
სინოპტიკოს ხათუნა ქოქოსაძის ინფორმაციით, 1-ლი ოქტომბრიდან საქართველოში არამდგრადი ამინდი იქნება, რომელიც კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. განსაკუთრებით ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში.
მთლიანობაში ოქტომბერი დასავლეთ საქართველოში კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1-2 გრადუსით თბილი იქნება, ხოლო ნალექების რაოდენობა ნორმასთან ახლოს შენარჩუნდება.
„თვის საშუალო ტემპერატურა +19, +20 გრადუსი იქნება. მთიან რაიონებში +16, +17, აღმოსავლეთ საქართველოში კი +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი.
ცალკეულ დღეებში ტემპერატურა შესაძლოა +26, +27 გრადუსამდე გაიზარდოს. ღამის საათებში კი სანაპირო ზოლში ტემპერატურა 7 გრადუსამდე დაიკლებს. მთიან ზონაში შესაძლოა 0 გრადუსამდე დაეცეს, მაღალმთიან რაიონებში კი -2, -3 გრადუსიც დაფიქსირდეს“, – განუცხადა "პრაიმტაიმს" ხათუნა ქოქოსაძემ.
სინოპტიკოსის პროგნოზით, ოქტომბერი მთლიანობაში განსაკუთრებით წვიმიანი არ იქნება. აღმოსავლეთ საქართველო, კლიმატური თავისებურებებიდან გამომდინარე, შედარებით მშრალი იქნება.
პრაიმტაიმი