რეზონანსი
29.09.2026

მის [ირანის ელჩის] მიერ დედოფალი ქეთევანის ფრესკის საელჩოს შენობაზე მინათება, არის მანიპულირება და ქართული ეროვნული სენტიმენტის პროვოცირება - „ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა გადააქცია ბიძინას ბოსტნად, რომელსაც სამწუხაროდ ყველა უყურებს როგორც დაბალ ღობეს, - ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც ირანის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ეს არის შედეგი “ქართული სუვერენიტეტის დაქვეითებისა და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პოზიციების დასუსტებისა”.

“ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია ამ ტენდენციის გაგრძელება, როდესაც ირანის ელჩი უკვე მეორედ ქართულ ეროვნულ სენტიმენტებს ეთამაშება და მე ვიტყოდი, ისეთი თემებითა და საკითხებით პროვოცირებს, რომლებიც მაღალი სენსიტიურობის მატარებელია. ჩვენ გვახსოვს მისი პირით მუქარა, როდესაც რაკეტების სიახლოვეზე საუბრობდა და ახლა წმინდა დედოფალი ქეთევანის ხსენება გვახსოვს. მის მიერ დედოფალი ქეთევანის ფრესკის საელჩოს შენობაზე მინათება, მაშინ როდესაც ეს ისტორიული ფიგურა პრო-ირანულ სენტიმენტებთან ასოცირებული არ არის და ნამდვილად არ არის კარგი მაგალითი ირანსა და საქართველოს შორის მეგობრულ-კონსტრუქციული ურთიერთობების. შესაბამისად, ასეთი თემით მანიპულირება არის ქართული ეროვნული სენტიმენტის პროვოცირება და ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ელჩი ამას მინიმუმ მეორედ აკეთებს. ეს ყველაფერი არის მკაფიო გამოხატულება იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა გადააქცია ბიძინას ბოსტნად, რომელსაც ყველა, სამწუხაროდ, უყურებს როგორც დაბალ ღობეს. ესაა რეალობა და შედეგი ქართული სუვერენიტეტის დაქვეითებისა და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პოზიციების დასუსტებისა, როდესაც ყოველი მეორე მეზობელი ამ ენითა და ტონით საუბარს და ისეთი ტიპის თემებით ემოციურ მანიპულირებას კადრულობს, რაც წარმოადგენს ჩვენთვის მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს”, - განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, საქართველოში ირანის ელჩი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ უახლოეს მომავალში ის მკითხველს მის მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს გაუზიარებს, რომლებიც ეხება „როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს.”

„დედოფალ ქეთევანის გამოსახულება თბილისში ირანის საელჩოს ფასადზე ამ საღამოს - თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ფასადი დედოფალ ქეთევანის ულამაზესი და წმინდა გამოსახულებით განათდა.

ჩემთვის ეს გამოსახულება მხოლოდ ისტორიული პიროვნების ხსოვნას არ უკავშირდება; ის იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებ დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს.

მალე ამ გვერდის მკითხველებს გავუზიარებ ჩემ მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს.

წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე. ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე.

შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს”, - წერს ელჩი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×