
“ნაციონალურ მოძრაობას” არ ჩაუთვლია საჭიროდ, სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის ეთქვა, რომ საერთო აქცია ყოფილიყო პოლიტიკური პატიმრების საკითხთან დაკავშირებით , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციაა, ნებისმიერს, ვინც თვლის, რომ პოლიტპატიმრების არსებობა ქვეყანაში პრობლემაა, შეუძლია აქციას შეუერთდეს.
“ნაციონალურ მოძრაობას” არ ჩაუთვლია საჭიროდ, სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის ეთქვა, რომ ეს ყოფილიყო საერთო აქცია პოლიტიკური პატიმრების საკითხთან დაკავშირებით. ასეთი შემოთავაზება არ ყოფილა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს, ვინც თვლის, რომ პოლიტპატიმრების არსებობა ჩვენს ქვეყანაში არის ზოგადი პრობლემა, არ შეუძლია იქ მივიდეს.
როდესაც ხდება ასეთი გამოსვლები და თუ თვლის ესა თუ ის ინიციატორი პარტია, რომ ეს არის საერთო სატკივართან დაკავშირებული, მეტი კომუნიკაციის არეალი არსებობს ახლა და ასეთი კომუნიკაცია არ ყოფილა. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ აქციის მიზანიც და ამოცანაც არის სრულიად კანონიერი და იმ შემთხვევაში, თუ ბევრი ხალხი გამოხატავს პროტესტს, ეს მხოლოდ მისასალმებელია.
ალიანსი ამიტომ იყო შექმნილი, რომ ასეთი ტიპის კოორდინაცია ყოფილიყო. სამწუხაროდ იყო რამდენიმე შემთხვევა, სხვადასხვა მხრიდან თავდასხმები, რამაც ერთიანი სულისკვეთება გაანელა. როდესაც წვრილ-წვრილი, ივანიშვილის მოჯამაგირე პარტიები რაღაც მითიურ 40 მილიონზე იწყებენ ლაპარაკს, რა თქმა უნდა, შემდეგ ამ საერთო აქციების არეალი იზღუდება“, - განაცხადა წიკლაურმა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გზავნილები საზოგადოებისთვის მანამ არ იქნება საინტერესო, სანამ „ქართული ოცნების“ მხილებას არ დაიწყებს.
„მანამ, სანამ ის ლაპარაკობს საკუთარ თავზე, მისი წერილები საინტერესო არ არის. თუ ის დაიწყებს საუბარს იმაზე, რას წარმოადგენს რეალურად „ქართული ოცნება“, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომ არ არსებობს არც პარლამენტი, არც მინისტრთა კაბინეტი, რომ რეალურად ივანიშვილი იღებს ყველა გადაწყვეტილებას და ა.შ. თუ ის ამ ყველაფერზე დაიწყებს საუბარს, რა თქმა უნდა, ყურადღებას მიაქცევს ყველა“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.