
კობა დავითაშვილის ვაჟი გერმანიაში ნეიროქირურგიის მიმართულებით მუშაობს და სპეციალიზაციას გადის. მისთვის ეს მხოლოდ პროფესიული არჩევანი არ ყოფილა - როგორც თავად ამბობს, ბავშვობაში საყვარელი ადამიანების ავადმყოფობის ყურება და მათთვის დახმარების სურვილი ერთ-ერთი მიზეზი გახდა, რის გამოც ექიმობა გადაწყვიტა.
„უკვე მეორე წელია, ამ მიმართულებით ექიმად ვმუშაობ და სპეციალიზაციას გავდივარ - ყოველდღიურად ვიღრმავებ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას ვიძენ.
ნეიროქირურგია პირველად სავალდებულო კლინიკური პრაქტიკის დროს აღმოვაჩინე და შემიყვარდა. ეს ერთადერთი სფეროა, რომლის გამოც დილის ხუთ საათზე სამსახურში წასასვლელად სიამოვნებით ვდგები.
ლუდვიგსბურგის კლინიკის ნეიროქირურგიის დეპარტამენტში ექიმ-რეზიდენტად ვმუშაობ და ექვსწლიანი სპეციალიზაციის პროგრამის მეორე წელს გავდივარ.
ყოველდღიური საექიმო საქმიანობა წარსულზე ფიქრისთვის დიდ დროს არ მიტოვებს - ჩემი ყურადღება ძირითადად აწმყოსა და მომავალზეა მიმართული. თუმცა ცხოვრების ყველა ეტაპი თავის კვალს ტოვებს და ოჯახის რთულმა გამოცდილებამ ჩემზეც, რა თქმა უნდა, იმოქმედა. ექიმობის არჩევას დიდწილად ბავშვობიდან მოყოლებულ დაგროვილ გამოცდილებას ვუკავშირებ: ვხედავდი ჩემთვის საყვარელი ადამიანების ავადმყოფობას და თავს უმწეოდ ვგრძნობდი, რადგან ვერ ვეხმარებოდი ისე, როგორც მინდოდა. სწორედ მათი დახმარების სურვილმა მიბიძგა ამ პროფესიისკენ. დღეს კი შემიძლია, ჩემი ცოდნით მათ გვერდით ვიდგე და ვიზრუნო, რომ საჭირო და ხარისხიანი სამედიცინო დახმარება მიიღონ.
ჩემი სამომავლო გეგმები კვლავ საქართველოს უკავშირდება, თუმცა ამ ეტაპზე დროის სიმწირის გამო კონკრეტული გეგმების ჩამოყალიბებას ჯერ ვერ ვახერხებ. ახლა ჩემთვის მთავარია, პროფესიონალ ნეიროქირურგად ჩამოვყალიბდე. დანარჩენს კი დრო და ღმერთი მიჩვენებენ - რომელი ნაბიჯი როდის უკეთესი იქნება", - განუცხადა "ამბებს" თორნიკე დავითაშვილმა.
წყარო: ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე