რეზონანსი
28.09.2026

 ბრალდებულს მე თვითონ მივმართე რამდენჯერმე და ვუთხარი, რომ ის [გიორგი მალანია] ჩემს შვილს უყვარდა. მართალია, სულ ოთხჯერ იყო გიორგი გიგასთან. მეოთხე გაკვეთილზე გიგას მკვლელობაში დახმარება უკვე გაწეული ჰქონდა , - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი მალანიას პროცესი იმართებოდა.

კუპატაძემ იმ მტკიცებულებებზეც ისაუბრა, რომელიც საქმეშია დართული და ასევე ბრალდებულ ალექსანდრე გაბაშვილისა და გიორგი მალანიას შეხვედრასა და საუბრებზეც გაამახვილა ყურადღება.

"როგორც სხვა ბრალდებულების ოჯახის წევრებისგან გესმოდათ პროვოკაციები გარეთ, ასე გააგრძელეს ახლაც მალანიას ოჯახის წევრებმაც პროვოკაციები მოაწყვეს ჩემს დარბაზში შესვლამდე და შემდეგაც.

რაც შეეხება სასამართლო პროცესს, მართალია, სასამართლოზე ყველაფრის თქმა ვერ მოვახერხე, გიგამ 28 წელი და 8 თვე იცოცხლა, 28 წელი და 8 თვე რომ მალაპარაკონ, ალბათ, ჩემს სათქმელს ამომწურავად ვერ ვიტყვი, მაგრამ საკმაოდ დიდი დრო მომცა მოსამართლემ, გულმოდგინედ მისმენდა, აბსოლუტურად ყველა წინადადებას მამთავრებინებდა. ვფიქრობ, ჩემი პოზიცია, რაც მე დღეს დავაფიქსირე, სრულად გასაგები იყო მოსამართლისთვის.

ბრალდებულს მე თვითონ მივმართე რამდენჯერმე და ვუთხარი, რომ ის [გიორგი მალანია] ჩემს შვილს უყვარდა. მართალია, სულ ოთხჯერ იყო გიორგი გიგასთან. მეოთხე გაკვეთილზე გიგას მკვლელობაში დახმარება უკვე გაწეული ჰქონდა, მეოთხე გაკვეთილი პირველ ოქტომბერს ჰქონდა, მაგრამ იმ სამ გაკვეთილში ჩემმა შვილმა გიორგი მალანიას შეყვარება და ამის ჩემთვის თქმაც მოასწრო.

საქმეზე დართული იყო მტკიცებულებები, რომლებიც მალანიას ოჯახის ახლობლებისგან მიღებული ინფორმაცია იყო, რომელიც ადასტურებდა იმას, რომ გიორგი მალანიამ ალექსანდრე გაბაშვილს მიაწოდა ცენტრის მისამართი და გრაფიკი, საცხოვრებელი მისამართი არ იცოდა.

გიორგი მალანია ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილს გააცნო მას შემდეგ, რაც ალექსანდრე გაბაშვილმა და ნია იმნაძემ გიგაზე თავდასხმა დაგეგმეს და სწორედ ამ მიზნით გააცნო. ამას ვამბობ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე და არა ჩემი ეჭვებითა და ვარაუდებით. გააცნო 28 სექტემბერს. 26 სექტემბერს ალექსანდრე გაბაშვილის ტელეფონში გიგას ფოტოების "სქრინშოტებია" და 28 სექტემბერს, 6-ის წუთებზე ალექსანდრე გაბაშვილი უკავშირდება "ინსტაგრამზე" გიორგი მალანიას.

მათ შორის [ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი მალანიას შორის] თავდასხმის შემდეგაც გაგრძელდა ურთიერთობა. ალექსანდრე გაბაშვილი გიორგი მალანიას სთხოვდა დამეგობრებასა და დაძმაკაცებას.

ალექსანდრე გაბაშვილი გიორგი მალანიას 29 სექტემბერს შეხვდა. 1-ელ ოქტომბერს დაუკავშირდა გაკვეთილის დაწყებამდე, 18:30 საათზე და გაკვეთილის დასრულებისთანავე, 20:01 საათზე, მაშინ, როცა მამასთან უნდა ყოფილიყო და შემდეგ მკვლელობამდე 35-37 წუთით ადრე. დააზუსტა ბევრი რამ, მათ შორის, გიგას ჩაცმულობა. ალექსანდრე გაბაშვილს ჰქონდა დასწავლილი ცოდნა გიგა ავალიანის ჩაცმულობის შესახებ", - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×