
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული კვირის განმავლობაში ფრონტის ყველა აქტიურ ზონაში 10 660 რუსი სამხედრო გაანეიტრალეს, დაღუპულებისა და დაჭრილების ჩათვლით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, მიხაილო დრაპატის ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანი შედეგებია დონეცკის ოლქის ლიმანის მიმართულებით, სადაც ოპერაცია „ვივალდი" მიმდინარეობს.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპანტების ლიკვიდაცია უწყვეტად გრძელდება, დასახული მიზნები მიღწეულია და თითოეული ასეთი დანაკარგი ვიდეომასალითაა დადასტურებული.
ყველაზე მძიმე ბრძოლები ამჟამად პოკროვსკის, კონსტანტინოვკასა და ლიმანის სექტორებში მიმდინარეობს. გარდა ამისა, აქტიური ოპერაციები ხორციელდება ზაპოროჟიეს, ხარკოვისა და სუმის ოლქებშიც.
„ფრონტზე ყოველი ასეთი კვირა, როდესაც ინიციატივას ჩვენ ვიკავებთ და საერთო სიტუაციას ვინარჩუნებთ, ხელს უშლის რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ უფრო მასშტაბური შეტევის წამოწყებაში. უკვე განვსაზღვრეთ ჩვენი შემდეგი აქტიური ნაბიჯებიც", - დასძინა ზელენსკიმ.