გივი მომცელიძე: "ვინ იფიქრებს მოქალაქეებზე და ვინ დაგვიცავს გაძვირებისგან?"
რეზონანსი
28.09.2026

იმპორტირებულ ქათმის ხორცზე შესაძლოა, ახალი საბაჟო რეგულაციები დაწესდეს, რაც ადგილობრივი წარმოების დაცვისა და შიდა ბაზრის სტიმულირებისკენ იქნება მიმართული. აღნიშნულმა ინიციატივამ ბიზნესწრეებსა და დარგის ექსპერტებშს შორის აქტიური მსჯელობა გამოიწვია, რადგან ერთი მხრივ, იგი აგრარული სექტორის მხარდაჭერის მექანიზმად მოიაზრება, ხოლო მეორე მხრივ, მომხმარებლებზე და ფასების დინამიკაზე უარყოფითი გავლენის რისკს აჩენს.

ცნობილია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ფრინველის იმპორტირებულ ხორცზე დროებითი საბაჟო გადასახადის დაწესების საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარის ზურაბ უჩუმბეგაშვილის ინფორმაციით, საუბარია ისეთივე გადასახადის შემოტანაზე, როგორც ეს მარცვლეულზე, ფქვილზე, შაქარზე თუ არმატურაზე დაწესდა, რათა ქართველ მეწარმეებს განვითარებისა და ინვესტირების სტიმული შეუნარჩუნდეთ.

„სამწუხარო ის არის ადგილობრივი წარმოებისთვის, რომ ჩინეთიდან ხორციელდება იმ კატეგორიის და ქათმის იმ ნაწილების იმპორტი, რომელიც ჩინეთისთვის მიუღებელია, საქართველოსთვის კი არის დელიკატესი - ეს არის თეთრი ხორცი, ანუ ქათმის მკერდზეა საუბარი.

ჩინეთი იშორებს ამ პროდუქციას, ხოლო ჩვენთან, მეფრინველეობის დარგში, რომლებიც ხორცს აწარმოებენ, შეიქმნა პრობლემა. ანუ ის, რასაც ყველაზე ძვირად ყიდდა დარგი და იქიდან ახდენდა ძირითადი თანხის აკუმულირებას, ისეთი კონკურენციის წინაშე დადგა, რომელსაც ვერ უძლებს. ის, რასაც, ჩინეთი ითხოვს - ქათმის ფეხები, კისერი და სხვა - იმდენად ცოტა იწარმოება საქართველოში და იმდენად დაბალფასიანია, რომ იმის ჩინეთში გაგზავნას აზრი არ აქვს. 

შესაბამისად, დაირღვა ბალანსი - აქ შემოდის ძალიან დიდი რაოდენობით ის ძვირფასი პროდუქცია, რომელიც ქართველ მეწარმეს უნდა გაეყიდა და გასაყიდად არაფერი გადის. ამან, რაღაც ეტაპზე გამოიწვია ფასის ვარდნა. შესაბამისად, საიდანაც არაფერი რჩება ბიზნესში, ბიზნესიც თავს არიდებს იმის განვითარებას.

ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონია სამინისტროში, რომ როგორც ახლა - მარცვლეულზე შემოდის დროებითი გადასახადი, როგორიც მაგალითად, უკვე დაწესებულია თუნდაც არმატურაზე, ფქვილზე და ბევრ სხვა პროდუქტზე, შეიძლება ქათმის მიმართულებითაც რაღაც დროებითი გადასახადი დაედოს იმპორტირებულ პროდუქციას, რომ ადგილობრივი მეწარმე უფრო თამამად განვითარდეს და არ ჰქონდეს ჩინეთთან კონკურენციის შიში“, - განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

ამდენად, ბიზნესისთვის იმპორტირებულ ქათმის ხორცზე შესაძლო ახალი გადასახადები ჯანსაღი კონკურენციისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯად ფასდება. როგორც ინდმეწარმე იოსებ სახოკიამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე იმპორტის წილი 25%-ს არ აჭარბებს და შემოსული პროდუქციის ხარისხი ხშირად კითხვის ნიშნებს აჩენს, დაგეგმილი რეგულაცია ადგილობრივ ბიზნესსაც დაიცავს და მომხმარებელსაც ალტერნატივას შესთავაზებს, რაც ამ რთულ ვითარებაში აუცილებლად გამოსასწორებელი იყო.

,,ეს არის ჯერ ვარაუდია, რომ ადგილობრივი მეფრინველეობა განვითარდეს და ჯანსაღი კონკურენცია იყოს ბაზარზე. რაც გადასახადი დაემატება, ცხადია, იმპორტულ პროდუქციაზე ფასმა უნდა მომატოს, მაგრამ ადგილობრივს ეს ცვლილება არ უნდა შეეხოს. ისედაც ძალიან რთულ ვითარებაში ვართ. წალეკა ბაზარი იმპორტმა, 25%-ზე მეტი არ არის ადგილობრივი წარმოება. 

გადასახადი დაასტიმულირებს ბაზარს, ცუდს ამაში არაფერს ვხედავთ. მით უმეტეს, რაც შემოდის, უმეტესწილად უხარისხოა და მოსახლეობის ჯანმრთელობას ზიანს აყენებს. რეგულაცია ბიზნესსაც დაიცავს და მოქალაქეებსაც, რომლებსაც ალტერნატივა შეზღუდული აქვთ ადგილობრივი წარმოების სიმცირის გამო. ეს სიტუაცია გამოსასწორებელი იყო და კარგია, რომ მთავრობა ამაზე მუშაობას იწყებს“, - აღნიშნა სახოკიამ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

საპირისპირო მოსაზრება აქვთ ეკონომისტებს, რომელთა შეფასებითაც, მოსახლეობა დაზარალებული დარჩება, რადგან ერთ-ერთი ძირითადი მოხმარების პროდუქტი გაუძვირდება, ეს კი მათ ბიუჯეტზე უარყოფითად აისახება. აღნიშნულთან დაკავშირებით ყურადღება ეკონომისტიმა გივი მომცელიძემ გაამახვილა, რომლის თქმითაც, მთავრობის ეს ნაბიჯი უფრო ბიზნესის ინტერესებს იცავს და მეორე მხრივ, ბაზარზე ფასის ზრდას გამოიწვევს, რაც მთავრობის განცხადებულ პოლიტიკასთან წინააღმდეგობაშია.

,,როცა საუბარია იმპორტირებულ ქათმის ხორცზე სავარაუდო გადასახადის დაწესებაზე, არგუმენტები ორად იყოფა. ერთი მხრივ, ამბობენ, რომ ჩინეთიდან შემოსული იაფი პროდუქცია ადგილობრივ წარმოებას აზარალებს, რადგან ქართული პროდუქტი კონკურენციას ვერ უძლებს; მეორე მხრივ კი, აბსოლუტურად ბუნებრივია კითხვა: ვინ იფიქრებს მოქალაქეებზე და ვინ დაგვიცავს გაძვირებისგან?

ხორბლის მაგალითი თვალსაჩინოა - როგორც კი გადასახადი დაწესდა, ფქვილი მაშინვე გაძვირდა. ახლაც იგივე საფრთხეა: დღეს 1 კილოგრამი ქათმის ხორცი 8-9 ლარი ღირს და არსებობს რისკი, რომ 10 ლარს გასცდეს. მთავრობა სოციალურ ფონზე ფასების შენარჩუნებაზე საუბრობს, მსგავსი რეგულაციები კი ამ პოლიტიკას ეწინააღმდეგება. სანამ ადგილობრივი ბაზარი ვერ უზრუნველყოფს სრულყოფილ მიწოდებას - იქნება ეს შაქარი, ფქვილი თუ კვერცხი - იმპორტზე გადასახადების დაწესებით საბოლოოდ მძიმე პირობებში ისევ მოსახლეობა აღმოჩნდება“, - აღნიშნა მომცელიძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

საქართველოში გაყინული ქათმის ხორცის იმპორტი 2026 წლის იანვარ-აგვისტოში გაიზარდა. რვა თვის განმავლობაში ქვეყანაში 6 288 ტონა გაყინული ქათმის ხორცი შემოვიდა, რომლის ღირებულებამ 11.38 მილიონი დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტირებული იყო 5 298 ტონა - 9.19 მილიონი დოლარის. შესაბამისად, ერთ წელიწადში იმპორტის ღირებულება 23.8%-ით, ხოლო მოცულობა 18.6%-ით გაიზარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×