
„ფლაიდუბაის“ თვითმფრინავი, სადაც პილოტების დაპირისპირება მოხდა, საუდის არაბეთში, კერძოდ ტაბუის აეროპორტში უკრაინელმა და რუსმა მგზავრებამა დასვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, პილოტების კაბინაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ორმა მგზავრმა თვითმფრინავის მართვა საკუთარ თავზე აიღო, რითაც კატასტროფის თავიდან აცილება მოხერხდა.
ცნობისთვის, 30 სექტემბერს თვითმფრინავი, რომელიც რეისს დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით ასრულებდა, დისპეტჩერებს გატაცების სიგნალი გადასცა.
მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი პილოტი მეორეს დანით დაესხა თავს და თვითმფრინავის მართვის საკუთარ თავზე აღება სცადა.
გავრცელებული ცნობებით, თვითმფრინავს ომანისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქე პილოტები მართავდნენ. ზოგიერთი გამოცემის ცნობით, თავდამსხმელი ომანის მოქალაქეა.
ისრაელის ხელისუფლება ამოწმებს ვერსიას, რომლის მიხედვითაც, თავდამსხმელს თვითმფრინავის ჩამოგდება ან 2001 წლის 11 სექტემბერს შეერთებულ შტატებში მომხდარი ტერაქტების მსგავსი თავდასხმის მოწყობა სურდა.
ინციდენტის შემდეგ ისრაელის ტრანსპორტის მინისტრმა, მირი რეგევმა მოითხოვა ისრაელის მიმართულებით „ფლაიდუბაის“ ყველა რეისის გაუქმება. მან ასევე მოუწოდა სამოქალაქო ავიაციის უწყებას, გამოიძიოს, დაარღვია თუ არა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისრაელთან გაფორმებული საავიაციო შეთანხმება, რომლის მიხედვით, დასაშვებია მხოლოდ იმ პილოტების აყვანა, რომლებსაც ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების მქონე ქვეყნების პასპორტები აქვთ. ისრაელს ომანთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს.
შეგახსენებთ, პილოტებს შორის დაპირისპირების გამო, დუბაი-თელ ავივის რეისი საუდის არაბეთში დაჯდა. ინციდენტისას თვითმფრინავმა „უკანონო ჩარევისა“ და საგანგებო მდგომარეობის შესახებ სიგნალები გაგზავნა. მომხდარის შემდეგ თვითმფრინავი ტაბუის აეროპორტში დაეშვა. ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელში სულ უფრო მეტად განიხილავენ ვერსიას, რომ „ფლაიდუბაის“ რეისზე საგანგებო შემთხვევა ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო.