
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვერსიის თანახმად, მომავალი წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება და 1 735 ლარი ხდება. ამის შედეგად საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა ხელფასები - 8,4%-მდე, შრომის ანაზღაურების ფონდი კი 395 მილიონი ლარით გაიზრდება.
როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო კერძო სექტორში ბოლო 4 კვარტალში გაზრდილი ხელფასების შესაბამისად იზრდება და ეს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ხდება.
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, ხარჯები ძირითადად გაზრდილია შემდეგი მიმართულებებით:
ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 830 მილიონი ლარის ოდენობით, მათ შორის:
მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი გაზრდილია 555 მილიონი ლარით. კერძოდ, მოქმედი ინდექსაციის ფორმულის შესაბამისად, 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია იზრდება 60 ლარის ოდენობით და განისაზღვრება 555 ლარის ოდენობით (მაღალმთიან დასახლებებში 665 ლარს აჭარბებს), ხოლო 70 წლამდე ბენეფიციარებისთვის იზრდება 20 ლარით და 390 ლარს შეადგენს (მაღალმთიან დასახლებებში 468 ლარი);
ინდექსაციის შესაბამისად იზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გასაცემლები, რისთვისაც დამატებით გამოყოფილია 60 მილიონი ლარი;
ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 127 მილიონ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმი/ექთნის ხელფასების ზრდა;
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა გაზრდილია 26 მილიონ ლარზე მეტით;
დაგროვებითი საპენსიო სქემის დაფინანსება გაზრდილია 60 მილიონი ლარით.
განათლების ხარჯები გაზრდილია 400 მილიონი ლარით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებლების, მათი ადმინისტრაციული პერსონალისა და საბავშვო ბაღების ხელფასების ზრდა. ასევე, გათვალისწინებულია უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების დაფინანსება;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 90 მილიონი ლარით;
სპორტული ფედერაციების დაფინანსება გაზრდილია 50 მილიონი ლარით;
სხვა დანარჩენი სახელმწიფო პროგრამების და მუნიციპალური სერვისების დაფინანსება გაზრდილია 269 მილიონი ლარით;