
გუშინ რუსთავის ავტობანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს ორგზის ჩემპიონი მოტოსპორტში, 2025 წლის წრიული რბოლის რეკორდსმენი დავით რობანიშვილი ემსხვერპლა. როგორც ახლობლები ამბობენ, ის რუსთავში, ავტოდრომზე საკუთარი ავტომობილით მიდიოდა, როდესაც მძიმე ავარიაში მოყვა - ჯებირს შეეჯახა და სამწუხაროდ, ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
"დათო პროფესიონალი მრბოლელი იყო და არ ეშლებოდა ტრანსპორტის მართვა. ამ საბედისწერო შემთხვევის დროს მოტოთი არ იყო, მანქანით იყო. თბილისი-რუსთავის მონაკვეთზე მოხდა ეს დიდი ტრაგედია, ჯებირს შეეჯახა და დაიღუპა. ძალიან კარგი და ზრდილობიანი, მაგარი ადამიანი იყო. ძალიან ძნელია მასზე წარსულში საუბარი. ყველა გულისტკივილით გაიხსენებს, რადგან ყველას უყვარდა დათო. დიდი გამოცდილება ჰქონდა, ეს არ უნდა მომხდარიყო", - ამბობს მისი ახლობელი.
დათო კარგად მართავდა როგორც მანქანას, ასევე - მოტოციკლს. იმ საბედისწერო დღეს თავისი "პორშეთი" მოძრაობდა და, როგორც ჩანს, ავტოდრომზე დაგეგმილ ღონისძიებაზე მიდიოდა. დავით რობანიშვილი "პორშეს" კლუბის წარმომადგენელი იყო.
"ძალიან მძიმეა ჩვენთვის მომხდარი, ჩვენი მეგობარია დათო. "პორშეს" კლუბი არის ოფიციალური საკლუბო მოძრაობა, დათო კლუბის დაფუძნებიდან, 2017 წლიდან, ჩვენი გუნდის წევრი, ბორდის წევრი იყო. იმის შემდეგ მოვდივართ ერთად, როგორც მეგობრობით, ისევე - სპორტში. დათოს ჰქონდა დიდი წარმატებები, საქართველოს ორგზის ჩემპიონი იყო მოტორბოლაში...
დათო ქალაქში არასოდეს მოძრაობდა სწრაფად, არ ჩქარობდა. იყო ძალიან გაწონასწორებული ადამიანი...
1988 წელს იყო დაბადებული. ორი შვილის მამაა, ჰყავს გოგონა და ბიჭი. თავის ვაჟსაც სპორტსმენად ზრდიდა, კარტინგში მონაწილეობდა", - ამბობს დავით რობანიშვილის მეგობარი, "პორშეს" წარმომადგენლობის პრეზიდენტი ლაშა ნარსია.
მას ვერ აუხსნია, როგორ მოყვა მძიმე ავარიაში ასეთი გამოცდილი სპორტსმენი.
" იქ ძალიან ცუდი მონაკვეთია, გზის საფარი ცუდია, ხიდია. დათო იქ არ გაივლიდა ისე, რომ მანქანაზე კონტროლი დაეკარგა. ამიტომ, შესაძლოა, მეორე და მესამე ფაქტორი არსებობდეს. შესაძლოა, რამემ გადაურბინა, რაღაცას აარიდა ან ფიგურირებს სხვა ავტომობილი, რომელიც ჯერჯერობით არსად ჩანს. დაველოდოთ გამოძიებას.
მანქანა ჯებირზე არის დაჯახებული და ბოლო ინფორმაციით, გარე ფრაგმენტი არის შემოსული ავტომობილში, რამაც განაპირობა მისთვის სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანება. სამწუხაროდ, დათო ადგილზე გარდაიცვალა", - ლაშა ნარსია.
მისი თქმით, დათო "პორშე 718" Spyder RS -ით მოძრაობდა ამ საბედისწერო დღეს და რუსთავში ავტოდრომზე მიდიოდა, სადაც ტარდებოდა ლევან კოტეტიშვილის ხსოვნის ღონისძიება - სამოყვარულო შეჯიბრი წრიულ ავტორბოლაში, „კოტეტას თასი", რომელიც 2015 წლიდან დაწესდა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება.
"ლევან კოტეტიშვილიც ავტომოყვარული იყო და 11 წლის წინ დაიღუპა და მის პატივსაცემად უკვე 11 წელია, ყველა ავტორბოლელი იკრიბება. იქ მოდიოდა დათო”,- ამბობს მეგობარი ლაშა ნარსია.
ჩვენს კითხვას, რამდენად სახიფათოა ის მონაკვეთი, სადაც ტრაგედია დატრიალდა, ლაშა ნარსია პასუხობს:" ეს მოხდა ავტობანზე, ვიდრე რუსთავის ხიდს გავივლით, შუაშია ეს მონაკვეთი, "ტალღას" იკეთებს და ძალიან ცუდი გზაა. სავარაუდოდ, მანქანა მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. თუმცა დათომ ძალიან კარგად იცოდა, რომ ასეთი გზა იყო. ათასჯერ მაინც ექნება გავლილი ეს მონაკვეთი, მანქანითაც და მოტოციკლითაც. ასეთი გამოცდილი ადამიანი შეცდომას არ დაუშვებდა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ გაუთვალისწინებელი რაღაც მოხდა. მისი მეგობრები ვცდილობთ, მოვიპოვოთ დამატებითი ინფორმაცია. სამწუხაროდ, კამერებიც არ არის მიმდებარე ტერიტორიაზე", - ამბობს ლაშა ნარსია.
კვირის პალიტრა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე