ნატალია ჯვარიძე
26.09.2026

4 ოქტომბრის მოვლენების წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით, მსჯავრდებულმა პაატა ბურჭულაძემ ციხიდან საგანგებო მიმართვა გაავრცელა. იგი კვლავ „ეროვნული კრების" მნიშვნელობაზე საუბრობს და ოპოზიციას აკრიტიკებს. ამას კი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან საკმაოდ მწვავე პასუხები მოჰყვა.

პაატა ბურჭულაძე „ფეიქსბუქში" გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ გასული წლის 4 ოქტომბერს საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდა ეროვნული კრება და „რაც დრო გადის, უფრო ფასდება მისი მნიშვნელობა".

  • პაატა ბურჭულაძე: „საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბერს ჩავატარეთ ოცნების „გადარჩევნები"; ხოლო არჩევნების ჩატარება პოლიტიკოსებმა უნდა უზრუნველყონ".

„ვღებულობ წერილებს, მადლობელი ვარ იმ პოლიტიკოსების, რომლებიც მწერენ რომ მათ შეიცვალეს აზრი და ახლა ხედავენ, დადებითად აფასებენ კრების გადაწყვეტილებას და დარწმუნებული არიან, რომ რაც დრო გავა, ის უფრო დაფასდება და ის უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში. იმ ოპო-პოლიტიკოსებს კი, რომლებიც დღესაც აკრიტიკებენ 4 ოქტომბერს, ვუსურვებ, რომ დაუსრულებელი ლაპარაკის და აზრების გამოთქმის გარდა უკეთესი სამოქმედო გეგმა შემოგვთავაზონ და ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მათ გავყვებით. მაგრამ ერთი რამ არ დაივიწყონ, რომ დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან.

„შეგახსენებთ, რომ, საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბერს ჩავატარეთ ოცნების „გადარჩევნები"; ხოლო არჩევნების ჩატარება პოლიტიკოსებმა უნდა უზრუნველყონ", - წერს პაატა ბურჭლაძე.

პაატა ბურჭულაძის განცხადებას „ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი, გრიგოლ გეგელია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარტია 4 ოქტომბრის ჭრილში არანაირი გეგმის შეთავაზებას არ აპირებს, რადგან ამის საჭიროება არ დგას.

  • გრიგოლ გეგელია: „ჩემთვის გაუგებარია კითხვა, თუ რას შვრებიან ის პარტიები, რომლებმაც არ მიიღეს მონაწილეობა სუს-ის სპეცოპერაციაში 4 ოქტომბერს. მე ის მაინტერესებს, ისინი რას შვრებიან, ვინც მიიღო მონაწილეობა".

„ჩემთვის გაუგებარია კითხვა, თუ რას შვრებიან ის პარტიები, რომლებმაც არ მიიღეს მონაწილეობა სუს-ის სპეცოპერაციაში 4 ოქტომბერს. მე ის მაინტერესებს, ისინი რას შვრებიან, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ სპეცოპერაციაში. ჩვენ ახალი გეგმა კი არა, იმის გააზრება გვჭირდება, 4 ოქტომბერს რა მოხდა.

„ჩვენ ვთავაზობდით კოლეგებს და ქართულ საზოგადოებას ალტერნატიული ქმედების გეგმას, იმავე 4 ოქტომბერს და ახალი გეგმის შეთავაზებას ამ ჭრილში არ ვაპირებთ, ამის არანაირი საჭიროება არ დგას. ჩვენ უკვე შევთავაზეთ, როცა ეს ავბედითი მოვლენები განვითარდა ალტერნატიული ქმედების გეგმა ბატონ პაატასაც და სხვა კოლეგებსაც საჯაროდ, ღიად საქართველოს ვუთხარით, რომ ეს იყო დღე, როცა ყველა მსხვილ ქალაქში უნდა დაგვემარცხებინა „ქართული ოცნება". ეს იყო სრულიად შესაძლებელი იმ შემთხვევაში, თუკი სუს-ის სპეცოპერაციებში მონაწილეობის ნაცვლად, რაციონალურ, პოლიტიკურ გზას დაადგებოდნენ, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა. ამის შედეგები ყველამ კარგად ვნახეთ.

„ამიტომ, საპირისპირო კითხვების დასმის ნაცვლად მოდი ყველამ გაიაზროს, ვის რა შეგვეშალა. მე არავის დადანაშაულება არ მინდა ცალკეულად, მაგრამ არც იმას არ ვაპირებ, რომ ვინმეს მსგავს კითხვებს ვუპასუხო", - განაცხადა გეგელიამ.

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: „მთავარი არის ერთი - ყველა საკუთარ პარტიაში დაეტიეთ, ჩვენთან თუ რამე საქმე გაქვთ - დებატებში დაგვიჯექით, იქ გაგაძრობთ სახეებს".

გარდა ამისა, ბურჭულაძეს „ფედერალისტების" ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმაც უპასუხა:

„იდეა გაქვთ, ვიდრე „კედლისთვის თავის რახუნია", თქვითო - იქიდან გვწერს მსოფლიო ბანი. გვაქვს! ყველამ საკუთარი პარტია გააძლიერეთ!

„ამისთვის: 1. გაიგეთ რა პრობლემები აწუხებს ხალხს, როგორც ეროვნულად, ისე ადგილობრივად - რეგიონების მიხედვით! და ილაპარაკეთ ამ პრობლემებზე საკუთარი ილუზიების ნაცვლად; 2. დასხედით სხვა პარტიებთან დებატებზე, რომ ხალხმა უკეთ გაიგოს თქვენი ხედვა - როგორ აგვარებთ მათ პრობლემებს და როგორ აპირებთ ქვეყნის მართვას, უძლებს თუ არა თქვენი ხედვა ოპონენტების კრიტიკას; 3. კამპანია ატარეთ არჩევნებიდან არჩევნებამდე და არა არჩევნების წინა სამი თვე - ატარეთ რეალური მხარდამჭერებით და არა ნაქირავები ჟულიკებით.

  • ნიკა ჩიტაძე: „თითქოს რაღაც გადაბრალება იყო ოპოზიციაზე, რომ „ჩვენ დავაანონსეთ 4 ოქტომბრის აქცია, მაგრამ შემდეგ, პოლიტიკოსებმა არ იმუშავეს". ამ დროს თვითონ პოლიტიკოსის რანგში მოგვევლინა და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა ყოფილიყო გათვლილი".

„ეს სამი რჩევა გეყოფათ დასაწყისისთვის, მაგრამ მთავარი არის ერთი - ყველა საკუთარ პარტიაში დაეტიეთ, ჩვენთან თუ რამე საქმე გაქვთ - დებატებში დაგვიჯექით, იქ გაგაძრობთ სახეებს", - წერს ჩერგოლეიშვილი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ საერთოდ, 4 ოქტომბრის აქციაში შეცდომები დაუშვეს, რაშიც გარკვეულწილად პასუხისმგებლობა პაატა ბურჭულაძეს ეკისრება.

„იქ შეცდომები იყო. მაგალითად, იმის გაჟღერება, რომ 4 ოქტომბერს ვიწყებთ და მაგ დღესვე ვასრულებთ ხელისუფლებას და ასე შემდეგ, რადგან რაღაც კონკრეტული გეგმა არ არსებობდა. თითქოს რაღაც გადაბრალება იყო ოპოზიციაზე, რომ „ჩვენ დავაანონსეთ 4 ოქტომბრის აქცია, მაგრამ შემდეგ, პოლიტიკოსებმა არ იმუშავეს". ამ დროს თვითონ პოლიტიკოსის რანგში მოგვევლინა და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა ყოფილიყო გათვლილი, თუ რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. საერთო ჯამში, პაატა ბურჭულაძეც, სამწუხაროდ, აღმოჩნდა ციხეში და არა მარტო - ბევრი ის ადამიანი, ვინც პრეზიდენტის სასახლესთან მივიდა.

„პაატა ბურჭულაძე იყო ამ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი და ალბათ, გარკვეულწილად, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ მოვლენებზე, ეს არის რეალობა. თუმცა, რა თქმა უნდა, მე მეტს ვგულისხმობ - დანაშაული კი არ მიუძღვის, პატივსაცემი ადამიანია, უბრალოდ, აქ ვერ გათვალა, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. მოკლედ, ცუდად ორგანიზებული აქცია იყო.

„თუმცა, მეორე მხრივ, დასაფასებელია მისწრაფებაც, პატრიოტული სულიც, რა თქმა უნდა. კარგი სურდა ბატონ პაატას, კარგი, მაგრამ როგორც ვთქვი, აქ სხვა გათვლა იყო საჭირო", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×