
შეიძლება, ირაკლი ღარიბაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის გამო, ბევრი კითხვა გაუჩნდა. აქვს დრო, რომ ბევრ რამეზე იფიქროს, ასევე, დაწეროს საკუთარი პოლიტიკური მემუარები, განვლილი ცხოვრება, კი ბატონო, მაგრამ მთავარი კითხვა, რასაც პასუხი სჭირდება არის, საიდან გაჩნდა მის სახლში უზარმაზარი დაუსაბუთებელი ქონება, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, სანამ ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხები არ გაეცემა, ყველაფერი დანარჩენი არის მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების და კითხვებზე პასუხების გაცემისგან თავის არიდების მცდელობა.
„მისი წერილები შეიძლება საინტერესო იყოს პოლიტიკური მემუარებისთვის, მაგრამ მთავარ კითხვებზე კვლავ გაუცემელია პასუხი. რამდენიც არ უნდა სცადოს, გადაიტანოს ყურადღება სხვაზე, იტრაბახოს რაღაც-რაღაცებით და ყველაფერი თავის პოლიტიკურ საქმიანობას დააბრალოს, ეს მისი გადასწყვეტია და საზოგადოებამ განსაჯოს, რამდენად სწორია თუ არაა მართალი. მთავარი კითხვა, რაზეც არ არის პასუხი გაცემული და იმედია, შემდეგ წერილებში პასუხი გაეცემა, არის, თუ საიდან გაჩნდა მის სახლში დაუსაბუთებელი უამრავი ქონება. სანამ ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, არასერიოზულია ყველაფერი დანარჩენი. შეიძლება ისტორიკოსებისთვის, თუ მისი უშუალო პოლიტიკური მემუარებისთვის ეს საინტერესო წერილებია, მაგრამ მთავარი კითხვებს, რაც საზოგადოებაში არის, არ აქვს პასუხი გაცემული“, - განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ წერილს ავრცელებს, სადაც საუბრობს იმაზე, თუ რა ვითარებაში დაბრუნდა პრემიერის პოსტზე 2021 წელს. კერძოდ, ექსპრემიერი 2021-2024 წლებში საკუთარი მმართველობის პერიოდზე წერს, მისი პოზიციიდან მიღწეულ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ შედეგებს იხსენებს და საზოგადოებას კითხვით მიმართავს, გაუმჯობესდა თუ გაუარესდა ქვეყანაში ვითარება მისი წასვლის შემდეგ. ექსპრემიერი ვრცელ განცხადებაში გიორგი გახარიას გადადგომის შემდგომ კრიზისზე, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, საგარეო მიღწევებსა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ამახვილებს ყურადღებას. ამასთან ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მისამართით ამბობს, რომ მან „ღალატი ჩაიდინა“.