რეზონანსი
30.09.2026

2027 წლის ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები 37 მილიარდ 531 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს 1 მილიარდ 526 მილიონი ლარით აღემატება.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებთან დაკავშირებით ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის მიხედვით, 2027-2030 წლების მაკროეკონომიკური პარამეტრები დაგეგმილია შედარებით კონსერვატიული პროგნოზების მიხედვით, რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებთან.

რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2027 წლისთვის შეადგენს 5.0 პროცენტს, ხოლო მომდევნო წლებში 5.2-5.3 პროცენტის ფარგლებშია;

ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2027 წელს 8.9 პროცენტით იზრდება და 126.4 მილიარდ ლარს შეადგენს. შემდგომ წლებში ზრდის პროგნოზი საშუალოდ 8.5 პროცენტია და 2030 წლისთვის 161.0 მილიარდ ლარს აჭარბებს;

ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 2027 წლის ბოლოსთვის 12.0 ათას დოლარს, ხოლო 2030 წლისთვის 15.0 ათას დოლარს აჭარბებს;

ინფლაციის მაჩვენებელს მომდევნო წელს კლებადი ტენდენცია ექნება და წლის ბოლოსთვის მის მიზნობრივ მაჩვენებელს - 3.0 პროცენტს დაუბრუნდება. მომდევნო წლებშიც ინფლაციის პროგნოზი მისი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია;

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2027 წლისთვის 4.5 პროცენტს შეადგენს, ხოლო მომდევნო წლებში 4.3 პროცენტამდე მცირდება;

ბიუჯეტის დეფიციტი 2027 წლისთვის დაგეგმილია მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5 პროცენტის დონეზე, ხოლო შემდგომ წლებში მცირედით კლებადი ტენდენცია აქვს და 2.2 პროცენტამდე მცირდება;

მთავრობის ვალის მაჩვენებელი 2027 წლისთვის 31.6 პროცენტის დონეზეა და მომდევნო წლებში ინარჩუნებს მცირედით კლების ტენდენციას;

ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 2027 წლისთვის დაგეგმილია 29.5 მილიარდი ლარის ოდენობით, ხოლო 2030 წლისთვის 41.0 მილიარდ ლარს აჭარბებს.

ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები 37 მილიარდ 531 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს 1 მილიარდ 526 მილიონი ლარით აღემატება.

ჯამური შემოსულობების 85 პროცენტზე მეტს შემოსავლები წარმოადგენს, რომლის მოცულობა 32 მილიარდ 90 მილიონ ლარს აჭარბებს და მიმდინარე წლის საპროგნოზო მოცულობასთან შედარებით 1 მილიარდ 754 მილიონი ლარით მეტია.

საგადასახადო შემოსავლების მოცულობა 2027 წლისთვის განსაზღვრულია 29 მილიარდ 520 მილიონი ლარის ოდენობით, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მოცულობას 2 მილიარდ 120 მილიონი ლარით, ხოლო თავდაპირველ გეგმიურ მაჩვენებელს 2 მილიარდ 480 მილიონი ლარით.

მომდევნო წლის განმავლობაში პროგნოზირებულია ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნება ჯამში 3 მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი მოცულობით.

2027 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაგეგმილია 37 მილიარდ 562 მილიონი ლარის ოდენობით, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მოცულობას 1 მილიარდ 928 მილიონი ლარით აღემატება.

2027 წლის ჯამური გადასახდელებიდან 25 მილიარდ 424 მილიონი ლარი მიიმართება მიმდინარე ხარჯების (საპროცენტო ხარჯების გარდა) დაფინანსებაზე, რაც 2026 წლის საპროგნოზო მოცულობას 2 მილიარდ 34 მილიონი ლარით აღემატება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×