნდათ.
„მგონია, რომ ყაველაშვილს არ აქვს ის ინტელექტუალური რესურსი, რაც საჭიროა ნომინალური კომუნიკაციების მართვისთვის. მაინც საერთაშორისო დონის შეხვედრაა. აღარაფერს ვამბობ სიტყვით გამოსვლასა და საქმიან ურთიერთობებზე. არ იცის ეს ყველაფერი, არც გამოცდილება აქვს. კობახიძე გამოცდილი, კვალიფიციური კადრია, ბუნებრივია და ის უფრო მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს.
„ამას გარდა, ბოლო დროს საქართველო ბევრად უფრო უკან წავიდა საერთაშორისო ურთიერთობებში და შეიძლება რაღაცა კუთხით ამის გააქტიურება ხელისუფლებას უფრო სჭირდებოდეს შიდა ბაზარზეც და გარე ბაზარზეც", - თქვა გამზარდიამ.
- არჩილ გამზარდია რუბიო-კობახიძის შესაძლო შეხვედრაზე: „ოფიციალური პროტოკოლი როდესაც ამას არ გულისხმობს, შეიძლება არაოფიციალური და დაუგეგმავი და შემთხვევითი გადაკვეთებიც ხდებოდეს."
ანალიტიკოსის, გია აბაშიძის შეფასებით, იმაში, რომ კობახიძემ ყაველაშვილი ჩაანაცვლა, მოულოდნელი და განსაკუთრებული არაფერია.
„ამ გადაწყვეტილებაში უჩვეულო არაფერია. ადრეც მომხდარა და პირიქით, ხაზს უსვამს იმას, რომ სწორედ მთავრობის მეთაური, რომელსაც გაცილებით მეტი უფლებამოსილება აქვს საქართველოში, უნდა გამოჩნდეს იმ ერთ-ერთ მაღალ საერთაშორისო ტრიბუნაზე და შეხვდეს ამ მომენტში საქართველოს ინტერესებისთვის საჭირო პოლიტიკურ ლიდერებსა და გავლენიან აქტორებს.
„ეს არანაირად არ აკნინებს პრეზიდენტის ინსტიტუტს. ეს ყველაფერი გაწერილია კონსტიტუციურად. ამ მომენტში საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრემიერი - საგარეო საქმეთა მინისტრი ბოჭორიშვილი გამოჩნდნენ ამ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმზე, გაავრცელონ შესაბამისი გზავნილები, შეხვდნენ სხვადასხვა სამუშაო ფორმატში სხვადასხვა პოლიტიკოსს და განიხილონ არსებული ვითარება თუ დასახონ სამომავლო ურთიერთობები.
„ამის რაიმე ტრაგიკულ და ნეგატიურ ფერებში გამოყვანა თუ ამის მცდელობა აჩვენებს ამ იდეის ავტორთა აბსოლუტურ არაერუდირებულობას საერთაშორისო პოლიტიკასა და განსაკუთრებით დიპლომატიაში", - განაცხადა აბაშიძემ.
როგორ გამოიყენებს ამ შანსს ქართული დელეგაცია
გამზარდია ფიქრობს, რომ თუ თავად საქართველოს ხელისუფლებამ არ შეცვალა დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ, მაშინ იქნება მხოლოდ ფორმალური შეხვედრები.
„მე რასაც ვადევნებ თვალყურს, დასავლელ ლიდერებს არც ჰქონიათ წინაღობა საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის. თვითონ საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა მათთან კომუნიკაციის ნაცვლად დისკომუნიკაციას. ამიტომ, ამის პრობლემა ისედაც არ აქვთ მათ. უბრალოდ, თემა არის ის, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება არ იქნება ნომინალური დემოკრატიის ქვეყანა მაინც, ეს ურთიერთობები წინ ვერ წავა და რაღაც ფორმალისტურ გადაკვეთებზე იქნება მარტო ორიენტირებული", - აღნიშნა გამზარდიამ.
გია აბაიშიძის აზრით, შესაძლოა იყოს გარკვეული მნიშნელოვანი შეხვედრები, მაგრამ ამის აფიშირება არ მოხდეს.
„საქმე ისაა, რომ, როგორც წესი, თუნდაც საქართველოსა თუ სხვა ქვეყნების მაგალითზე, არის ისეთი შეხვედრები, რომლებიც ყოველთვის არ ხდება ტელე თუ ფოტოობიექტივის დიაპაზონში.
ვგულისხმობ იმას, რომ როგორც მანამდე, ასევე ახლაც, უდიდესი ალბათობით იქნება ის შეხვედრები, რომელიც მედიისა და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი და ასევე ტრადიციულად, როგორც ეს მიღებულია გლობალურ პოლიტიკაში, იქნება ისეთი შეხვედრებიც, რომელთა მონაწილეებსაც არ სურთ ამის აფიშირება, მაგრამ საქმეზე არიან ორიენტირებული.
„მე ვერ დავკონკრეტდები კერძოდ ვისთან იქნება ასეთი შეხვედრები, თუმცა, რაც კი საჯარო იქნება, აშკარად იმის მიმანიშნებელი იქნება (და არც თუ ისე ძნელად გამოსაცნობი), თუ ვის, რატომ და რა თემებზე ელაპარაკა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე", - თქვა აბაშიძემ.
რამდენად მოსალოდნელია თუნდაც კობახიძე-რუბიოს შეხვედრა
არჩილ გამზარდიას აზრით, ასეთი შეხვედრა შეიძლება დაუგეგმავად, არაფორმალურ ვითარებაში მართლაც შედგეს.
„ოფიციალური პროტოკოლი როდესაც ამას არ გულისხმობს, შეიძლება არაოფიციალური და დაუგეგმავი და შემთხვევითი გადაკვეთებიც ხდებოდეს. ახლა თუ ვერ გადაიკვეთება, ნებისმიერ დროს მაინც მოხდება. თემა ის არის, რამდენად აღიარებს საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ძალაუფლების სუსტ მხარეებს იმ მხრივ, რომ გადაიტანა მეტ ტოტალიტარიზმში, რამდენად გამოასწორებს, დაწყებული პოლიტპატიმრების თემიდან, გაგრძელებული კანონმდებლობის თემით და ასე შემდეგ. ეს რომ მოეხერხებინა, არანაირი პრობლემა ვინმესთან შეხვედრის არ ექნებოდა", - განაცხადა არჩილ გამზარდიამ „რეზონანსთან".
აბაშიძის აზრით, გამორიცხული არაფერია.
„ეს ჯერჯერობით არ ვიცით - ისევე, როგორც არ ვიცოდით, როდესაც სპონტანურად მოხდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისა და რუბიოს შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან ერთ-ერთ საერთაშორისო ფორუმზე; ისევე როგორც შემდეგ და ასევე წარსულში მოხდა სპონტანური შეხვედრა კობახიძესა და ზელენსკის შორის", - თქვა აბაშიძემ „რეზონანსთან".