თამთა ჩაჩანიძე
27.09.2026

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტ პროტესტს განულებულად მიიჩნევს და აქციის მონაწილეებს „სექტანტებს" უწოდებს. მისი შეფასებით, პროტესტის მონაწილეები ყოველდღიურად საკუთარი სისუსტის დემონსტრირებას ახდენენ, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც ხედავენ, რომ მოძრაობას შედეგის მიღწევის შესაძლებლობა აღარ აქვს.

პროტესტის „სექტად" შეფასება მხოლოდ პრემიერის განცხადებებში არ გვხვდება. ბოლო პერიოდში მსგავსი შეფასებები არაერთხელ გააკეთეს მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც მიმდინარე საპროტესტო მოძრაობას „აგრესიული ფუნდამენტალისტური სექტა" უწოდა, ხოლო პროტესტის 666-ე დღეს კი ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, მოძრაობა „ფსევდორელიგიურ სექტად" მოიხსენია და მის სიმბოლიკასა და რიტუალებზე გაამახვილა ყურადღება.

ამის საპასუხოდ ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მმართველი პარტია თავად ჩამოყალიბდა სექტად, სადაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელშეუხებელ და აბსოლუტურ ავტორიტეტად ითვლება.

რას ამბობენ „ოცნებაში"

პრემიერ ირაკლი კობახიძის შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტი განულებულია, ხოლო, მისი შეფასებით, საზოგადოების მხარდაჭერისა და რაიმე კონკრეტული მიზნის გარეშე მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის სისტემატური გამოსვლა ქუჩაში სექტის საქმიანობის ნიშნებს შეიცავს.

„თავადაც ხედავენ, რომ საერთოდ განულებულია რადიკალების აგენტურის ე.წ. პროტესტი. ეს რაოდენობითაც და შინაარსითაც არის გამოხატული. არ არსებობს რადიკალური ოპოზიციის არავითარი პროტესტი და მართლა სექტანტებივით გამოდიან ყოველდღე ხან 50, ხან 60, ხან 70 კაცით და ყოველდღიურად ახდენენ საკუთარი სისუსტის დემონსტრირებას. ამას სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს, გარდა მართლა სექტანტობისა. როდესაც ხედავ, რომ საკუთარი სისუსტის დემონსტრირებას ახდენ ყოველდღე და მაინც აგრძელებ ე.წ. უწყვეტ პროტესტს, ეს ნიშნავს ზუსტად სექტანტობას", - აღნიშნა პრემიერმა.

მანამდე, 26 სექტემბერს პრემიერმა განაცხადა, რომ პროტესტის მონაწილეებმა სექტის სახე შეიძინეს, რომელიც ყოველდღიურად „რიტუალებს ატარებს".

„სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ. როდესაც რიტუალებს ატარებს ყოველდღიურ რეჟიმში, ყოველგვარი მიზნის გარეშე, იცი, რომ ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევ და ყოველგვარ შედეგზე ორიენტაციის გარეშე, მიზნის გარეშე იკრიბები ასეთი ფორმით, ეს არის ნამდვილად ერთგვარი სექტის საქმიანობის ფორმა, სხვა შეფასება ამას ვერ ექნება", - აღნიშნა პრემიერმა.

27 სექტემბერს კი პროტესტის მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „აგრესიული ფუნდამენტური სექტა" უწოდა.

„როდესაც ყალიბდება სექტა, შეუძლებელია საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც მიემხროს. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის აგრესიული, ფუნდამენტალისტური სექტა, რომელსაც სამყარო დაყოფილი აქვს თავისიანებად და სხვებად. ვხედავთ თავდასხმებს მათ მიმართ, ვისაც არ თვლიან თავისიანად", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მანამდე, 24 სექტემბერს იგივე პაპუაშვილმა „ფეისბუქზე" პროტესტს ვრცელი პოსტი მიუძღვნა, სადაც დაწერა, რომ „ოპოზიციური დღეთაღრიცხვით დღეს „პროტესტის" 666-ე დღეა" და, რომ „პროტესტის ეს ჯგუფი ფსევდორელიგიურ სექტად ჩამოყალიბდა თავისი სიმბოლიკით, რიტუალებით, ქურუმებითა და წინამძღვრებით, მსხვერპლითა და მოწამეებით!". მისი თქმით, „ე.წ. უწყვეტი პროტესტის ჯგუფი შინაარსისგან დაიცალა, დაკავებულია საკუთარი თავის გამართლებით და მათი ყველა აქტივობა მიმართულია იმისკენ, რომ თავს დააჯერონ, რომ არსებობენ".

განულდა თუ არა პროტესტი და რატომ ადარებენ მის მონაწილეებს სექტას

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პროტესტი არ განულებულა, ხოლო ხელისუფლების მხრიდან მისი მონაწილეების „სექტად" და პოლიტიკურად დასრულებულ მოძრაობად წარმოჩენა პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილია. ის ასევე გვეუბნება იმ მიზეზებს, რის გამოც არ გამოდის აქციებზე დიდი რაოდენობით ხალხი - ამბობს, რომ მასშტაბური პროტესტისთვის საჭიროა კონკრეტულ საკითხზე ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია.

„ეს არის კობახიძის და სხვათა ოცნება, რომ ეს პროტესტი განულებულად ჩათვალონ. ხელისუფლებამ ახალი პროპაგანდული მიმართულება დაიწყო, რომ ვითომ პროტესტი არის განულებული, რომ პროტესტის მონაწილეები წარმოადგენენ სექტას და ა.შ. ეს გასაგებია - მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ათასი შესწორება შეიტანა კანონმდებლობაში და ლამის ქუჩაში დგომაც კი უკვე დანაშაულად ითვლება, პროტესტი მაინც გრძელდება. ხელისუფლებას კი არ აძლევს ხელს, რომ პროტესტის მონაწილეები ისევ დააპატიმროს. სადამსჯელო ღონისძიებებით ხალხს ვერაფერი ვერ შეუცვალა და ახლა იწყება საზოგადოების, ასე ვთქვათ, იდეოლოგიური, პროპაგანდისტული დამუშავება, რომ ესენი არიან სექტის წარმომადგენლები, რაღაც სექტა ჩამოყალიბდა, რომ პროტესტი ნულამდეა დასული და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, პროტესტი არსებობს", - განაცხადა ძაბირაძემ.

  • ვახტანგ ძაბირაძე: პროტესტი არსებობს, მაგრამ ყოველთვის, ყველა პროტესტზე და ყველაფერზე ბევრი ხალხი ვერ იქნება და არ იქნება"

კითხვაზე, რატომ არ გამოდის ბევრი ხალხი პროტესტზე და რა არის ამის მთავარი მიზეზი, ძაბირაძემ გვითხრა:

„ყოველთვის, ყველა პროტესტზე და ყველაფერზე ბევრი ხალხი ვერ იქნება და არ იქნება. ოპოზიციას და საზოგადოებრივ სექტორს მობილიზაცია არ გამოუცხადებია და დიდი პროტესტი დაკავშირებული უნდა იყოს კონკრეტულ თემატიკასთან".

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პროტესტი რუსთაველზე პრაქტიკულად მართლაც განულებულია და მის ორგანიზატორებს აღარ აქვთ მასობრივი მობილიზაციის რესურსი. თუმცა, მისი თქმით, ქვეყანაში ხელისუფლებით უკმაყოფილო ხალხი რეალურად არის.

„პრაქტიკულად განულდა. ხელისუფლებით უკმაყოფილოები, რა თქმა უნდა, არიან. თქვენ ვერ გადაასახლებთ ქვეყანას, მათ შორის ყველაზე განვითარებულს, რომ არ იყოს პროტესტის გარკვეული მუხტი. მაგრამ სულ სხვაა ასეთი ბრძოლა სახელმწიფოს და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. პრაქტიკულად არიან მარტო ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი ძალა. იქ ვინც არიან, პოლიტიკურად განულებულები არიან, აღარ აქვთ უნარი გვარამიებს, ხაბეიშვილებს და ვაშაძეებს, რომ ბევრი ადამიანი გამოიყვანონ.

„სექტასთან შესადარებელია - ვნახეთ, რომ რაღაცეები დაწვეს და ა.შ. ეს ტიპური სექტანტური რიტუალიზმია. გარდა ამისა, ცხვირზე რომ დაუდო დოკუმენტი და ფაქტი, რომ ეს ასეა, არ აინტერესებთ. ისევ თავის პოზიციაზე დგანან, არაფერს არ შეცვლიან. არავითარ საბუთს, არავითარ ფაქტს, არაფერს არ ცნობენ და ეს უკვე სექტანტიზმია", - განაცხადა მამრაძემ „რეზონანსთან".

  • პეტრე მამრაძე: „ის, რომ გუნდში შიგნით საჯაროდ არავინ არ დაიწყებს თავისი ლიდერის კრიტიკას, ეს მთელს მსოფლიოში ასეა."

ამასთან, მამრაძე, „ოცნების" ოპონენტების მიერ ხელისუფლების „სექტად" შეფასებას ეხმიანება. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ მმართველი გუნდის წევრები საჯაროდ არ აკრიტიკებენ ლიდერს, თავისთავად სექტანტობის ნიშანი არ არის და მსგავსი შიდა დისციპლინა პარტიებისთვის ზოგადად დამახასიათებელია.

„ის, რომ გუნდში შიგნით საჯაროდ არავინ არ დაიწყებს თავისი ლიდერის კრიტიკას, ეს მთელს მსოფლიოში ასეა. დამისახელოს ვინმემ ყველაზე ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებში არსებული პარტიები, სადაც პარტიის წევრი საჯაროდ გააკრიტიკებს პარტიის ლიდერს. ეგ შეუძლებელია, იმიტომ, რომ მაშინ უნდა გამოხვიდე პარტიიდან", - განაცხადა მამრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×