
სოციალური უთანასწორობა ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლებში აშკარა და თვალშისაცემია. გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით, 417 მაღალანაზღაურებად პირს იმდენივე შემოსავალი აქვს, რამდენიც 235 000 მოქალაქეს, ჯამში. შემოსავლების ასეთი მკვეთრი დისბალანსი რეალური პრობლემაა. ეკონომისტები და სტატისტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობით, ასევე დასაქმებული მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლებით.
გაერთიანებული პროფკავშირების ეს მონაცემები, როგორც წესი, „საქსტატის“ ან შემოსავლების სამსახურის დეკლარირებულ მონაცემებს ეყრდნობა და სიმდიდრის კონცენტრაციაზე მიუთითებს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, პირველ რიგში, ასეთი დისბალანსი გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანაში არსებული მატერიალური დოვლათის მნიშვნელოვანი ნაწილი მოსახლეობის ძალიან მცირე, პრივილეგირებულ ჯგუფზე (ტოპ-მენეჯერები, მსხვილი ბიზნესის მფლობელები, დიდი თანამდებობის პირები) ნაწილდება.
მოქალაქეების უდიდესი ნაწილი დასაქმებულია დაბალანაზღაურებად პოზიციებზე, რაც ქმნის უფსკრულს საზოგადოების ფენებს შორის. ეკონომისტ გივი მომცელიძის მოსაზრებით, ასეთი სოციალური უთანასწორობის მიზეზია ისიც, რომ ქვეყანაში სოციალური პოლიტიკა მეორეხარისხოვანია. აუცილებელია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა ისე, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია.
„ჩემი აზრით, უთანასწორობასთან ბრძოლის მთავარი მეთოდი არის მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობა. შესაძლოა, მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში არ უჭირს, მაგრამ რეალურად, 1000 ლარამდე ხელფასი ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს აქვს. საშუალო და მცირე ბიზნესი შედარებით კარგ დონეზე რომ იყოს, ბევრად უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა.
პირველ რიგში, მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა წახალისდეს, რადგან მსხვილმა ბიზნესმა ყველაფერი ხელში ჩაიგდო.
სამშენებლო სფერო ავიღოთ, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესს არ შეუძლია დეველოპერობა, მხოლოდ ის შეუძლია, რომ სოფელში ჰქონდეს კერძო ბიზნესი, მაგრამ იქ შესაბამისი პირობები და ინფრასტრუქტურა არ არის. ქართველ ფერმერებს არ შეუძლიათ ისეთი წარმოება გამართონ, როგორც ამას ევროპელი ფერმერები აკეთებენ. ბევრს არ აქვს ამის შესაძლებლობა, რადგან ფინანსებზე ხელმისაწვდომობა არ არის, მაგრამ გარდა ამისა, სოფლებში ვინც ბიზნესი უნდა გააკეთოს ან ქალაქშია ჩამოსული, ან ქვეყნიდანაა წასული“, - განუცხადა „რეზონანსს“ მომცელიძემ.
ეკონომისტ სოსო ბერეკაშვილის შეფასებით, შემოსავლებში ამგვარი უთანასწორობის მთავარი მიზეზია მოქალაქეების ძალიან დაბალი ანაზღაურება. საშუალო და ზედა რგოლებში დასაქმებულ ტოპ-მენეჯერებს, თუ ხელმძღვანელ პირებს რომ მაღალი ხელფასი აქვთ, ეს სულაც არ არის პრობლემა.
„მთავარი პრობლემა არის, მცირე ანაზღაურება, რომელიც მინიმალურ საჭიროებასაც ვერ აკმაყოფილებს. ამ კატეგორიის ადამიანებზე ნებისმიერი ტიპის ეკონომიკური პრობლემა განსაკუთრებით მძიმედ მოქმედებს. მაგალითად, როდესაც გვაქვს ინფლაცია, სადაც დიდი წილი უკავია საკვებს, დაბალშემოსავლიანი ხალხი ძალიან იჩაგრება, რადგან მათი ხარჯი ძირითადი ნაწილი საკვებზე მოდის. დიდი შემოსავალი ვისაც აქვს, მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია საკვები გაძვირდება, თუ არა.
აქედან მარტივი გამოსავალი არ არსებობს, რაც შეიძლება, ხელისუფლებამ მოიგონოს. თუნდაც მინიმალური ხელფასის დაწესება პრობლემას ვერ გადაჭრის, მთავარია სტაბილური ეკონომიკური განვითარება. ვგულისხმობ არა უბრალოდ რიცხვებს, რადგან სტატისტიკაც არ აჩვენებს რეალურ სურათს ყოველთვის. ყველა ფენა თანაბრად ვერ იზრდება. აი, ეს არის პრობლემა იმიტომ, რომ ზრდა უნდა იყოს ინკლუზიური, ანუ ყველას უნდა ეხებოდეს და მატერიალური სიკეთე ყველა ჯგუფზე უნდა ნაწილდებოდეს“, - განუცხადა „რეზონანსს“ ბერეკაშვილმა.
პრობლემიდან გამოსავალს დასაქმებული მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლებაში ხედავს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე. ნაბიჯი აუცილებლად გადასადგმელია, რადგან სწორედ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანები ქმნიან რეალურად მზარდ დამატებით ღირებულებას.
„პრობლემა, რომელიც დაასახელეთ, ანუ სოციალური უთანასწორობა შემოსავლებში, არ არის მხოლოდ დღევანდელი და გუშინდელი საკითხი. იგი იქიდან დაიწყო, როდესაც საბჭოთა სისტემიდან თავისუფალ, საბაზრო ეკონომიკაზე გადავედით. ეს იყო ქირურგია ანესთეზიის გარეშე, მხედველობაში მაქვს 90-იანი წლები, როდესაც მასობრივად დაიწყო სამუშაო ადგილების შემცირება, ადამიანებმა დაკარგეს სამუშაო და დაირღვა თანაფარდობა მოთხოვნა-მიწოდებას შორის, რასაც სამუშაო ძალის შემცირება მოჰყვა. შედეგად მივიღეთ უმუშევრობის ზრდა და შრომითი ემიგრაცია - საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ემიგრაციაშია და იქიდან აგზავნის თანხებს სამშობლოში.
რაც შეეხება სოციალურ უთანასწორობას შემოსავლებში, საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, სხვაობა ყველაზე მდიდარ 10 პროცენტსა და ყველაზე ღარიბ 10 პროცენტს შორის არ უნდა აღემატებოდეს ათჯერად მაჩვენებელს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 4 მილიონია, 4 მილიონის 10 პროცენტი 400 000-ია, მათი საშუალო შემოსავალი, ყველაზე ღარიბი 400 000 მოქალაქის შემოსავალს არ უნდა აღემატებოდეს ათჯერ. ჩვენთან ეს განსხვავება ბევრად მაღალია, რაც იწვევს სოციალურ უკმაყოფილებას. პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა დასაქმებული მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლება, ვგულისხმობ შედარებით დაბალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანების გადამზადებას, რათა მათ მიერ შექმნილი დამატებითი ღირებულების კოეფიციენტი იყოს მზარდი“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას სოსო არჩვაძემ.