
როდესაც საზოგადოება გახლეჩილია, ერთმანეთს ლანძღავს, აგინებს, შეურაცხყოფს, არ ჰყავს ადამიანები, რომლებიც მისთვის მისაბაძია, ასეთი საზოგადოება არის ძალიან ადვილი სამართავი. ეს არის ამ სიძულვილის კამპანიის მიზანიც, - განაცხადა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა.
მისი თქმით, ხალხის შეურაცხყოფა, გინება ევროკავშირის ქვეყნებში არ არის დაშვებული და, თუნდაც გერმანიაში, შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით ისჯება.
„ალექსანდრე კორძაია თვეების განმავლობაში აყენებდა ქართველ ხალხს შეურაცხყოფას. მოგეხსენებათ, მისი ეს ე.წ. შემოქმედება მხოლოდ ზიზღსა და შეურაცხყოფაზე იყო აგებული. მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ის სიტყვები, რომელსაც ის აჟღერებდა, არ იყო მხოლოდ გინება. ის მილიონ ორასი ათას ქართველ ადამიანს უსურვებდა განადგურებას. ეს ხომ კარგად ვიცით, რა არის იმ სიტყვების შინაარსი, რასაც ის იყენებდა?!
შესაბამისად, იმის მაგივრად, რომ ეს პიროვნება გამოსულიყო და ბოდიში მოეხადა ქართული საზოგადოებისთვის, მილიონ 200 ათასი ადამიანისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობა ახალისებს მის ამ ქმედებას და უწონებს მას კულტურულ მემკვიდრეობასა და გამოხატვის თავისუფლებას. მათ ხომ კარგად იციან, რომ ეს ასე არ არის. მაგალითისთვის ავიღოთ გერმანია. გერმანიაში შეურაცხყოფა ისჯება პირდაპირ სისხლის სამართლის წესით და იქ არანაირ ადმინისტრაციულ სანქციასა და პატიმრობაზე არ არის საუბარი. ამის კარგი მაგალითია ნატა ფერაძე.
მიზანი ამ ყველაფრის არის ის, რომ გარედან მოახვიონ ჩვენს საზოგადოებას სიძულვილის, ზიზღის, შუღლის ენა.
ამასთან დაკავშირებულია ჩვენი ისტორიული ადამიანების ლანძღვა-გინება. ეს კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებაში შუღლი დაამკვიდრონ, ავტორიტეტები მოგვისპონ. როდესაც საზოგადოება გახლეჩილია, ერთმანეთს ლანძღავენ, აგინებენ, შეურაცხყოფენ და საზოგადოებას, რომელსაც არ ჰყავს ადამიანები, რომლებიც მათთვის მისაბაძები არიან, ასეთი საზოგადოება არის ძალიან ადვილი სამართავი, რადგან ეს არის ორად გახლეჩილი საზოგადოება“, - აღნიშნა აკაკი ალადაშვილმა.