ნატალია ჯვარიძე
26.09.2026

საპატრიარქოს მიერ ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით გავრცელებულ შეშფოთებას ბაქოს მკაცრი რეაქცია მოჰყვა. აზერბაიჯანში საქართველოს საპატრიარქოს განცხადება „ტერიტორიულ პრეტენზიად" შეფასდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პროცესმა შესაძლოა მცირე დაძაბულობა ან გაუცხოება გამოიწვიოს, რის გამოც საქართველოს ხელისუფლებისგან დიპლომატიური ჩართულობა და ოფიციალური განცხადებაა საჭირო.

24 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ განაცხადა, რომ „შემაშფოთებელია ბოლო დღეებში მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაცია და ფოტო-ვიდეომასალა ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ".

„მართალია, ქურმუხის ტაძარი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა ის ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია.

„ბუნებრივია, ამ ფაქტმა ჩვენი საზოგადოების მწვავე რეაქცია და სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, რაც უარყოფითად აისახება ორ მეზობელ სახელმწიფოსა და ხალხებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის განმტკიცების პროცესზე...

„ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ტაძრის ტერიტორიაზე, რა კვლევებს ეფუძნება და ვინ ახორციელებს მათ, ასევე, როგორ არის უზრუნველყოფილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა.

  • რამაზ საყვარელიძე: „გაჩუმება თანხმობის ნიშანია ხოლმე და სახელმწიფო სტრუქტურებიდან თანხმობა ანალოგიურ ბრალდებებზე მისაღები არ არის."

„ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ გადაუდებლად აუცილებელია პროცესში საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების ჩართვა და სათანადო რეაგირება, მათი კომპეტენციისა და არსებული საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში. მნიშვნელოვანია, აღნიშნული უწყებები დაინტერესდნენ საკითხით, მოიპოვონ ოფიციალური ინფორმაცია და ხელი შეუწყონ მის განხილვაში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებისა და დარგის ქართველი სპეციალისტების ჩართვას", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფოტო-ვიდეო მასალა, რაზეც საპატრიარქო მიუთითებდა, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან გაავრცელა „ფეისბუკ" გვერდმა, „საინგილოს ახალგაზრდული მოძრაობა".

განცხადების ადრესატი საქართველოს „შესაბამისი უწყებები" იყვნენ, თუმცა მას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.

„აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმების სხვა სახელწოდებებით მოხსენიება მიუღებელია.

„აზერბაიჯანი ყოველთვის პატივს სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამავდროულად, საქართველოს მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი პატივისცემის დემონსტრირება ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.

„სწორედ ამიტომ გაუგებარია საქართველოს საპატრიარქოს მიდგომა, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებულ ტერიტორიულ პრეტენზიებს გულისხმობს.

„მნიშვნელოვანია, რომ რელიგიურმა ინსტიტუტებმა თავი შეიკავონ მიდგომებისგან, რომლებსაც შეუძლიათ ძირი გამოუთხარონ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ისტორიულ კავშირებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის განვითარდა.

  • პაატა ზაქარეიშვილი: „საპატრიარქომ ჯობია ჯერ კონსულტაციები გაიაროს მთავრობასთან და მერე გააკეთოს განცხადება, რადგან ამით შეიძლება კი არ გააუმჯობესოს მდგომარეობა, არამედ გაართულოს."

„ამ მხრივ, სომხური ეკლესიის ცნობილი მიდგომების გამეორება ან მისი გზის გაყოლა არ არის რეკომენდებული.

„აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანელი ხალხისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს", - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო განცხადებაში.

დაიძაბება თუ არა ქვეყნებს შორის ურთიერთობა

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მცირე დაძაბულობა იქნება, მაგრამ არა იმ ხარისხში, როგორც სხვა ქვეყნებთან გვაქვს.

„ჩვენ უფრო სერიოზულ დაძაბულობებს ვართ შეჩვეული, რუსეთიდან დაწყებული, ევროკავშირით დამთავრებული და მეეჭვება ამ ხარისხის დაძაბულობა იყოს. თუმცა, შეიძლება ითქვას, დაბალი ხარისხის დაძაბულობა მოჰყვება და არის კიდეც, იმიტომ, რომ დავით გარეჯთან გვაქვს ანალოგიური დაძაბულობა.

„მეორეს მხრივ, ალბათ უნდა შევეგუოთ იმას, რომ პრობლემები ყოველთვის იქნება, მათ შორის უშუალოდ მეზობლებთან. თუნდაც ისეთ მეზობლებთან, რომელსაც თვითონ აქვს ინტერესი საქართველოსთან კარგი ურთიერთობა და ეკონომიკური მოტივებიც ჰქონდეთ, მაგრამ ამის პარალელურად რაღაც მოვლენები ყოველთვის იქნება. ეს იმიტომ, რომ ცოცხალი პროცესია ცხოვრება და ამ ცხოვრებაში შეიძლება ადამიანს უთხრა - ისე იცხოვრე და პრობლემები არ გექნებაო? ვერც საქართველო იცხოვრებს ისე, რომ პრობლემები არ ჰქონდეს. ახლა მთავარი ის არის, ქვეყანას ჰქონდეს რესურსები, რომ მოაგვაროს პრობლემები.

„ჩვენ შევეჩვიეთ პრობლემებისგან გაქცევას, ოღონდ ჯერ არ გვაქვს გამჯდარი ძვალსა და რბილში პრობლემების მოგვარების სტრატეგია, რადგან ასეთი სტრატეგიისთვის პირობები ნაკლებად არის", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ყოფილო სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქრეიშვილი მიიჩნევს, რომ წესით, ამას დაძაბულობა არ უნდა მოჰყვეს.

„ამას ალბათ უფრო მეტად გაუცხოება მოჰყვება. საერთოდ, საპატრიარქოს არ აქვს უფლებამოსილება განსაზღვროს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული პრობლემები. საპატრიარქოს უნდა მიემართა ცალსახად საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის და უნდა ეთხოვა, რომ გაერკვია, რა ხდება ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში. თვითონ კი არ უნდა ყოფილიყო ინიციატორი ინფორმაციის გავრცელების, არამედ უნდა ყოფილიყო ინიციატორი პრობლემის აღძვრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე.

„თავიდანვე არასწორად არის დაწყებული საქმე და წესით, სახელმწიფოებს შორის არ უნდა იყოს ურთიერთობები გამწვავებული. თუ აზერბაიჯანი იტყვის, რომ ჩვენთვის არავის არ მოუმართავს ოფიციალურად, ამიტომ ამ საკითხს საპატრიარქოს დონეზე ჩვენ ვერ განვიხილავთ... დაახლოებით ამ ტიპის რაღაცა უნდა გააკეთოს აზერბაიჯანმა, თუ ნორმალური ურთიერთობებია ჩვენ შორის", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ

საყვარელიძე ფიქრობს, რომ უმჯობესია საქართველოს ხელისუფლებამ ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება გააკეთოს.

„რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებამ თავისი ეროვნული ინტერესი განცხადებების ტიპის დონეზე უნდა დაიცვას და არ გაუჩუმდეს. გაჩუმება თანხმობის ნიშანია ხოლმე და სახელმწიფო სტრუქტურებიდან თანხმობა ანალოგიურ ბრალდებებზე მისაღები არ არის. თუნდაც ის, რომ აი, ამ ტიპის სიტუაციები გამოსაკვლევია, შესასწავლია და გასარკვევია სად არის სიმართლე, ესეც უკვე რეაქცია იქნება. არ არის აუცილებელი, რომ მაინცდამაინც აგრესიული იყოს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ზაქარეიშვილიც ასევე ფიქრობს, რომ უკეთესია მთავრობამ ამაზე განცხადება გააკეთოს.

„ნებისმიერ სიტუაციაში ჯობია გააკეთოს მთავრობამ განცხადება, რა თქმა უნდა, რთული ვითარებაც რომ იყოს. როცა სახელმწიფოებს შორის ომები არის, მაშინაც კი ვალდებულია მთავრობა რაღაცას აკეთებდეს, რაღაცას მოქმედებდეს დიპლომატიური გზებით.

„ის მაინც თქვან - „ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით, გვქონდა კონტაქტები ჩვენს პარტნიორებთან აზერბაიჯანში და ეს საკითხი აყვანილია კონტროლზე". ძალიან უსუსური, მინიმალურია, მაგრამ თუ ამასაც არ გააკეთებენ, ესე იგი საერთოდ არ მუშაობენ ამაზე.

„საპატრიარქომ ჯობია ჯერ კონსულტაციები გაიაროს მთავრობასთან და მერე გააკეთოს განცხადება, რადგან ამით შეიძლება კი არ გააუმჯობესოს მდგომარეობა, არამედ გაართულოს.

„უცნაურია მთავრობის დუმილი, მაგრამ არანაკლებ უცნაურია საპატრიარქოს ასეთი ინიციატივა საერთაშორისო დონეზე. შიგნით, კი, ბატონო, გააკრიტიკოს ხელისუფლება, თუ რამე არ მოსწონს და რაღაცნაირად მოსთხოვოს პასუხი შიდა პოლიტიკაში, მაგრამ საგარეო დონეზე ჯობია მიჰყვეს რაღაც გარკვეულ სტანდარტებს",- თქვა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×