
მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბარიერგადალახული, თუმცა სტუდენტის სტატუსის გარეშე დარჩენილი 1 700-ზე მეტი აბიტურიენტისთვის მეორადი ჩარიცხვების ეტაპი ამოქმედდა. თუმცა, განათლების ექსპერტ მანანა ნიკოლაიშვილის შეფასებით, მექანიზმი უშედეგო აღმოჩნდა - 1 000-მდე ახალგაზრდა ისევ ჩაურიცხავი დარჩა, რაც, მისი თქმით, ტაქტიკური შეცდომების კი არა, შემცირებული ადგილებისა და განათლების სისტემაში განხორციელებული მავნებლური ცვლილებების შედეგია.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, ამოქმედდა ე.წ. მეორადი ჩარიცხვების მექანიზმი. ეს იმ აბიტურიენტებს ეხება, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველა სავალდებულო საგანში წარმატებით გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა ძირითადი კონკურსის შედეგებით სტუდენტები ვერ გახდნენ.
წელს ჩარიცხვების ძირითადი ეტაპის დასრულების შემდეგ, 1 700-ზე მეტი აბიტურიენტი დარჩა სტუდენტის სტატუსის გარეშე იმის მიუხედავად, რომ მათ ყველა სავალდებულო საგანში წარმატებით გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
ამ მასობრივი ჩარჩენის მთავარი მიზეზად მთავრობა განაცხადის შევსებისას დაშვებულ „ტაქტიკურ შეცდომებს" ასახელება - აბიტურიენტთა დიდმა ნაწილმა არჩევანი მხოლოდ 1 ან 2 პოპულარულ ფაკულტეტზე შეაჩერა და თავის დასაზღვევად დამატებითი პროგრამები არ მიუთითა. ამას საზოგადოების დიდი ნაწილი არ ეთანხმება.
სწორედ ამ შექმნილი ვითარების საპასუხოდ გამოაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დამატებითი, მეორადი ჩარიცხვების ეტაპი, რომელმაც აბიტურიენტებს საშუალება მისცა დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე ხელახლა გაეკეთებინათ არჩევანი.
- მანანა ნიკოლაიშვილი: „ასეთი არაპოპულარული რეფორმების გატარება არ შეიძლება და სადაც ტარდება, პედაგოგიკის ისტორიის თანახმად, ყველა ხელისუფლება მარცხდება. მოატრიალონ უკან! მათ მიერ გადადგმულ არცერთ ნაბიჯს არა აქვს დასაბუთება მეცნიერულ დონეზე"
განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი განათლების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებს მკვეთრად აკრიტიკებს და ამბობს, რომ დარჩენილი აბიტურიენტებისთვის „შანსის" მიცემა ბევრს არაფერს ნიშნავს.
„მე მაშინვე ვთქვი, რომ ეს მეორადი ჩარიცხვები შედეგს ვერ გამოიღებდა და ასეც მოხდა. 312 ბავშვი ჩაირიცხა და 500-ზე მეტი ბავშვი ჩაირიცხა კერძო სასწავლებელში. მაგრამ ესეც საკითხავია, ვინ სად ჩაირიცხა. ის კი არა, სად უნდოდათ - რა თქმა უნდა, სადაც უნდოდათ, ის ადგილები შევსებული იყო. 1000-მდე ბავშვი დარჩა ჩაურიცხავი, ისევ გარეთ დარჩა. რატომ? იმიტომ, რომ ადგილებია შემცირებული. სასწავლო ადგილების შემცირებით კონკურსი გაიზარდა და ადგილები გახდა დეფიციტური.
ხელისუფლებამ რომ გამოაგორა მორიგი სიცრუე, აბიტურიენტებს, მათ მშობლებსა და საზოგადოებას თავგზა აუბნიოს, თითქოს უნივერსიტეტები არ გაქვთ სწორად დალაგებული და იმიტომ ვერ მოხვდითო. რა შუაშია უნივერსიტეტების დალაგება, როცა კვოტები შემცირებულია? როცა პროგრამები მილევად რეჟიმშია გადაყვანილი? ძალიან ბევრი, ასეულობით პროგრამა დაიხურა, ასევე ათეულობით თუ ასეულობით ფაკულტეტები, როგორც თბილისის, ასევე რეგიონულ უნივერსიტეტებში. ყველა პოპულარული ფაკულტეტი დაიხურა ყველა რეგიონულ უნივერსიტეტში.
აი, ასეთი მავნებლობები ჩაიდინეს. ჩამოანგრიეს, ჩამოაქციეს განათლების სისტემა!
რატომ არ უნდა ყოფილიყო ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული? რატომ არ უნდა ყოფილიყო ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიები? ტექნოლოგიები სად უნდა იყოს, თუ არა ტექნიკურ უნივერსიტეტში? რა უნდა კლასიკურ უნივერსიტეტში, თსუ-ში, როგორ აკადრეს ამდენი, ამ ბიზნესის ადმინისტრირებაზე აბარებს ყველა სუსტი მოსწავლე! რა უნდათ იქ, თსუ-ში? და ყველა ელიტურ ფაკულტეტს ართმევენ. განათლება წაართვეს, ხელოვნება შეამცირეს. ბიზნესტექნოლოგიები შეყარეს.
ახლა რაც შეეხება დაფინანსებას - ეს არის ცენტრალური საკითხი. პირობითად უფასოა, მაგრამ ეს არ არის უფასო სწავლება! ეს არის სულ სხვაანაირი მეთოდიკა, სულ სხვანაირი ფორმა დაფინანსების. რაც არ უნდა კარგი და პროგრესული ფორმა მოიგონოს, მსოფლიო ბანკმა იმუშავა ამ პროექტზე 10 წელი. თუ აქ მთავრობა ფულს არ ჩადებს, თუ ერთი სტუდენტის ფინანსურ ნორმატივს არ გაზრდის, რა მნიშვნელობა აქვს, გრანტული დაფინანსება იქნება თუ ასეთი ტიპის დაფინანსება?!
კორუფცია ყვავის საქართველოში! როგორ შეიძლება ამათ მისცე პროგრამების და კვოტების განაწილების უფლება? ან რატომ უნდა ჰქონდეთ ცალსახად მათ ამის განაწილების უფლება? სად არის საუნივერსიტეტო ავტონომია, რომელსაც კონსტიტუცია იცავს! ჩვენი კონსტიტუცია იმიტომ იცავს, რომ საერთაშორისო სამართლის ყველა აქტში და პაქტში, რაზეც მიერთებული ვართ, საერთაშორისო სამართალი იცავს უნივერსიტეტის ავტონომიას. კატეგორიულად არ შეიძლება ასეთი დიდი დოზით ჩარევა, რომ მხოლოდ სამინისტრო და მთავრობა იყოს გამნაწილებელი? რა იცის პრემიერმა - სად, რა, როგორ? ამ ყველაფერს აკეთებენ უნივერსიტეტები, როცა პროგრამებს ადგენენ! იქ კეთდება ბაზრის კვლევა, ყველაფერი, მზადყოფნა, მზაობა, რა ბაზა აქვს მატერიალური და ა.შ.. ამას თვითონ სახელმწიფო ამოწმებს ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრით. აკრედიტაციის დროს ყველაფერი მოწმდება.
ნახეთ, რატომ ჩამოურიგეს განსაკუთრებით ეს აგრარული მიმართულება ყველა რეგიონულს? მათ შორის სოხუმის უნივერსიტეტს. თავისი კლასიკური დარგები, პროგრამები წაართვეს და გადასცეს ეს - საერთოდ რომ არ გააჩნია სოხუმის უნივერსიტეტს ბაზა, არაფერი გააჩნია! არც შესაბამისი ფინანსები, არც ადამიანური რესურსები. ჩვენი პროგრამები წაიღეს, ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამები წაიღეს და დააწერეს „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი". ბავშვები დარეგისტრირდნენ ტექნიკურ უნივერსიტეტში და მერე, ორი დღით ადრე, შეუცვალეს კოდი!
წარმოუდგენელ დარღვევებს აკეთებს კობახიძე და მიქანაძე არაფერში არ უწევს წინააღმდეგობას. ამიტომ, ქართული საუნივერსიტეტო სივრცე ჩამოგრეულია და ივანიშვილს ერთადერთი აქვს დარჩენილი, რომ ეს რაღაც გამოსწოროს. განულდა უკვე მაგათი რეიტინგი, როგორც მმართველი პარტიის.
ასეთი არაპოპულარული რეფორმების გატარება არ შეიძლება და სადაც ტარდება, პედაგოგიკის ისტორიის თანახმად, ყველა ხელისუფლება მარცხდება. მოატრიალონ უკან! მათ მიერ გადადგმულ არცერთ ნაბიჯს არა აქვს დასაბუთება მეცნიერულ დონეზე. რეფორმას სჭირდება დასაბუთება სპეციალურ დოკუმენტებში - არსად არ არის დასაბუთებული", - აცხადებს ნიკოლაოშვილი „რეზონანსთან".