
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საქართველოს საპატრიარქოში მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება - სალომე ზურაბიშვილი სვამს კითხვას, რას ნიშნავს საპატრიარქოს განცხადებაში ნახსენები “მტკივნეული რეგიონები”.
აბა ვინმემ ამიხსნას, რუსეთის დელეგაციის ვიზიტის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაში ნახსენებ “მტკივნეული რეგიონები” რას ნიშნავს.
“ინფორმაციის თანახმად, საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მტკივნეულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასა და იმ პოტენციურ გზებს, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელ მრევლს ადგილობრივ თემებთან ურთიერთობის აღდგენისა და კავშირების დამყარების შესაძლებლობას მისცემს”, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. დელეგაციას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ საპატრიარქო რეზიდენციაში უმასპინძლა.
თავდაპირველად ინფორმაცია და შეხვედრის კადრები საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნებამ" გაავრცელა.
ამის შემდეგ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმაც გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს, ასევე ყურადღება გამახვილდა "მტკივნეულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე" და იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რათა გამოინახოს გზები, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შესაძლებლობა ჰქონდეს, ადგილობრივ მრევლთან ურთიერთობა დაამყაროს.
რუსეთის საპატრიარქოს მიერ დღეს 30 სექტემბერს გავრცელებული ოფიციალური განცხადებიდან კი გამჟღავნდა, რომ საქართველოს საპატრიარქო, რუსული დელეგაციის ვიზიტს ორი დღის განმავლობაში მალავდა
რუსეთის საპატრიარქომ 30 სექტემბერს 14:17 გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში, რუსეთის საპატრიარქოს მაღალი რანგის დელეგაცია იყო და ისინი საქართველოში 28 სექტემბერს ჩამოვიდნენ. რამდენიმე საათში, უკვე საპატრიარქოს ტელევიზიამ გაავრცელა შეხვედრის ამსახველი კადრები და საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგნელის კომენტარი.
რუსეთის საპატრიარქოს პრესრელიზიდან დგინდება, რომ 28 სექტმებერს თბილისში ჩამოსულ რუს სასულიერო პირებს, დახვედრა მოუწყვეს თბილისის საერთაშორსო აეროპორტიში. 29 სექტემბერს კი იმყოფებოდნენ, გორსა და მცხეთაში.