
ევროკომისია ევროკავშირის გაფართოებისთვის ემზადება და ვეტოს უფლების შეზღუდვას გეგმავს. ინიციატივის მიხედვით, გაწევრიანების შუალედურ ეტაპებსა და საგარეო პოლიტიკაში გადაწყვეტილებები კვალიფიციური უმრავლესობით მიიღება. თუმცა, ექსპერტთა შეფასებით, ვეტოს სრული გაუქმება ნაკლებად სავარაუდოა და პროცესი, შესაძლოა, მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე კომპრომისული მოდელის დანერგვით დასრულდეს.
გავრცელებული ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უახლოეს დღეებში წარადგენს გეგმას, რომელიც ევროკავშირის 30-ზე მეტ წევრამდე გაფართოებისთვის მომზადებას ითვალისწინებს. ამასთან, ევროკავშირის ლისაბონის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა საჭირო არ იქნება.
„ევროკავშირი უნდა მოემზადოს გაფართოებისთვის. 30 და მეტი წევრისგან შემდგარი კავშირი ვერ იმუშავებს იმავე წესებით, რაზეც 27 წევრი თანხმდებოდა. ჩვენ უნდა გადავხედოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესს და საგარეო პოლიტიკასა თუ საგადასახადო სფეროში ერთსულოვნების პრინციპიდან კვალიფიციურ უმრავლესობაზე გადავიდეთ", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
- ურსულა ფონ დერ ლაიენი: „30 და მეტი წევრისგან შემდგარი კავშირი ვერ იმუშავებს იმავე წესებით, რაზეც 27 წევრი თანხმდებოდა. ჩვენ უნდა გადავხედოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესს
მედია წერს, რომ დამტკიცების შემთხვევაში ეს ევროკავშირის შიდა ფუნქციონირების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება ბოლო ათწლეულის განმავლობაში.
როგორც მედია იუწყება, ევროკომისიის პროექტი გარდამავალი სამართლებრივი დებულებების გამოყენებას ითვალისწინებს. მათი მიზანია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ბევრ შუალედურ ეტაპზე 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობის მოთხოვნის გაუქმებაა.
ევროკომისია ასევე გამოდის ინიციატივით, რომ ევროკავშირის პოლიტიკასთან დაკავშირებულ უფრო მეტ საკითხზე დაინერგოს გადაწყვეტილებების კვალიფიციური უმრავლესობით მიღების წესი, რაც ევროკავშირის მინიმუმ 15 ქვეყნის თანხმობას გულისხმობს.
პროექტის თანახმად, კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების წესი უნდა შეეხოს მათ შორის სანქციებს, ადამიანის უფლებებს, თავდაცვას და უსაფრთხოებას, ასევე გადასახადებისგან თავის არიდებას.
ცნობისთვის, გადაწყვეტილებების მიღების ახალი მექანიზმის დანერგვას ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა დასჭირდება. თუმცა, გეგმას შესაძლოა, ევროკავშირის წევრი რიგი ქვეყნები არ დაეთანხმონ.
ევროკომისიისა და წევრი ქვეყნების ლიდერთა განცხადებებით, ევროკავშირის გაფართოება 30-ზე მეტ წევრამდე შეუძლებელი იქნება, თუ შენარჩუნდა თითოეული ქვეყნის მიერ ვეტოს გამოყენების უფლება, რადგან ეს გადაწყვეტილებების მიღებას სრულად დაბლოკავს.
ევროკომისიის გეგმის მთავარი სამართლებრივი ინსტრუმენტი ლისაბონის ხელშეკრულებაში უკვე არსებული გარდამავალი, ანუ „პასარელის" დათქმებია, რაც საშუალებას იძლევა, ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის გარეშე, გარკვეულ სფეროებში გადაწყვეტილების მიღების წესი ერთსულოვნებიდან კვალიფიციურ უმრავლესობაზე გადავიდეს. ეს ცვლილება ძირითადად შეეხება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, სანქციების დაწესებას, ადამიანის უფლებათა დაცვის რეჟიმებსა და საგადასახადო პოლიტიკას.
გარდა ამისა, რეფორმის მიზანია, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებების შუალედურ ეტაპებზე გაუქმდეს 27-ვე ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობის მოთხოვნა, რათა ცალკეულმა სახელმწიფოებმა ორმხრივი დავების გამო ვერ დაბლოკონ კანდიდატების პროგრესი.
ამ ინიციატივის ირგვლივ ევროკავშირში მკვეთრი აზრთა სხვადასხვაობაა. გერმანია, საფრანგეთი და რეფორმისტულად განწყობილი ქვეყნების ჯგუფი ღიად აცხადებენ, რომ ვეტოს გაუქმება გაფართოების აუცილებელი წინაპირობაა, რადგან ვეტოს უფლება ხშირად გამოიყენება შანტაჟის ინსტრუმენტად საერთო ინტერესების საზიანოდ.
მეორე მხრივ, უნგრეთი და ზოგიერთი მცირე თუ საშუალო სახელმწიფო აქტიურად ეწინააღმდეგება ამ გეგმას, რადგან ვეტოს მიიჩნევენ ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვის უკანასკნელ გარანტად და შიშობენ, რომ დიდი სახელმწიფოები საკუთარი ნების მოხვევას შეძლებენ.
აქ მთავარი პარადოქსი ისაა, რომ თავად ამ რეფორმის დამტკიცებასა და „პასარელის" დათქმის გააქტიურებასაც 27-ვე ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება, რაც პროცესს კიდევ უფრო ართულებს.
საერთაშორისო ექსპერტები და ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საგარეო პოლიტიკაში ვეტოს სრული გაუქმება ნაკლებად სავარაუდოა. ყველაზე რეალურ სცენარად ითვლება კომპრომისული მოდელი, სადაც კვალიფიციური უმრავლესობა დაინერგება მხოლოდ ტექნიკურ და შუალედურ გადაწყვეტილებებზე, ხოლო სტრატეგიულ საკითხებზე ვეტო შენარჩუნდება. ასევე განიხილება სპეციალური „უსაფრთხოების მექანიზმების" შექმნა იმ ქვეყნებისთვის, რომელთა კრიტიკული ეროვნული ინტერესებიც შესაძლოა სასწორზე იდგეს, ან „გაძლიერებული თანამშრომლობის" ფორმატი, სადაც ქვეყნების ჯგუფი წინ წავა იმ წევრების გვერდის ავლით, რომლებიც პროცესს ბლოკავენ.